რამდენიმე წუთის წინ, “ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა ინფორმაცია ჰოლანდიურ პსვ-სთან იბრაჰიმ აფელაის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაზე. საიტის ცნობით, დარჩენილია მხოლოდ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება, რაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მოხდება და აფელაი “ბარსას” იანვარში შეუერთდება.
ჯერჯერობით ოფიციალურად არ ხმაურდება თანხის ის ოდენობა, რომელსაც “ბარსა” ჰოლანდიურ კლუბს გადაუხდის აფელაის სანაცვლოდ. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელებს 24 წლის შემტევი ნახევარმცველი 2-დან 4 მილიონ ევრომდე დაუჯდებათ.
იბრაჰიმ აფელაი პსვ-ს სკოლის აღზრდილია. ეინდჰოვენელთა პირველ გუნდში დებიუტი მას 2003 წელს ჰქონდა, 17 წლის ასაკში. ამჟამინდელი კლუბის მაისურით, ჰოლანდიის ერედივიზიონში აფელაიმ 154 მატჩში 34 გოლი გაიტანა. 2007 წლიდან იგი ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების წევრია, რომლის მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში თავი გატანილი გოლით 2-ჯერ გამოიჩინა.

