მთელი ზაფხულის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატალონიელები გუნდიდან არდა თურანის გაშვებას აპირებდნენ, თუმცა თურქი ფეხბურთელი წასვლასთან დაკავშირებით თავიდანვე უარზე იყო, თანაც მან ბოლო დროს მოუმატა და დიდი ალბათობით “ბარსაში” დარჩება.
“ბარსელონას” საკმაოდ ბევრი ნახევარმცველი ჰყავს და სწორედ რომელიმე მათგანის გაყიდვით აპირებს წელს გუნდი ფულის აღებას. არის საუბარი როგორც არდა თურანის, ისე რაფინიას გაყიდვაზეც, მაგრამ, ჯერჯერობით, ორივე მათგანი გუნდში რჩება.
დღეს კი, გამოცემა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის სოლიდურ ფასად გაყიდვასაც “ბარსელონა” ამ ზაფხულში შეეცდება, ანდრე გომეშია. კატალონიელებმა გასულ სეზონში გომეში საკმაოდ ძვირად შეიძინეს, თუმცა მან იმედები ვერ გაამართლა. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ “კამპ ნოუმდე” პორტუგალიელი ფეხბურთელი “ვალენსიაში” შესანიშნავად გამოიყურებოდა და არაა გამორიცხული, შარშანდელი ჩავარდნა მხოლოდ ადაპტაციის ბრალი ყოფილიყო და გომეში მომდევნო სეზონში უკეთესად ათამაშდეს.
თავად ფეხბურთელს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
