ბლაუგრანას შეუძლია ერთადერთი კლუბი გახდეს პრიმერას ისტორიაში, რომელმაც გათამაშებაში მხოლოდ ერთი მარცხი იწვნია და 99 ქულას მოუყარა თავი – ორივე მაჩვენებელი ხომ სარეკორდოა.
ყველა ამ წინაპირობამ, “ვალიადოლიდთან” გამარჯვებას უნდა შეუწყოს ხელი, რითაც გვარდიოლა საბოლოოდ დაიპყრობს საფეხბურთო ევერესტს.

ის რაც წინა კვირას სევილიაში მოხდა, გაკვეთილი უნდა იყოს “ბარსელონასთვის”. 3:0-ზე გვარდიოლას შეგირდებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და ბოლო 20 წუთი თვითონაც გვარიანად ინერვიულეს და ჩვენც მაგრად აგვაღელვეს.
პეპმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე კარგად თქვა, კლემენტეს გუნდის შეუფასებლობა დიდი შეცდომა იქნება, ჩემპიონები შეიძლება 10 საათზე გავხდეთ და არა შვიდზეო. კასტილიელთა დამარცხება მხოლოდ თავგანწირული თამაშითაა შესაძლებელი. მადრიდისკენ ყურადღების გადატანა არას გვარგებს, იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ “მალაგასთან” “რეალი” რას იზამს, არამედ იმაზე, რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა.
ბიჭებმა მხოლოდ თავიანთ თამაშზე უნდა მოახდინონ კონცენტრაცია და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვონ. დარწმუნებული ვარ, “ნოუ კამპზე” გულშემატკივრები არა დაძაბულ, არამედ ლაღ და შემტევ ფეხბურთს იხილავენ, რომელმაც ბლაუგრანას უკვე არაერთი ტიტული მოუტანა.

“ბარსელონას” პრეზიდენტი იმსახურებს “ლა ლიგის” ოქროს მედლებს. ეს მისი საპრეზიდენტო კარიერის შესაფერისი დასასრული იქნება. დონ ჟუანი, ალბათ ბლაუგრანას ყველა დროის საუკეთესო პრეზიდენტია, რომელსაც ზურგს 7 წლიანი წარმატებული ეპოქა უმაგრებს.
2003 წელს ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ ეს კაცი 12 ჯილდოთი შეავსებდა ბლაუგრანას მუზეუმს. საუბარი გაბედულ და მამაც ადამიანზეა, რომელსაც მხარდამჭერიც ბევრი ჰყავდა და გამკრიტიკებელიც, მაგრამ პირველ რიგში ლაპორტა კულეებს იმიტომ ემახსოვრებათ, რომ მან “ბარსელონა” მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემ და ცნობილ კლუბად აქცია.
www.sport.es
