მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე “ბარსელონაში” – შეცდომა თუ წარმატებული სვლა?

ვალვერდე “ბარსელონაში” – შეცდომა თუ წარმატებული სვლა?

2017 წლის 29 მაისი – დღე, როდესაც მთელმა მსოფლიომ გაიგო ერნესტო ვალვერდეს “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ. ბოლო 30 წლის განმავლობაში ის კატალონიური კლუბის მხოლოდ მე-9 მენეჯერია და საინტერესოა, რომ მათგან 4 უკვე ცოცხალი აღარ არის.

ამ დროის განმავლობაში “ბარსელონას” მუდმივი ანტაგონისტის, “რეალის” სათავეში საკუთარი ძალები 23-მა სპეციალისტმა მოსინჯა. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ბლაუგრანა” ამ საკითხს უფრო ფრთხილად ეკიდება და საბოლოო არჩევანს დეტალური დაკვირვების შემდეგ აკეთებს. “ლურჯ-ბროწეულისფრები” ტრენდების ძებნას არ იწყებენ (მას მივიწვევთ, ვინც დღეს საუკეთესოა) და თავიანთ რჩეულებს მოთმინებით ეპყრობიან. იმსახურებს თუ არა ერნესტო ნდობას?

ვალვერდეს საფეხბურთო კარიერის 2-წლიანი მონაკვეთი “ბარსელონას” უკავშირდება. ამ დროის განმავლობაში ერნესტო კლუბის ფილოსოფიას ეზიარა. 1988 წელს ის “ესპანიოლში” მნიშვნელოვან ფიგურად გვევლინებოდა, “კამპ ნოუზე” კი მეორეხარისხოვან პერსონად იქცა. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში ბასკმა თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა – 22 შეხვედრა გუნდის მაისურით.

ჩავარდნის შემდეგ ერნესტო “ატლეტიკს” შეუერთდა სადაც თვითშეფასება აიმაღლა, ფორმა აღიდგინა და კვლავ ლიდერის ამპლუა მოირგო.

მაშინ, როცა ვალვერდემ “ლურჯ-ბროწეულისფერი” მანტია მოისხა, კატალონიელებს სათავეში ლეგენდარული იოჰან კრუიფი ჩაუდგა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა. ჰოლანდიელი დადებითად აფასებდა ერნესტოს შესაძლებლობებს, ძირითადად მის ტაქტიკურ განსწავლულობას, მაგრამ მას წინა პლანზე არ აყენებდა.

სამწვრთნელო კარიერა “ბლაუგრანას” ახალმა ბოსმა 37 წლის ასაკში დაიწყო, როცა იუპ ჰაინკესისგან “ატლეტიკის” შტაბში მიწვევა მიიღო. ორი წლის შემდეგ გერმანელი სამშობლოში გაემგზავრა, ერნესტომ კი მისი ადგილი დაიკავა. დასაწყისში, 6-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანელმა ბასკური კლუბი უეფას თასზე დააბრუნა, რასაც 2 წარუმატებელი სეზონი მოჰყვა.

“ესპანიოლთან” ერთად ვალვერდემ მოლოდინს გადააჭარბა. “ბარსელონას” კონკურენტი მისი ხელმძღვანელობით უეფას თასის ფინალამდე მივიდა, სადაც “სევილიასთან” დამარცხდა. საუკეთესო შედეგს ბასკმა სპეციალისტმა საბერძნეთში მიაღწია, სადაც “ოლიმპიაკოსს” ორჯერ ედგა სათავეში (2008-2009, 2010-2012).

მან შიდა ჩემპიონატი სამჯერ მოიგო, მაგრამ ეს ხომ საბერძნეთი და ოლიმპიაკოსია, რომელიც 21 წლის განმავლობაში 2-ჯერ ვერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ამას დავუმატოთ საბერძნეთის თასი (2) და ესპანეთის სუპერ თასი “ატლეტიკთან” ერთად, რომლის მოსაპოვებლად ერნესტოს “ბარსელონას” დამარცხება მოუწია (5:1). მორჩა! სხვა ტიტული ვალვერდეს კაბინეტში არ გვხვდება. მისთვის უცნობია, რას ნიშნავს იყო ტრიუმფატორი.

ეჭვგარეშეა, რომ “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ტიტულის აღმართვა სურს. კატალონიელებში ტრიუმფის წყურვილს მადრიდის “რეალის” წარმატებული გამოსვლა ამძაფრებს. ამიტომ, ეს საკითხი ესპანეთის ვიცე-ჩემპიონისთვის პრინციპულია.

ახალ მწვრთნელს დიდ გუნდში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. 14-წლიანი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ჩემპიონთა ლიგაზე მან მხოლოდ 2 სეზონი გაატარა და ორივე შემთხვევაში ბასკი სპეციალისტის კოლექტივმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპი მე-3 ადგილზე დაასრულა.

თუმცა, ერნესტოს რამდენიმე წინამორბედი უკეთესი შედეგით ვერ დაიკვეხნიდა. რაიკაარდმა ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიასთან ერთად ბრინჯაო მოიგო. გვარდიოლა, ვილანოვა და ლუის ენრიკე კი პოსტზე დანიშვნის მომენტში სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზე იყვნენ, ხოლო აქ საქმე გვაქვს 14-წლიან პრაქტიკასთან!

თუ “ბარსელონა” გეგმავს, რომ ევროპის ლიგის რეგულარული მონაწილე გახდეს, მაშინ ერნესტო შესაფერისი კანდიდატია. მისი ხელმძღვანელობით “ვილიარეალი”, “ვალენსია” და “ატლეტიკი” სწორედ აღნიშნული ტურნირის ხშირი სტუმრები იყვნენ.

ვალვერდეს არც ვარსკვლავურ ფეხბურთელებთან უმუშავია. საუბარი არაა ლოკალური მასშტაბის პიროვნებებზე, როგორიც მაგალითად ადურისია. ვგულისხმობ MSN-ს კალიბრის მოთამაშეებს. მიუხედავად მათი მომღიმარი სახისა, სამხრეთ ამერიკელები მკაცრები არიან, რაც გენიოსებს ახასიათებთ.

უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი. ეს ფაქტი ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფი ხალხისთვის უცნობია, მაგრამ 2008 წლის შემდეგ, ნებისმიერ დროს, როდესაც “ბარსელონა” მთავარი მწვრთნელის შემცვლელს ეძებდა, ერნესტო ყოველთვის კანდიდატთა სიაში იყო. რაიკაარდის ადგილი პეპ გვარდიოლამ დაიკავა, მას კი ვილანოვა, მარტინო და ლუის ენრიკე მოჰყვნენ. რატომ გაკეთდა ვალვერდეზე არჩევანი მაინცდამაინც ახლა, როცა 2016/17 წლების სეზონი მისთვის “ბილბაოს” სათავეში ყველაზე ცუდი აღმოჩნდა?

“ატლეტიკმა” პრიმერა დივიზიონში მე-7 ადგილი დაიკავა და სამეფო თასზე ასპარეზობა მოსალოდნელზე ადრე დაასრულა. ერნესტოს კოლექტივი კარგი შედეგით არც ევროპა ლიგაზე გამოირჩა. როგორც ჩანს, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა პიროვნება, რომელსაც ამ ადგილის დაკავება რამდენიმე წლით ადრე შეეძლო. გულახდილად რომ გითხრათ, ეს პარადოქსულად მიმაჩნია.

დასაფასებელია ერნესტოს შეზღუდული რესურსებით მუშაობის შესაძლებლობა, მაგრამ ეს პრობლემა “ბლაუგრანას” სათავეში მას არ შეექმნება.

რაც შეეხება ახალგაზრდებისადმი დამოკიდებულებას – ვალვერდე მათთან “ატლეტიკში” კარგად მუშაობდა და “ბარსელონას” ასეთი პიროვნება ნამდვილად სჭირდება. გავიხსენოთ ინიაკი უილიამსი. უცნობმა ფეხბურთელმა ერნესტოს ხელმძღვანელობით, დიდი ნაბიჯი გადადგა და ახლა უკვე ის კარიერის ახალი ეტაპისთვის ემზადება.

ვალვერდეს მონაგარი დასაფასებელია, მაგრამ ნუთუ ეს ის არის, რაც დღევანდელ “ბარსელონას” სჭირდება? ეჭვი და შიში სავსებით ნორმალურია, მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუ როგორ განვითარდება მისი კარიერა. როგორც უკვე აღვნიშნე, კატალონიელები ტრენდებს არ ეძებენ, ისინი მათ ქმნიან, ჩვენ უკვე ამას შევეჩვიეთ. იმედი ვიქონიოთ, რომ ერნესტოსთვის ეს ეტაპი წარმატებული აღმოჩნდება – #BenvingutValverde!

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში