კატალონიის “ბარსელონამ” სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა 2017/2018 წლების სეზონის პირველი ტრანსფერი, გუნდმა მერსესაიდული “ევერტონიდან” ჟერარ დეულოფეუ დაიბრუნა.
მოგეხსენებათ, რომ 23 წლის ესპანელი კატალონიური კლუბის აღზრდილია და 2015 წლიდან ის “ევერტონის” საკუთრებაში იყო, მის კონტრაქტში კი გამოსყიდვის პუნქტი იყო გაწერილი.
“ბარსელონას” დეულოფეუს ტრანსფერი 12 მილიონი ევრო დაუჯდა, ფეხბურთელი გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც 2019 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი.
დეულოფეუ “ბლაუგრანას” 2003-2015 წლებში ეკუთვნოდა, 2013/2014 სეზონში იგი იჯარის წესით “ევერტონში” იყო განათხოვრებული, 2014/2015-ში კი – “სევილიაში”, 2015 წელს ის ლივერპულელებმა შეიძინეს, გასულ სეზონში ესპანელი იჯარით “მილანში” გამოდიოდა.


