კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა, ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა “ბლაუგრანასა” და მადრიდული კლუბის, “რეალის” სათამაშო სტილზე, რომლებიც ერთმანეთს 20 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში დაუპირისპირდებიან.
“ბარსელონას” ნახევარდაცვის ბურჯის თქმით, ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს ორ საუკეთესო გუნდზე, რომელთა ფეხბურთის სათამაშო სტილი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან.
“თუ ჩვენ შევადარებთ ამ ორ გუნდს ერთმანეთს, მივხვდებით, რომ “მადრიდის რეალს” ჯერ არ უთამაშია იმ დონეზე, რომელსაც “ბარსელონა” ამჟამად თამაშობს. ამის მიუხედავად, მადრიდელთა თამაშის სტილი მაინც აღსანიშნავია. ისინი ცდილობენ მოწინააღმდეგეთა კარს მიუახლოვდნენ მაღალი სიჩქარით. გარდა ამისა, მათ გუნდში ჰყავთ საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელები” – განაცხადა ჩავი ერნანდესმა “MARCA”-სთან ინტერვიუში.
