ფილიპე კოუტინიო “ბარსელონას” სულ უფრო და უფრო უახლოვდება. ESPN-ს თანახმად, 222 მილიონი ევროს მიღების შემდეგ ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური გახდა. ამ თანხიდან 100 “ენფილდზე” გაემგზავრება და “ლივერპულის” 10-იანიც მალე ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმას მოირგებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მერსესაიდელები კოუტინიოს შემცვლელს ეძებენ და ერთ-ერთი პრიორიტეტი “ვესტ ჰემის” 24 წლის არგენტინელი ფეხბურთელი, მანუელ ლანსინია.
“ბარსელონაში” კი სჯერათ, რომ კოუტინიო მათთან ძალიან ახლოსაა – განსაკუთრებით ინგლისში კლუბის წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ. კოუტინიოს “ატლეტიკთან” მატჩში მონაწილეობა არ მიუღია და რამდენიმე დღის წინ კლუბს მისი დატოვებისა და “ბარსაში” წასვლის სურვილიც ამცნო. ამის შემდეგ, კლუბების ხელმძღვანელები პირობების განსახილველად ერთმანეთს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს ოპერაცია შესაძლოა ინგლისური ფეხბურთის რეკორდი იყოს.
ESPN იმასაც გვამცნობს, რომ კატალონიელებმა საბოლოო დასტური შაბათს მიიღეს და მათი აზრით, პოლ პოგბას სიტუაციის მსგავსად, ეს ტრანსფერიც 100 მილიონი ევრო უნდა დაჯდეს.
კოუტინიო შესაძლოა 3-დან პირველი ტრანსფერი იყოს. “ბარსელონა” “სოსიედადის” მცველ ინიგო მარტინესთან და “დორტმუნდის” შემტევ უსმან დემბელესთანაც ახლოსაა. კატალონიელების მიზანია, სამივე ტრანსფერი ესპანეთის სუპერ თასამდე გაოფიციალურდეს, რომლის პირველი შეხვედრა 13 აგვისტოს გაიმართება.


