workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
წყალბურთელი, რომელიც “ბარსელონას” წარმატების უკან დგას

წყალბურთელი, რომელიც “ბარსელონას” წარმატების უკან დგას

2008 წლის ზაფხულში, “ბარსელონა ბ”-ს მთავარი მწვრთნელი, კატალონიელთა ლეგენდარული კაპიტანი პეპ გვარდიოლა სათავეში პირველ გუნდს ჩაუდგა. ამის შემდეგ, გვარდიოლას საფეხბურთო მოდელმა მთელი მსოფლიო დაიპყრო.

ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, ესპანურ და ევროპულ ფეხბურთში მოღვაწე ბევრი ადამიანის აზრით, სარისკო იყო. პეპს, პირველ გუნდში გადაყვანამდე, მწვრთნელობის ერთ წელზე მცირე გამოცდილება ჰქონდა.

პრესკონფერენციაზე, რომელზეც მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გვარდიოლას დანიშვნის ინფორმაცია გაავრცელა, ფრანკ რაიკარდის ერის დასასრულზე ისაუბრა და მას შეფასება გაუკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ პეპის დანიშვნა “საფეხბურთო ფილოსოფიის გაგრძელების გარანტიაა” იმ კლუბში, რომელიც კრიზის შემდეგ აღმავლობის საწყის ნაბიჯებს დგამდა.

დანიშნა რა მთავარ მწვრთნელად “ბარსელონას” დნმ-ის მქონე ადამიანი, ლაპორტა საუბრობდა მის თავდაჯერებულობაზე, ცოდნასა და მზადყოფნაზე. პრეზიდენტმა მწვრთნელზე დიდი ავანსები გასცა.

გვარდიოლამ კი პირველ გუნდში მუშაობა იმით დაიწყო, რომ გაუშვა რაიკარდის ერის მთავარი შემოქმედები, რონალდინიო და დეკუ, რასაც, ერთი წლის შემდეგ, ეტოოც მიაყოლა.

0:1 მარცხი პირველ ტურში, უგოლო ფრე მეორეში… შემდეგ კი მოგებათა სერია დაიწყო, რაც სეზონის სამივე ტიტულის მოგებით დასრულდა. ეს ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველი ტრიპლეტი იყო. პეპის შედეგები “ბარსელონას” პირველ გუნდში მუშაობის დროს: მოგების პროცენტი 72 (179 მოგება 247-დან).

ლაპორტასთან ერთად, რაიკარდის გუნდიდან გაშვებისა და მის ნაცვლად გვარდიოლას დანიშვნის ერთ-ერთი ინიციატორი “ბარსას” კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, იმ დროს კლუბის სპორტულ დირექტორად მომუშავე ჩიკი ბეგირისტაინი იყო. 2012 წლის ოქტომბერში, ის “მანჩესტერ სიტის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მოგვიანებით კი, მან პეპი “ქალაქელებში” მიიწვია. საინტერესო ფაქტი: 2003 წელს, “ბარსელონას” საპრზიდენტო არჩევნებში, ბეგირისტაინი მხარს ლაპორტას უჭერდა, პეპი კი – მის კონკურენტს, ლუის ბასატს.

“ბარსელონაში” გვარდიოლას მუშაობის დროს, ყველა ხედავდა, როგორ ეხმარებოდნენ მას ბეგირისტაინი და ტიტო ვილანოვა. თუმცა, ცოტამ თუ იცოდა, რომ “ბეტმენის” ნამდვილი “რობინი” სულ სხვა ადამიანი იყო. მას არ აქვს საფეხბურთო არც წარსული და არც განათლება. თუმცა, ბურთთან ურთიერთობა მან იცის. პეპისგან განსხვავებით, ის ბურთს ვირტუოზულად არა ფეხით, არამედ ხელით ფლობს, თან არა მოედანზე, არამედ წყალში. ეს მანელ ესტიარტეა.

ამჟამად გვარდიოლას პირადი ასისტენტი, “ბარსელონაში”, გუნდის შიდა სამზარეულოზე აგებდა პასუხს. ის გვარდიოლას ჯერ “ბაიერნში”, შემდეგ კი “სიტიში” გაჰყვა. სწორედ მას ევალება გუნდში გვარდიოლას საფეხბურთო ტაქტიკის საწყისების დანერგვა. ესტიარტე პეპს ასევე ეხმარება ფეხბურთელებთან და კლუბის მმართველ პირებთან ურთიერთობაში. თავად გვარდიოლას სიტყვებით, ის ამ როლს ბრწყინვალედ ასრულებს.

გარდა იმ რეგიონისა, სადაც გვარდიოლა და ესტიარტე დაიბადნენ (მანრესე), მათ გამარჯვების წყურვილიც აერთიანებდათ. ესტიარტემ, წყალბურთში, ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ის ესპანეთის ნაკრების მიერ ოლიმპიადის მოგების მთავარი შემოქმედია და გარდა ამისა, ესპანელ სპორტსმენებს შორის (იგულისხმება სპორტის ყველა სახეობა), რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების მიხედვითა და ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიხედვითაც.

მანელ ესტიარტემ სპორტული კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. ესპანეთის ნაკრებში მან 570-ზე მეტი თამაში ჩაატარა და 1500-ზე მეტი ქულა მოაგროვა. ეს ნიშნავს, რომ მისი “დიდების დარბაზი” გვარდიოლასას სჯობს (როგორც ფეხბურთელსაც და როგორც მწვრთნელსაც).

