workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

იმ წელს, ქვეყნის ჩემპიონატი მოვიგეთ, თუმცა წარმატებას გემო ბოლომდე მაინც ვერ გავუსინჯე. საქმე ისაა, რომ ვიტორიაში გამართულ შეხვედრაში, რომელშიც ოქროს მედლები მოვიგეთ, მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან ამ დროს დუბლებთან ერთად ალბასეტეში გახლდით.

ვან გაალის მხრიდან ეს კეთილი ნების გამომხატველი ჟესტი იყო დუბლებისადმი, რომლებიც სეგუნდაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობდნენ. მთავარმა მწვრთნელმა არ ისურვა ვიტორიაში ყველა იმ ფეხბურთელის წაყვანა, რომლებიც საჩემპიონატო განაცხადში იყვნენ, რადგან ეს მეტოქისადმი უპატივცემულობად შეიძლებოდა ჩაეთვალათ. თუმცა, რომ წაგვეგო, სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით.

არ მინდა რამეში დავძრახო, მაგრამ ფაქტია, რომ ჰოლანდიელს კიდევ ერთხელ არ ეყო ტაქტის გრძნობა. კაპიტანმა და ვიცე-კაპიტანმა თხოვნით მიმართეს, რათა “ოქროს მატჩზე” ყველა წაეყვანა, ვისაც კი რაიმე წვლილი მიუწღვოდა ამ წარმატებაში, მაგრამ ვან გაალი შეუვალი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ საჩემპიონო მატჩში ჩირიჩს, როხერს, არნაუს და მე არ მიგვიღია მონაწილეობა, სონი ანდერსონმა მაისური შეგვინახა და ამ ჟესტით, “ალავესთან” გამარჯვება და ეროვნული პირველობის მოგება ჩვენ მოგვიძღვნა. გარდერობის ამ დეტალს, დღეს საპატიო ადგილი უკავია ანხელ მურის მუზეუმში.

ბედს უნდა შევგუებოდი და გადამწყვეტი მატჩისთვის ტელევიზორში მეყურებინა. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა სათანადოდ არცკი აღმინიშნია, რადგან მეორე დღეს 17 საათზე დუბლებში მქონდა თამაში. ჩემთვის ხასიათი საბოლოოდ რომ გაეფუჭებინა, “სალამანკა” ადგა და სამი უპასუხო გოლი გაგვიტანა.

იმ სეზონში უკვე მქონდა საკუთარი კარადა გასახდელში. გილერმო ამორისგან მერგო მემკვიდრეობით და ორივე მხრიდან “წმინდა ძროხის”, ფიგუსა და გვარდიოლას ნავთსაყუდელით იყო გარშემორტყმული. ეს ორი ფეხბურთელი, ლუის ენრიკესთან, აბელარდოსა და სერხისთან ერთად, გუნდის ლიდერებად ითვლებოდნენ და ხელშეუხებელნი იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ახალბედად უკვე აღარ ვითვლებოდი, “ძველი გვარდიის” წარმომადგენელთა მხრიდან ჩემი მისამართით გაკეთებული ზოგიერთი კომენტარი უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა. ძალიან კარგად მექცეოდნენ, მაგრამ განებივრებულიც არ ვყოფილვარ. ვარჯიშებზე სრული კონცენტრაცია მოგვეთხოვებოდა. რამე თუ არ გამოგდიოდა, პირველები “ბაბუები” გკარნახობდნენ და ჭეშმარიტ გზაზე გაყენებდნენ. ეს საფეხბურთო მაგისტრატურის დაჩქარებული კურსი გახლდათ.

ყველაფერთან ერთად, პირველი პროფესიონალური დასკვნები გამოვიტანე. ყველაზე რადიკალური შემდეგი გახლავთ: თუ გინდა რომ გუნდმა ეფექტიანად იფუნქციონიროს, კოლექტივში ჯანსაღი კონკურენცია უნდა სუფევდეს. რა მინდა ამით ვთქვა, დღეს პროფესიონალური ფეხბურთის წარმოდგენა კონკურენციისა და პაექრობის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ყველაფერი ურთიერთპატივისცემისა და მეგობრული ოხუნჯობების თანხლებით უნდა ხდებოდეს.

18 წლის ბიჭისთვის, ასეთი სწრაფი ტემპებით ზრდა იოლი არ არის. სწორედ მაშინ მივხვდი იმას, რომ მთავარ გუნდში თამაში თუ გინდა, ძლიერი უნდა იყო. ზრდა რთულია, ვარდნა იოლი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ “ბარსაში” ჩემი ასაკის არავინ იყო, ვისაც გულისნადებს გავუზიარებდი. ყველაზე ახალგაზრდები როხერი და არნაუ იყვნენ, მაგრამ ჩვენ შორის რამდენიმე წელი მაინც იყო სხვაობა ასაკში. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გასახდელის თილისმა ვიყავი. არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაფრად მაგდებდნენ. სავსებით ნორმალურია, რომ უფროსები თავიანთ თემებზე საუბრობდნენ და ჩვენი ერთიანობა არ ყოფილა ტოტალური.

