23 წლის ჟერარ დეულოფეუ, რომელსაც ხშირად უკავშირებენ “ბარსელონას” სახელს, ამჟამად ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე იმყოფება ესპანეთის ნაკრებთან ერთად. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონა” შემტევს 12 მილიონ ევროდ გამოისყიდის. თუმცა ამჟამად ფეხბურთელის მთელი კონცენტრაცია ნაკრებისკენაა მიმართული. კატალონიელმა საკუთარ ევოლუციასა და პროგრესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალს საკმაოდ ამბიციურად უყურებს.
“ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული. ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და გუნდიც საბრძოლო განწყობაზეა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ყველა მატჩი მაღალ დონეზე ჩავატაროთ.”
“მე ყველანაირად ძალიან შევიცვალე – როგორც ფეხბურთელი და ასევე, როგორც პიროვნება. ახლა ბევრად უფრო ჩამოყალიბებული და მომთმენი ვარ. ყოველ წამს ვიცი, თუ რა მინდა და საკუთარი ქვეყნის დატოვებამ შესაძლებლობა მომცა სხვა ფეხბურთელებისგან ბევრი რამ მესწავლა – ეს ყველაფერი განვითარებაში დამეხმარა.”
ფეხბურთელმა ასევე პორტუგალიის ნაკრებთან დღეს გასამართ მატჩზე ისაუბრა:
“ყველამ ვიცით წინ რაც გველის. ვფიქრობ მაქსიმალური თავგანწირვითა და ძალისხმევით მთავარ სურვილს მივაღწევთ და გავიმარჯვებთ. ჩვენ ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს. ყოველთვის საჭიროა შემადგენლობა გაერთიანებული და გუნდური იყოს – რა თქმა უნდა, ყოველ მოწინააღმეგეს აქვს თავისი “კოზირები”, მაგრამ თუ ჩვენ ჩვენს სიმაღლეზე ვიდგებით, დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ – მე მჯერა ჩემი გუნდის.”
დეულოფეუმ საკუთარ მომავალზეც ისაუბრა:
“ახლა საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელების თაობა მოდის. რაც შემეხება მე, მინდა განვვითარდე და როგორც ფეხბურთელმა წინ წავიწიო. “მილანში” ძალიან ბედნიერი ვიყავი – ეს სწორედ ის იყო, რასაც ვეძებდი და რაც მინდოდა. ახლა კი მინდა, რომ იმ ყველაფრის დემონსტრირება, რაც ვიცი, მინდორზე მოვახდინო.”


