ყვითელი ბარათების გამო მადრიდში პანიკაა. ეს არის მოურინიოს განსაკუთრებული საზრუნავი. გუნდის ოთხი ძირითადი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის მიჯნაზეა. კრიშტიანუ რონალდუს, ანხელ დი მარიას, სერხიო რამოსსა და ალბიოლს სიფრთხილე მართებთ. თუ რომელიმე მათგანი ”ბერნაბეუზე” ყვითელ ბარათს მიიღებს, ავტომატურად გამოტოვებს ”კამპ ნოუზე” მატჩს.
მოურინიო საკუთარ მახეში გაება. ყველას კარგად ახსოვს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ”აიაქსთან” გამართულ მატჩში სერხიო რამოსისა და ხაბი ალონსოს მიერ მიღებული ყვითელი ბარათების ისტორია. ფეხბურთელებს მწვრთნელის მიერ დავალება ჰქონდათ მიღებული, რომ გაფრთხილებები მიეღოთ და გათამაშების მომდევნო ეტაპი სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ. თუმცა სცენა უღიმღამოდ იქნა დადგმული. შედეგად ფეხბურთელებსა და მწვრთნელს დისკვალიფიკაცია მიანიჭეს, ჯარიმა დაარიცხეს და სიტყვიერადაც გააფრთხილეს. ამიტომ მოურინიოს შეგირდებმა ვეღარ შეძლეს ყვითელი ბარათებისგან გაეთავისუფლებიათ თავი ”ტოტენჰემთან” მატჩში. ერთადერთი, ვინც ლონდონში გაფრთხილება მიიღო და ”ბერნაბეუზე” მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს არის კარვალიო.
მოურინიომ კარგად იცის, რომ ფინალისტის ვინაობა ”კამპ ნოუზე” გაირკვევა, ამიტომ მან ფეხბურთელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. ”თეთრებმა” განაცხადეს, რომ ”ბარსელონასთან” მატჩში არ იფიქრებენ ყვითელ ბარათებზე, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება მოედანზე. მადრიდში ისიც იციან, რომ ”უეფას” მსაჯები გაფრთხილებას მხოლოდ წესების შესაბამისად იძლევია, ამიტომ ყვითელი ბარათების გასაჩივრება ფაქტიურად გამორიცხულია.
”ლურჯ-ბროწეულისფერთა” გულშემატკივრების სასიკეთოდ გეტყვით, რომ ”ბარსელონას” ფეხბურთელებს მსგავსი საშიშროება არ ელით. გუნდი სუფთაა ყვითელი ბარათებისგან.
