დღეს “ბარსელონას” ფეხბურთელები ალმერიაში ჩაფრინდნენ, სადაც თბილისის დროით, 23 საათზე “სამეფო თასის” ნახევარ–ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას ადგილობრივი “ალმერიას” წინააღმდეგ გამართავენ…
კლუბს ალმერიამდე ჩასაღწევად დაახლოებით 1 საათი დაჭირდათ. ისინი ბარსელონადან ესპანეთის დროით, 10 საათსა და 30 წუთზე გავიდნენ და “სამეფო თასის” ნახევარ–ფინალის მეტოქის ქალაქში დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე იყვნენ. პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ტიაგო ალკანტარამ და ნოლიტომ იმგზავრეს. მგზავრობის ერთ–ერთი მთავარი “გმირი” კი ხერარდ პიკე გახლდათ, რომელსაც დღეს 24 წელი შეუსრულდა.
“ბარსელონას” დელეგაცია პრეზიდენტი სანდრო როსელის, ხორდი მოიხის, პილარ გვინოვარტისა და მანელ აროიოსგან შედგებოდა. მათ ტრადიციულად თან ახლდათ კლუბის სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა.
აეროპორტში კატალონიელებს 12 გრადუსიანი ამინდი და 200 კაციანი გულშემატკივართა არმია დახვდათ. სასტუმროში დასვეებისა და მცირე ვარჯიშის შემდეგ კი მათ ნახევარ–ფინალის განმეორებითი შეხვედრა ელით. ეს თბილისის დროით, 23 საათზე “მედიტერანეოს” სტადიონზე მოხდება. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება კატალონიელთა სასარგებლოდ ანგარიშით, 5–0 დასრულდა.