ორივე მათგანს აქვს მოგებული მედალი, რომელიც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

1992 წელს, ბარსელონაში გამართული ოლიმპიური თამაშების დროს, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა, რომელშიც გვარდიოლაც თამაშობდა, ოქროს მედლები მოიპოვა. ფეხბურთის გუნდის მიერ ფინალური თამაშის მოგების მეორე დღეს, ესპანეთის წყალბურთის ნაკრები, ასევე ფინალში, იტალიასთან დამარცხდა. თამაშის ბედი მე-3 დამატებით ტაიმში გადაწყდა, როდესაც ესპანეთის ნაკრების მოთამაშის დარტყმა ძელმა მოიგერია. თუმცა, გავიდა 4 წელი და ესტიარტემ ოლიმპიური ოქროს მედალი მაინც აიღო – ატლანტას 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.

ესტიარტეს ტიტულების ჩამონათვალი შტამბეჭდავია: 5 ესპანეთის ჩემპიონატი, 4 იტალიის ჩემპიონატი, 2 ევროპის თასი, 3 თასების მფლობელთა თასი, 4 ევროპის სუპერ თასი და კიდევ ბევრი სხვა. მან მონაწილეობა 6 ოლიმპიადაში მიიღო (1980, 1984, 1988, 1992, 1996, 2000). პირველ ოთხ მათგანში ის საუკეთესო ბომბარდირი იყო. 1990 და 1994 წლებში, ესტიარტე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა. კატალონიელი წყალბურთელი არც ინდივიდუალური ჯილდოების ნაკლებობას უჩიოდა – წლის საუკეთესო მოთამაშედ ის, არც მეტი, არც ნაკლები, 7-ჯერ დასახელდა. სპორტის სახეობაში, სადაც გამძლეობა და ფიზიკური მონაცემები დომინირებს, ესრიატეს ინტელექტი სხვებიგან გამოარჩევდა. მას ჰქონდა უნარი, ნებისმიერ სიტუაციასთან ადაპტაცია სწრაფად გაევლო. მას ჰქონდა დიდი ამბიცია და გოლების გატანის ნიჭი.

ერთი საინტერესო ფაქტი. როდესაც გვარდიოლამ მუშაობა “ბაიერნში” დაიწყო, მას ევროპის სუპერ თასზე, “ჩელსისთან” დაპირისპირება მოუხდა. ძირითადი და დამატებითი დროის 2:2 დასრულების შემდეგ, თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. პეპმა ფეხბურთელები მოედნის ცენტრში შეკრიბა, ესტიარტეზე მიანიშნა და თქვა: “ეს ადამიანი, მთელს მსოფლიოში, თერთმეტმეტრიანების საუკეთესო შემსრულებელია. პენალტის შესრულების დროს 2 მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს. პირველი: თავიდანვე გადაწყვიტეთ, სად ურტყამთ და ეს გადაწყვეტილება არ შეცვალოთ. მეორე: საკუთარ თავს უთხარით, რომ გამოგივათ. ეს საკუთარ თავს 1000-ჯერ გაუმეორეთ და დაივიწყეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაარტყამთ.”

პეპი ესტიარტეს მაიკლ ჯორდანსა და ლეო მესის ადარებს. მისთვის, ესტიარტე დომინირებასთან ასოცირდებოდა. თუმცა, გვარდიოლა მნიშვნელობას ასევე ანიჭებდა უნარს, დაეხმარო სხვას, როდესაც მას ეს ჭირდება. ამის ნათელი მაგალითია ესტიარტეს თანაგუნდელი პედრო “ტოტო” გარსია, რომელიც, კარიერის დასრულების შემდეგ, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მომხამრებელი გახდა. მანელის დახმარებით კი, მან ეს მავნე ჩვევები გადააგდო.

ესტიარტე, 4 და-ძმიდან, უმცროსი იყო. ოთხივე მათგანმა თავისი თავი საწყლოსნო სპორტს დაუკავშირა. სწორედ ერთ-ერთ მათგანს უკავშირდება ესტიარტეს ცხოვრების მთავარი ტრაგდია – უფროსმა დამ, რომელიც 1976 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

“ის მეხმარება, სპორტის ჩემ სახეობას უცხო თვალით შევხედო. ზოგჯერ, როდესაც რომელიმე ფეხბურთელთან დაკავშირებით რთული გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, ესტიარტე მეუბნება, ეს არ გავაკეთო. და ეს მეხამრება გავითავისო, რომ ზოგიერთ ფეხბურთელთან, ისევე, როგორც ეს ცხოვრებაში ხდება, განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო. ეს ძალიან დამეხარა.” – ამბობს პეპი.

“უნდა გითხრათ, რომ “ბარსელონას” გასახდელი გუნდის წარმატებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რადგან ფეხბურთელებს გუნდური მუშაობის პრინციპები ძალიან კარგად ესმით, ისინი ერთმანეთს პატივს სცემენ და ეხმარებიან.” – ეს უკვე თავად ესტიარტეს სიტყვებია.

ეს მენტალიტეტი, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ “გამარჯვება ყველა ტურნირზე”, კარგად გამოჩნდა 2010/11 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან “რეალის” გამოგდების შემდეგ. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, მსაჯობით უკმაყოფილო ჟოზე მოურინიო იმეორებდა კითხვას “¿Por qué?” (რატომ?). ესტიარტემ კი განაცხადა: “რატომ ვართ გუნდი? რატომ ვიცით, როგორ მოვიგოთ? რატომ ვიცით წაგებაც? რატომ გვყავს საუკეთესო შეტევა, ნახევარდაცვა, დაცვა, მეკარე, მწვრთნელი, სტადიონი და გულშემატკივრები? რატომ?”

ერთ ძველ ანდაზას თუ დავუჯერებთ – “თუ გინდა იყო წარმატებული, შემოიხვიე გარს წარმატებული ადამიანები”. პეპ გვარდიოლა ამ ანდაზის ჭეშმარიტებას ადასტურებს, გვერდზე იყენებს რა მანელ ესტიარტეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward