კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ თავისი აზრი გამოთქვა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩის შესახებ, სადაც ერთმანეთს “რეალი” და “ბარსა” დაუპირისპირდნენ (1:1). ტიტიმ ასევე ისაუბრა მოახლოვებულ ესპანეთის თასის ფინალზეც.
“რეალის” არაპატივისცემაში არ ჩამომართვათ, მაგრამ მათ ამ თამაშს “დიდს” ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ეს არ იყო ბრწყინვალე დაპირისპირება მადრიდელთა მხრიდან. “ბარსელონამ”, როგორც ყოველთვის, ჩვეულ სტილში შემტევი ფეხბურთი ითამაშა. რაც შეეხება ესპანეთის თასის ფინალს, სწორედ ოთხშაბათს გაიმართება ნამდვილი ბრძოლა; ისეთი, როგორიც “ელ კლასიკოს” შეეფერება და ეკადრება. ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოლებს ტიტულის მოსაპოვებლად. მძიმე სათქმელია საბოლოოდ რომელს დარჩება ჩემპიონობა, მაგრამ მე რა თქმა უნდა მთელი გულით “ბარსას” ვუქომაგებ.” –განაცხადა ანრიმ.
შეგახსენებთ, რომ “King Henry”–მ “ლურჯ–ბროწეულისფერი” მაისური 3 წლის მანძილზე ატარა, ჩაატარა 121 მატჩი, გაიტანა 49 გოლი და გააკეთა 26 საგოლე გადაცემა. მან ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა ერთ სეზონში 6 თასის მოპოვებაში.
