დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ “ბარსელონას” პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძოლებს. ეს ის ხუთეულია, რომლებმაც საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება მოახერხეს.
იმისათვის, რომ პირმა კლუბის პრეზიდენტობაზე თავისი კანდიდატურა წამოაყენოს, მას 2534 ხელმოწერა ჭირდება. ეს ზღვარი ხოსეპ მარია ბართომეუმ, ხუან ლაპორტამ, ტონი ფრეიშამ, აგუსტი ბენედიტომ და ჟოან ბასტისტემ გადალახეს. რაც შეეხებათ ხორდი მახოსა და ხორდი ფარეს, მათ საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ მოაგროვეს.
ცნობილი ხდება ასევე, თუ რომელმა კანდიდატმა რამდენი ხელმოწერა მოაგროვა. ყველაზე მეტ, 9093 ხელმოწერას თავი ხოსეპ მარია ბართომეუმ მოუყარა. შემდეგ მოდიან ხუან ლაპორტა (4807), აგუსტი ბენედიტო (3834), ტონი ტრეიშა (3289) და ხუან ბასტისტე (2770).
კანდიდატების ოფიციალური პრეზენტაცია 6-8 ივლისს გაიმართება. კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა 9 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ. არჩევნები კი 18 ივლისს გაიმართება.