ორ დღეში, 21 აგვისტოს, სტარტს ესპანეთის ჩემპიონატის 2015/16 წლების გათამაშება აიღებს. “ბარსელონას” ოფიციალური საიტი გვთავაზობს იმ საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს, რომლებიც ახალ სეზონთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ.
ახალი მწვრთნელები. კლუბების უმეტესობამ ძველი მწვრთნელი შეინარჩუნა. მწვრთნელის ცვლილება მხოლოდ “რეალში” (გუნდი რაფაელ ბენიტესმა ჩაიბარა), “ხეტაფესა” (ფრან ესკრიბა) და “ეიბარში” (ხოსე ლუის მენდილიბარი) დაფიქსირდა. თუმცა, ესპანეთში მუშაობის გამოცდილება სამივე ამ წვრთნელს აქვს.
სტარტი ანდალუსიური დერბით. პარასკევს, 21 აგვისტოს, პრიმერას ახალი სეზონის პირველი თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ანდალუსიური გუნდები, “მალაგა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან. პირველი ტური ორშაბათს, “გრანადასა” და “ეიბარს” შორის გასამართi დაპირისპირებით დასრულდება. პირველ ტურში “ბარსელონას” მეტოქე “ბილბაო” იქნება. ეს თამაში ბასკეთში გაიმართება. რაც შეეხება “რეალს”, ის ხიხონის “სპორტინგს” ესტუმრება.
ყველაზე გამოცდილები. “ბარსელონასა” და “ბილბაოს” კაპიტნები, ანდრეს ინიესტა და კარლოს გურპეგი ახალი სეზონის ყველაზე გამოცდილი მოთამაშეები არიან. ისინი პრიმერა დივიზიონში თავიანთ მე-15 სეზონს ატარებენ. თუმცა, გურპეგის, წინა 14 სეზონიდან, 2 დისკვალიფიკაციის გამო გაუცდა. მას ბრალი დოპინგის მოხმარებაში ედებოდა. შემდეგი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ლეო მესია, რომელიც ლა ლიგაში მე-12 სეზონს ჩაატარებს. მას, 11 სეზონით, სერხიო რამოსი მოსდევს.
დასვენება უიქენდზე. მომდევნო სეზონში, სულ 5 უიქენდი იქნება, რომლის დროსაც ლა ლიგის თამაშები არ გაიმართება. ამის მიზეზი სანაკრებო პაუზები და ზამთრის შესვენებაა. ეს თარიღებია 5 და 6 სექტემბერი, 10 და 11 ოქტომბერი, 14 და 15 ნოემბერი, 26 და 27 დეკემბერი და 26 და 27 მარტი.
დაბრუნება საზღვარგარეთიდან. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, ესპანურ ფეხბურთს რამდენიმე მოთამაშე დაუბრუნდა. ყველაზე მეტად გამოსარჩევია ფილიპე ლუისი, რომელიც “ჩელსიდან” “ატლეტიკოში” დაბრუნდა. ასევე რობერტო სოლდადო, რომელიც “ტოტენჰემიდან” “ვილიარეალში” გადავიდა. ადილ რამიმ, რომელსაც “ვალენსიაში” უთამაშია, “მილანიდან” “სევილიას” მიაშურა. ანდრეს ფერნანდესი “პორტუდან” “გრანადაში” გადავიდა. “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი რაფაელ ვან დერ ვაარტი, რომელიც აქამდე “ჰამურგში” თამაშობდა, “ბეტისში” ჩაირიცხა. “ბარსას ბ”-ს ყოფილი ტალანტი, ტონი სანაბრია კი “გრანადას” შეუერთდა.
სევილიური დერბის დაბრუნება. “ბეტისის” სეგუნდა დივიზიონში ერთწლიანი თამაშის შემდეგ, პრიმერა დივიზიონს სევილიური დერბი უბრუნდება. “ბენიტო ვილიამარინზე” სეზონის პირველი სევილიური დერბი 20 დეკემბერს გაიმართება. “სანჩეს პისხუანი” კი პრინციპულ ქალაქურ დაპირისპირებას 1 მაისს უმასპინძლებს.
მეტი დერბი. ასევე აღსანიშნავია კიდევ რამდენიმე დერბი. მადრიდული დერბი “ატლეტიკოსა” და “რეალს” შორის. კატალონიური დერბი “ბარსელონასა” და “ესპანიოლს” შორის. “ელ კლასიკო” “ბარსელონასა” და “რეალს” შორის.
გადმოყოლილი დისკვალიფიკაციები: ახალი გათამაშების პირველ ტურს, წინა სეზონიდან გადმოყოლილი დისკვალიფიკაციების გამო, არაერთი ფეხბურთელი დააკლდება. ესენი არიან: მატიე (“ბარსელონა”), სერხიო ალვარესი (“სელტა”), მედუნიანინი (“დეპორტივო”), რიეზგო (“ეიბარი”), ერნან პერესი (“ესპანიოლი”), რობერტო ლაგო (“ხეტაფე”), ლომბანი (“გრანადა”), კულიო და ხავი ვარასი (“ლას პალმასი”), რესიო და ველინგტონი (“მალაგა”), ფეგული, გაია და პარეხო (“ვალენსია”). ხერარდ პიკე და კიკე სოლა კი პირველი ტურის მატჩს ესპანეთის სუპერ თასზე მიღებული წითელი ბარათების გამო გამოტოვებენ.
მოგზაურობა კუნძულებზე. “ბარსელონა” “ლას პალმასს” ბოლო 13 სეზონის განმავლობაში პირველად დაუპირისპირდება. კატალონიელებს კანარის კუნძულების სამხრეთ ნაწილამდე ხანგრძლივი მგზავრობა მოუწევთ.
რეკორდი გატანილ გოლებში. ესპანეთის ჩემპიონატის ერთ გათამაშებაში გატანილი გოლების მხრივ, რეკორდს კვლავ ლეო მესი ფლობს. 2011/12 წლების სეზონში, მან, 37 შეხვედრაში, თავი 50-ჯერ გამოიჩინა.