ასე იყო თუ ისე, სადებიუტო სეზონში “ვალიადოლიდის” კარში გატანილი გოლის შემდეგ, კარგი პრესის პირველი პორცია მივიღე. ჟურნალისტებმა, ვან გაალის მიერ მთავარი მწვრთნელის პოსტის შენარჩუნება, სწორედ ჩემს დამსახურებად ჩათვალეს და “მხსნელი” მიწოდეს. ამ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე, პრეზიდენტი ნუნიესი გასახდელშიც კი ჩამოვიდა, რათა ფეხბურთელები დაეშოშმინებინა და ჰოლანდიელისადმი ნდობა გამოეხატა. თუმცა, ხომ გაგიგიათ, ბოლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო. მინდა განვმარტო, რომ მაშინ გავრცელებული ხმები, თითქოს ამ გოლის გამო თანაგუნდელებმა მისაყვედურეს, ტყუილია. ასეთ ფაქტს თუ ჰქონდა ადგილი, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო და მეტი არაფერი.

ვან გაალი შეფასებებისა და ჩანაწერების კეთების მოყვარული იყო. თავის სახელგანთქმულ ბლოკნოტში თითოეული ფეხბურთელის გარჯის დონეს საზღვრავდა. მატჩის მეორე დღეს, თამაშის განხილვა ჯერ კოლექტიურ ჭრილში ხდებოდა, ხოლო შემდეგ მწვრთნელი ინდივიდუალურ ანალიზზე გადადიოდა. ზოგჯერ, შეფასებისას, ძალიან უხეში იყო. საკუთარი სამართლიანობა ზღვრამდე დაჰყავდა და იყო შემთხვევები, როდესაც შეგირდებს უსამართლოდ აძლევდა შენიშვნებს. მახსოვს, კოვაჩევიჩის გოლის გამო მე და ფერნანდო ნავაროს გვიხმო თავისთან. მე უზუსტო გადაცემისთვის გამლანძღა, რომელსაც დე პედროს მიერ წამოწყებული კონტრშეტევა მოჰყვა, ხოლო ფერნანდოს იმის გამო მოხვდა, რომ ფლანგი ვერ გადაკეტა. “ასე როგორ შეიძლება?!” , – აღშფოთებას ვერ მალავდა ვან გაალი. ჩვენ კი თავდახრილნი ვუსმენდით.

უნივერსალიზმის არსს, სწორედ ვან გაალთან მუშაობისას ჩავწვდი. 170 სანტიმეტრი სიმაღლის ფეხბურთელმა, აბელარდოსთან ერთად ცენტრალურ მცველადაც მოვასწარი თამაში და განაპირა მცველადაც “ბენიდორმთან” მატჩში სამეფო თასზე. ძმებ დე ბურებს სწორედ ამ შეხვედრაში ჰქონდათ დებიუტი.

მეორეს მხრივ, ჩვენთან კიდევ ერთი ადამიანი იყო, რომელიც უკვე მაშინ ამჟღავნებდა სამწვრთნელო ნიჭს. ჟოზე მაურინიო ახალგაზრდებს ავარჯიშებდა და კატალონიის თასზე ზოგიერთ მატჩში თავად გაჰყავდა ხოლმე გუნდი მოედანზე. მაშინვე იგრძნობოდა, რომ ფეხბურთის შესახებ ყველაფერი იცოდა. 13 წლიდან აკვირდებოდა მამამისს და სპორტის ამ სახეობისთვის დამახასიათებელი ყველა ნიუანსი გათავისებული ჰქონდა. ძალიან მომთხოვნი იყო, მაგრამ ამავდროულად მეთოდურად განსწავლული.

მასში მტკიცე ხასიათი, სიამაყე და თავმოყვარეობა იყო გაერთიანებული, ასევე მწარე ენა და საკუთარი განსაკუთრებულობისთვის ხაზის გასმის სურვილი. რატომაც არ უნდა ვთქვათ ამის შესახებ! შესაძლოა, ბარსელონისტებს პორტუგალიელის ხასიათის სწორედ ეს ორი ბოლო მახასიათებელი ჩარჩათ გონებაში და ამის გამო ვერ იტანენ. თავის მხრივ, მაურინიო ძალიან იმედგაცრუებულია მოღვაწეობის კატალონიური ეტაპით, რადგან აქ მის მიმართ ბევრი რამ ითქვა ისეთი, რაც საფუძველს იყო მოკლებული. ყოველთვის, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს, მასში რევანშის უდიდესი სურვილი ღვივის.

გაგრძელება იქნება…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში