სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა “F” ჯგუფის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა, სადაც ქართველები მონაწილეობდნენ. “ჯვაროსნებმა”, საკუთარ მოედანზე, ხორვატიას სძლიეს 1:0.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავიდან, უპირატესობას ხორვატები ფლობდნენ, შემდეგ, თამაში გათანაბრდა, მატჩის მიწურულს კი, ქართველები უტევდნენ სახიფათოდ. ერთ–ერთი ასეთი შეტევის დროს, შეცვლაზე შემოსულმა მარცვალაძემ, მეტოქის საჯარიმოში ფეხბურთელი მოატყუა და გადაცემა გაუკეთა ქართველთა ათიანს, ლევან კობიაშვილს, რომელმაც ბურთი კარში გადაგზავნა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა თავის ნაკრებს.
ჯგუფში ლიდერი კვლავ ხორვატიაა 10 ქულით, მეორეზე საქართველომ გადაინაცვლა – 9 ქულით, მესამე პოზიციაზე საბერძნეთია, მაგრამ ბერძნები თავის შეხვედრას მოგვიანებით ჩაატარებენ, ევრო – 2004 – ის ტრიუმფატორებს აქვთ შანსი გახდნენ ჯგუფის ლიდერები.
მართალია, ეს ს.კ. “ბარსელონას” ვებ–გვერდია, მაგრამ ჩვენ, უპირველესად, ქართველები ვართ და ჩვენ ბიჭებს უნდა ვქომაგობდეთ, რომლებმაც დღეს მართლაც რომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს – მათ ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი დაამარცხეს, გუნდი, რომელიც “ფიფას” რეიტინგში მე–8 პოზიციას იკავებს. თითოეულ ჩვენგანს ეს გამაჯრვება ასეთ ბრწყინვალე გუნდზე გაუხარდებოდა, ამიტომაც, ყველას გილოცავთ ასეთ გამარჯვებას და ეს ქართული ფეხბურთის აღმავლობის დასაწყისი ყოფილიყოს. ჩვენ გვჯერა ჩვენი ბიჭებისა და მწვრთნელის !
