სენსაციებისა და მოულოდნელობების გარეშე…

სენსაციებისა და მოულოდნელობების გარეშე…

გუშინდელი დღე მოულოდნელობებითა და სენსაციებით იყო აღსავსე. ამ მოულოდნელობებითა და სენსაციებით აღსავსე დღის მთავარი გმირები “ნიუკასლ იუნაიტედი” და “არსენალი” გახლდათ. მეორე ხარისხოვან როლებს კი “ვუვლერჰემპტონი” – “მანჩესტერ იუნაიტედის”, “კიოლნი” – “ბაიერნის”, “გლადბახი” – “შტუტგარტისა” და “ალმერია” – “ესპანიოლის” შეხვედრები ინაწილებდნენ…

გუშინდელი დღის მთავარ გმირებად შერაცხული გუნდების დაპირისპირება, დიდ ხანს თუ არა, სამუდამოდ ემახსოვრება ფეხბურთის გულშემატკივარს. ასეთი რამ ინგლისის “პრემიერ ლიგაში” პირველად მოხდა. “ნიუკასლ იუნაიტედმა” მოახერხა და პირველ ტაიმში, 4 გაშვებული გოლის შემდეგ მეორე ტაიმში, 5 გოლი გაიტანა. 5 კი გაიტანა, მაგრამ გვერდითა არბიტრის წყალობით მხოლოდ 4 ჩაითვალა და შეხვედრა ფრედ, 4–4 დასრულდა. ამავე ჩემპიონატში კიდევ ერთი პატარა სენსაციის მომსწრენნი გავხდით, რომლის ავტორიც “ვუვერჰემპტონი” გახლდათ. მათ მოახერხეს და საკუთარ მოედანზე, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” ანგარიშით, 0–1–ს აგებდნენ, 2–ჯერ გაახარეს საკუთარი გუნდის გულშემატკივრები და “წითელი ეშმაკუნები” შინ ნული ქულით გაუშვეს.

არანაკლებ მოულოდნელობებით აღსავსე იყო “ბუნდესლიგაც”. მთავარი მოვლენა ალბათ “კიოლნისა” და “ბაიერნის” დაპირისპირება გახლდათ. მასპინძელმა გუნდმა მოახერხა და ლუი ვან გაალის შეგირდების მიერ გატანილ 2 გოლს 3 გატანილი გოლით უპასუხა. მეორე დაპირისპირება, რომელმაც ჩემი ყურადღება დაიმსახურა, არის “გლადბახი” – “შტუტგარტი”. მასპინძლებმა 29–ე და 32–ე წუთზე მოახერხეს და გოლები გაიტანეს, მაგრამ აქ ყველაფერი დამთავრებული არ იყო. მეორე ტაიმში “შტუტგარტის” ფეხბურთელებმა ძალების მოზღვავება იგრძნეს და მასპინძლები 3 გოლით დაასაჩუქრეს.

ახლა ესპანეთში გადმოვინაცვლოთ და ნელ–ნელა კატალონიასაც მივუახლოვდეთ. აქ ყველაზე საყურადღებო შეხვედრა “ალმერისა” და “ესპანიოლს” შორის გაიმართა. ალმერიელები ცხრილის ბოლოში არიან დაბანაკებულნი, ხოლო კატალონიური “ესპანიოლი” ამ დროისთვის საუკეთესო 6–ეულის ღირსეული წევრია. “ალმერის” იმ ცნობილი განცდილი მარცხების შემდეგ კატალონიელებზე ჯავრი იყარეს, ოღონდ სხვა კატალონიელებზე. “ესპანიოლი” მათ ანგარიშით, 3–2 დაამარცხეს.

ამ დაპირისპირებების შემყურე ალბათ ბევრ, ძალიან ბევრ ადამიანსა, თუ არაადამიანს, მადრიდელს, თუ თბილისელს, “ატლეტიკო მადრიდის” გულშემატკივარსა, თუ ჟოზე მაურინიოს გულშემატკივარს, იმის იმედი გაუჩნდა, რომ კიკე სანჩეს ფლორესი გვარდიოლას “ბარსელონას” დამარცხებას, თუ არა, შეხვედრის ფრედ დასრულებას მაინც შეძებდა და თუ ფრედ დასრულებას არა, მაშინ ერთბურთიანი სხვაობით დამარცხებას მაინც, მაგრამ მაშინ ალბათ არავის ახსოვდა, თუ რას წარმოადგენდა “ბარსელონა”, თორემ აბა ასეთი ილუზიების შექმნას დიდი ნიჭი ჭირდება, რომელიც ბევრ ჩვენთაგანს არ გააჩნია, ან გააჩნია და იმის უნარი არ აქვს, რომ გამოიყენოს.

