მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უყურადღებობა, რომელიც “ბარსელონაზე” დადებითად მოქმედებს

უყურადღებობა, რომელიც “ბარსელონაზე” დადებითად მოქმედებს

ლუის ენრიკეს “ბარსელონური” კარიერის წარუმატებელმა დასასრულმა კლუბში კარდინალური რეფორმები გამოიწვია – სამწვრთნელო შტაბი შეიცვალა, გუნდს უამრავი ახალი მოთამაშე ეწვია და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ნეიმარი დააკლდა. საფეხბურთო სამყაროში კვლავ გაჟღერდა აქამდე უკვე არაერთხელ მოსმენილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ კატალონიელთა ვარსკვლავი ჩაქრა, თუმცა ამასთან დაკავშირებით, წყალგაუვალი სიმართლე ტერ შტეგენმა ჯერ კიდევ “პარი სენ-ჟერმენთან” გამართული ისტორიული დაპირისპირების (6:1) მსვლელობისას წარმოთქვა: “ბლაუგრანა” არასდროს მოკვდება!

მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნაკლებად სახელგანთქმული სპეციალისტი დაინიშნა, თუმცა გუნდის სტაჟიანი ქომაგისთვის სიახლე სულაც არ არის, რომ “კამპ ნოუზე” ვარსკვლავებად ყალიბდებიან – ისინი არ მოდიან. “ბარსელონას” ძლიერების ეპოქის დასასრულის შესახებ გავრცელებული მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა ესპანეთის სუპერ თასის ფინალში მადრიდის “რეალთან” ჩავარდნამ – ერნესტო ვალვერდეს კოლექტივი 1:3, 0:2 დამარცხდა.

ეროვნულ ტურნირზე განცდილი კრახის შემდეგ, “ჭიანჭველად” წოდებულმა ბასკმა სპეციალისტმა სხვა ესპანურ კლუბებში მიღებულ გამოცდილებას უხმო და “ბარსელონას” ქომაგებს ყველაზე არაპროგნოზირებადი სცენარი შესთავაზა, რომელსაც ლაკონურად, ყოვლისმეტყველი სტატისტიკის სახით გადმოგცემთ: ერთადერთი მარცხი 45 შეხვედრაში, 34 გამარჯვება, 10 ფრე, 104 გატანილი გოლი და 17 გაშვებული (ყველა ტურნირზე).

ახალწვეულთა მაღალი დონის გამოსვლებმა, მეკარის საიმედოობამ, დაცვის ხაზის რადიკალურმა გაუმჯობესებამ, ნახევარდაცვის ეფექტურობამ და შედეგიანობის უცვლელობამ ქომაგები დაარწმუნა იმაში, რომ “ბარსელონა” ევროპის წამყვან გუნდთა სიიდან არ გამქრალა. მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მთავარი პრეტენდენტის წოდება მაინც ვერ დაიბრუნეს, რასაც საზოგადოების ცვალებადი აზრი ადასტურებს.

ალ ხელაიფის მიერ განხორციელებულმა მეგატრანსფერებმა სეზონის სტარტზე ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტის სტატუსი “პარი სენ-ჟერმენს” არგუნა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საფრანგეთის ჩემპიონები ხალხს ამ მოსაზრების სისწორეში არწმუნებდნენ, მაგრამ უნაი ემერის კოლექტივმა ყველაზე სერიოზული გამოცდა ვერ ჩააბარა – პარიზელებმა ევროტურნირი მერვედფინალში დატოვეს. ისინი მადრიდის “რეალთან” ორი მატჩის ჯამში 2:5 დამარცხდნენ.

ჩემპიონთა ლიგიდან პარიზელთა გავარდნის შემდეგ, საზოგადოების რჩეული ტურნირის 12-გზის გამარჯვებულ მადრიდის “რეალთან” ერთად “მანჩესტერ სიტი” გახდა. ამ ეტაპზე, ორივე გუნდი ქომაგთა მოლოდინს ამართლებს და ევროასპარეზზე შესანიშნავ შედეგს აჩვენებს.

საზოგადოება “ბარსელონას” ტურნირის უდავო ფავორიტად არ მოიაზრებს, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სწორედ ერნესტო ვალვერდეს კოლექტივს აქვს საუკეთესო შედეგი ევროპაში – კატალონიელები ეროვნულ ჩემპიონატში დაუმარცხებლად გამოდიან, ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ითამაშებენ და ჩემპიონთა ლიგის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ.

მიმდინარე სეზონში “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” იტალიისა და ინგლისის ჩემპიონები, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულთან ერთად 3:0 დაამარცხეს. აგრეთვე, მათ ლა ლიგის ტიტულის მთავარ კონკურენტს, “ატლეტიკოს” სძლიეს (1:0).

ფავორიტად შერაცხული “პარი სენ-ჟერმენისგან” განსხვავებით, “ბარსელონა” თავის ძლიერებას მოედანზე ნაჩვენები თამაშით ამტკიცებს და ამ დროისთვის, ყველა სერიოზულ გამოცდას წარმატებით აბარებს. ქვეყნის პირველობის მოპოვებამდე ერნესტო ვალვერდეს კოლექტივს 10 შეხვედრა აშორებს, სამეფო თასის ტიტულის აღმართვისთვის გადამწყვეტი მატჩის ჩატარებაა საჭირო, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასასვლელად კი კატალონიელებს “რომას” ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

სასურველი შედეგის მიღწევა იოლდება, როდესაც შენზე ნაკლებ ზეწოლასა და მოლოდის ამყარებენ. “ბარსელონა” ისე მშვიდად და სპეტაკად მიიწევს ტრიპლეტისკენ, როგორი გამომეტყველებაც ერნესტო ვალვერდეს თავისი გუნდის შეხვედრის მსვლელობისას აქვს ხოლმე. ვინც იცის, იქნებ, საზოგადოების მიერ “ჩამოწერილი” “ბლაუგრანა” ევროპაში კვლავ გაბატონდეს…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (9)

  • Zura88
    schedule 17 მარ 2018, 21:59

    საღოლ ავტორ, მაგარი სტატია გააძრე….ბარსა ტრებლს მოიგებს წელს ასე მგონია.ვალვერდე უემოციო კაცია მაგრაგ,უდიდესი პროფესიონალი.მალე დაუფასდება კიდეც

  • grizmann
    schedule 17 მარ 2018, 21:46

    შოთა ბრუნდება

  • messi and iniesta
    schedule 17 მარ 2018, 19:40

    მაარ სტატია არის

  • ANRIBARCA
    schedule 17 მარ 2018, 18:05

    არარი რობერტო მარჯვენა მცველი და მოკალით, ძაან ბევრ შეცდომას უშვებს დაცვაშI, ჩელსისთანაც რამდენჯერ ჩავარდა მარჯვენა ფლანგი, დმებელმ გადაგვარჩIნა და პიკემ 2 ჯერ.,

  • neo222
    schedule 17 მარ 2018, 17:50

    შოთა ბრავო, კაი იყო სისტემური ანალიზი

  • MisterD
    schedule 17 მარ 2018, 17:24

    კარგი სტატიაა ვისიამოვნე

  • Sergi roberto20 10
    schedule 17 მარ 2018, 17:11

    Força barça midi bichebo trepli unda davdot

  • basa7
    schedule 17 მარ 2018, 16:55

    გადასარევი სტატიაა

  • maclai
    schedule 17 მარ 2018, 16:37

    ყოჩაღ შოთა კარგი სტატიაა!