ეს მატჩამდე, ხოლო ღამის პირველს საათზე ყველაფერი დაიწყო. დაიწყო ნიჭიერ მეოცნებეთა ოცნებების მსხვრევა და დე ხეას კარის ბადის შეწუხება. დაიწყო ვალდესმა თავის თავთან საუბარი. დაიწყო აბიდალმა ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში და ხალხის გაოცება. დაიწყო ჩავიმ თავისი გენიალური გადაცემების გაკეთბა და დაიწყო მესიმაც … და თან რა დაიწყო…

6 თებერვალი, 00:17 საათი

ქალაქი – ბარსელონა

სტადიონი – “ნოუ კამპი”

ანგარიში – 1:0

პირველი გოლი გავიდა, მაგრამ კატალონიელები რის კატალონიელები იქნებოდნენ ტრადიცია, რომ არ გაეგრძელებინათ და მხოლოდ საკუთარ მოედანზე ბურთაობით დაკმაყოფილებულიყვნენ?.. მათ განაგრძეს შეტევები, განაგრძეს, განაგრძეს და საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ მადრიდელებსაც გაუგრძელებიათ მწუხრება.

6 თებერვალი, 00:28 საათი

ქალაქი – ბარსელონა

სტადიონი – “ნოუ კამპი”

ანგარიში – 2:0

“ბარსას” კიდევ ერთი ლამაზი კომბინაციისა და მესის მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ კატალონიელები არ წყვეტდნენ ჩვეულ შეტევებს, ხოლო მადრიდელები ჩვეულ დაცვას და ამ ჩვევებთან ერთად გავიდა დროც და დასრულა პირველი, დინამიური, სანახაობრივი ტაიმიც. წინ მეორე ტაიმი იყო. მეორე ტაიმი, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეცვალა. მართალია მერიდას ნაცვლად მოედანზე ფორლანი შემოვიდა, მაგრამ განა ეს რამეს უშველიდა ლეო მესის?.. განა ეს შეაშინებდა ერიკ აბიდალს?.. ვერა, ვერ უშველიდა და ვერც შეაშინებდა. ტემპი დავარდა, ანგარიშიც არ შეცვლილა და მესიმაც შეძლო მესამე გოლის გატანა, ოღონდ ამჯერად უჩვეულოდ, თითქმის ცარიელ კარში.

6 თებერვალი, 01:34 საათი

ქალქი – ბარსელონა

სტადიონი – “ნოუ კამპი”

ანგარიში – 3:0

ჰეტ–ტრიკი – ლეო მესი

მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა. კატალონიელები მაინც და მაინც თავს არ იკლავდნენ, სანამ პეპი რამდენიმე ცვლილებას არ განახორციელებდა. მოედანზე კეიტა, აფელაი და ბოიან კრკიჩი შემოვიდნენ, მაგრამ ამჯერად შეტევების წამოწყებას ძირითადად სტუმრები იწყებდნენ და ბოიანამდე ბურთი სწორედ ამის გამო ვერა და ვერ აღწევდა. სამაგიეროდ აქტიურად გამოიყურებოდნენ აფელაი და კეიტა.

მატჩის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო ერიკ აბიდალი და რომ არა მესი, ჩემი აზრით, საუკეთესოდ სწორედ ის უნდა დასახეებულიყო. მალე შესაძლოა მან ძირითადიდან კარლეს პუიოლიც კი ამოაგდოს და პიკეს გვერდი დაუმშვენოს. საფრთხე ემუქრება ბრაზილიელ მაქსველსაც. მას კონკურენტის სახით ლეო მესი გამოუჩნდა. ასე, რომ ნუღარ დავეძებთ მარცხენა მცველს, ჩვენ ხომ მესი გვყავს…

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ კატალონიელებს ბოლო 5 შეხვედრაა საკუთარ კარში ბურთ არ გაუშვიათ. ამ ხუთი შეხვედრიდან 4–ჯერ ანგარიშით, 3:0 გაიმარჯვეს, ხოლო ერთხელ – 5:0. ასევე შეგახსენებთ, რომ “მესის ბარსამ” მოახერხა და დაამხო რა ნახევარი საუკუნის წინ, “დი სტეფანოს მადრიდის” მიერ დამყარებული რეკორდი. კატალინიელებმა “პრიმერაში” ზედიზედ მეთექვსმეტე შეხვედრა მოიგეს. 16 ოქტომბრიდან მათ ქულაც კი არ დაუკარგავთ, რაც ძალზედ საოცარი შედეგია.

კატალონიელები კვლავ იგებენ, კატალონიელები კვლავ უსწრებენ სხვებს და კატალონიელები კვლავ მშვიდად და აუღელვებლად ელოდებიან სხვა გუნდების შედეგებს … ხოლო ის “სხვები” კვლავ იქმნიან ილუზიებს…

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია