სადღაც ლა-მანჩაში, სახელწოდების გახსენება მეზარება, არცისე შორეულ წარსულში, ერთ-ერთი იმ იდალგოთაგანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, რომელსაც შუბის, მოძველებული ფარის, გაძვალტყავებული ცხენისა და მონადირე ძაღლის გარდა არაფერი ებადა.
სერვანტესის უკვდავი რომანიდან ამონარიდით, ეს სტატია შემთხვევით არ დაგვიწყია. ამ ნაწარმოებში მოხსენიებული სოფელი, სავსებით შესაძლებელია ფუენტეალბილიად წოდებულიყო – საუბარი მცირე დასახლებაზეა, რომელიც ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ლა-მანჩიას დაბლობზეა გადაკარგული. კაცი იფიქრებს, სწორედ აქ კითხულობდა ცბიერი დონ კიხოტი რაინდულ რომანებს, სწორედ აქედან გავიდა როსინანტეზე ამხედრებული, რათა მშვენიერი დულსინეას გულისთვის, საქმენი ჩაედინა საგმირონი.
მას შემდეგ, წლები გავიდა, საუკუნეებიც კი. ფუენტეალბილიაში ბიჭი დაიბადა, რომელსაც სახელად ანდრესი დაარქვეს. თავდაპირველად, არაფრით გამოირჩეოდა დანარჩენებისგან – შრომისმოყვარეობასა და სიმორცხვეს თუ არ ჩავთვლით. თუმცა, დროთა განმავლობაში ბიჭუნას საინტერესო თავისებურება აღმოაჩნდა – ანდრესი ყველგან ფეხბურთის ბურთით დადიოდა. ეს საოჯახო ბარი “ლუხანი” იქნებოდა, სადაც ინიესტას ოჯახი ტრადიციულად იკრიბება საღამოობით, ეზო თუ სკოლა “კრისტო დელ ვალიე”, სადაც ფეხბურთის ყმაწვილი ფანატი განათლებას იღებდა.
“უბრალო, მშრომელთა ოჯახში დავიბადე, სადაც მძლავრი პატრიარქატი იყო, მაგრამ ბებიასა და ბაბუასთან ერთად ჯდომა, ჩემს ხასიათში არ ჯდებოდა. მუდამ ვეძებდი მიზეზს, რათა გარეთ გავსულიყავი და ბურთი მეგორებინა. სკოლის, ფუტზალის მოედანი ჩემთვის მეორე სახლად იქცა”.
როდესაც ანდრესს რვა წელი შეუსრულდა, მშობლებმა “ალბასეტეს” აკადემიაში შეიყვანეს. შუადღისას, სკოლაში ვენთავისუფლებოდი და პირდაპირ ვარჯიშზე მივდიოდი. დედა და მამა მანქანით გამომივლიდნენ ხოლმე და 45 წუთში აკადემიაში ვიყავით. სამ საათზე კვლავ სკოლაში ვბრუნდებოდი. ასობით კილომეტრის გავლა და შემდეგ ისევ მერხთან დაჯდომა, ძალიან მომქანცველი იყო, მაგრამ მაინც ბედნიერი გახლდით! თანაც, სკოლაში ყველანაირად ხელს მიწყობდნენ.
ინიესტასთვის, საბედისწერო 1996 წელი გამოდგა, როდესაც “ალბასეტეს” ბავშვთა გუნდთან ერთად, მადრიდის გარეუბან ბრუნეტეში ჩავიდა, რათა საფეხბურთო ტურნირში მიეღო მონაწილეობა. 12 წლის მარგალიტის თამაშით, ყველაზე მეტად “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” სკაუტები მოიხიბლნენ. “ის გუნდის ლიდერი იყო, ნამდვილი ვარსკვლავი. ყველა პირდაღებული უყურებდა ანდრესის თამაშს, რადგან ძალიან ჭკვიანურად და კრეატიულად ბურთაობდა”, – იხსენებს “ბარსელონას” ბავშვთა გუნდების კოორდინატორი ალბერტ ბენეჟი.
სექტემბერში ანდრესმა მშობლიური სოფელი დატოვა და ბლაუგრანას სახელგანთქმულ აკადემიაში, “ლა მასიაში” ჩაირიცხა. “ბევრი ცრემლი ვღვარე. სოფლის ცხოვრებას შეჩვეული ვიყავი, ნათესავებს ყოველდღე ვნახულობდი. უცბად კი, რამდენიმე ათასი კილომეტრით მოვწყდი სახლს და უცხო ადგილას აღმოვჩნდი, უცნობი ხალხის გარემოცვაში. მშობლები სისტემატურად მირეკავდნენ. მათი ნახვა მსურდა, მათთან ერთად ყოფნა, მათი მოსმენა.
თვეში ერთი-ორჯერ ვნახულობდით ერთმანეთს. მახსოვს, როგორ მიხაროდა მათი ჩამოსვლა, ვეხვეოდი, ვკოცნიდი, თავს უბედნიერეს ადამიანად ვთვლიდი დედამიწაზე. შაბათ-კვირას, ერთად ვიყავით, ერთი წამითაც არ ვშორდებოდით ერთმანეთს, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ საწოლშიც კი გვეძინა. ექვსი წლის შემდეგ, დედა, მამა და დაიკო, ბარსელონაში ჩემთან გადმობარგდნენ, მაგრამ შობას, ყოველთვის ფუენტეალბილიაში, მშობლიურ სოფელში ჩავდივართ ხოლმე”, – იხსენებს ანდრესი.
ანდრესის უფროსი მეგობრები და თანატოლები ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, რომ ადაპტაციას უმტკივნეულოდ ჩაევლო. “ლა მასიას” დირექტორს, ალბერტ სერა ფერერს, ბიჭუნა კინოში დაჰყავდა, ხოლო ლუის ენრიკეს ვარჯიშებზე. სწორედ მაშინ დაუმეგობრდა ვიქტორ ვალდესს, მაგრამ მთავარი, რაც ახალბედა მოთამაშეს ახალ გარემოსთან შეგუებაში დაეხმარა, ის წარმატებები იყო, რომლებსაც საფეხბურთო მოედანზე მიაღწია.
“კატალონიაში გადაბარგება მისთვის იოლი არ იყო, რადგან მორცხვი და საკუთარ თავში ჩაკეტილი ბავშვი გახლდათ. ასეთებს, სიტყვას ძალით თუ ამოგლეჯ პირიდან, მაგრამ სამაგიეროდ, სირთულეებს ყოველთვის ვაჟკაცურად უმკლავდებიან – ხასიათი მართლაც რომ მტკიცე აქვთ. ანდრესში, საუცხოო ტექნიკის გარდა, შრომისმოყვარეობა მომწონდა, ცდილობდა ყოველ ვარჯიშზე ახალი რამ ესწავლა”, – ეს სიტყვები “ლა მასიას” ერთ-ერთ მწვრთნელს, ხუან-კარლოს პერეს როხოს ეკუთვნის.
“ელ მანჩეგომ” (ასე ეძახიან ესპანეთში ლა-მანჩიას მკვიდრებს) კლუბის, თითქმის ყველა საბავშო-საყმაწვილო კატეგორია გაიარა: Infantil B, Infantil A, Cadete B, Cadete A, Juvenil A, ჟუვენილ A. პირველად, ჯეელ ტალანტზე 1999 წელს ალაპარაკდნენ, როდესაც ბარსელონაში Nike Premier Cup ჩატარდა – პლანეტის საკლუბო პირველობა 15 წლამდელთა შორის. ფინალში “კამპ ნოუზე” მასპინძლები არგენტინულ “როსარიო სენტრალს” შეეტოქნენ და ინიესტას ზუსტი დარტყმის წყალობით, გამარჯვება იზეიმეს.
ტრიუმფატორებს ჯილდო ხოსეპ გვარდიოლამ გადასცა. “შენი თამაში კიდევ რომ მეხილა, ამ სიამოვნებაში ფულსაც კი არ დავინანებდი” , – სწორედ ეს სიტყვები უთხრა მატჩის გმირს “ბარსელონას” იმჟამინდელმა კაპიტანმა. “ჯერჯერობით, ეს გოლი უმნიშვნელოვანესია ჩემს კარიერაში, ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ!”, – ეს კი ინიესტას პასუხი გახლავთ, რომელიც ალბათ, ვერცკი წარმოიდგენდა, რომ 11 წლის შემდეგ უკვე ნამდვილი მუნდიალის ფინალში გაიტანდა გამარჯვების გოლს.
საყმაწვილო დონეზე პრაქტიკულად ყველა ტიტულის მოგების შემდეგ, 2000/2001 წლების სეზონში ანდრესს “ბარსელონას” დუბლებში ჰქონდა დებიუტი. მთავარ გუნდთან ერთად პირველად იმავე სეზონში ივარჯიშა, რაც ბლაუგრანას მაშინდელი დამრიგებლის, ლორენს სერა ფერერის დამსახურება გახლდათ. 2002 წელს კი, ოფიციალური დებიუტის დრო დადგა. ლუი ვან გაალმა, ახალწვეულს თავის გამოჩენის საშუალება ჩემპიონთა ლიგაში, “ბრიუგესთან” მატჩში მისცა.
ორი სეზონის განმავლობაში (2002/03 და 2003/04), ინიესტა ახალგაზრდულ და მთავარ გუნდში თამაშს უთავსებდა ერთმანეთს, შემდეგ კი საბოლოოდ გადაბარგდა “ნამდვილ” ბლაუგრანაში.
2005 წელს, ანდრესმა “ბარსელონასთან” ერთად პირველი ჯილდო მოიგო – პრიმერადივიზიონის გამარჯვებული გახდა. ანდრესს, მხოლოდ სამ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა. ერთი წლის შემდეგ, მეორე ოქროს მედალმა დაამშვენა მისი ოთახის კედელი, ხოლო 2007 წლის ზაფხულში, ლუდოვიკ ჟიულისგან მემკვიდრეობით რვანომრიანი მაისური მიიღო, რომლითაც აკადემიაში ასპარეზობდა.
რამდენიმე თვეში კლუბთან 2014 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. გამოსასყიდი თანხა, რომელიც მანამდე 60 მილიონ ევროს შეადგენდა, ორნახევარჯერ გაიზარდა.
ამ მომენტისთვის ინიესტა უკვე შინაური იყო ეროვნულ გუნდში. ფურია როხაში დებიუტი 2006 წლის მუნდიალის წინ, რუსეთთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ბლაუგრანას ნახევარმცველს დიდი სათამაშო დრო არ მისცემია, თუმცა, ეს გასაკვირი არც არის, რადგან ესპანეთის ნაკრები მერვედფინალის შემდეგ შინ გაემგზავრა.
ესპანელთათვის ტრიუმფალური ევრო-2008-ის სტარტზე ანდრესი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთადერთ ფეხბურთელად იქცა, რომელმაც ფურია როხაში ყველა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, უეფას მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა და რუსეთთან ნახევარფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ნახევარდაცვის ცენტრს ხავინიესტა ეწოდა. ისინი ერთმანეთს თვალდახუჭულნი ხედავენ, მათ ეძებენ, ბურთს აწვდიან, რადგან იციან, რომ ინიესტა და ხავი გუნდში მთავარი შემოქმედები არიან. კრიტიკოსები იტყვიან, ანდრესს, ლიდერის თვისებები აკლიაო. ჩია, ფერმკრთალ “მანჩეგოს”, რომელსაც ბავშური გამომეტყველება აქვს, არ შეუძლია თნაგუნდელს დაუყვიროს, ანაც ხისტად ითამაშოსო. მიუხედავად ამისა, ის მებრძოლია, სულით გამარჯვებული, “ბარსელონას” ერთ-ერთი კაპიტანი.
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი სანტიაგო სეგუროლა ზინედინ ზიდანის თაყვანისმცემელი გახლდათ და მუდამ იმას ამტკიცებდა, ფრანგ ნახევარმცველს იშვიათი ნიჭი აქვს, ბუნებით გოლეადორი არ არის, მაგრამ გადამწყვეტ მატჩებში სწორედ ასეთ ფორვარდად იქცევა ხოლმეო. ამ ოლიმპზე ანდრეს ინიესტასთვისაც არის ადგილი. მგონი, გოლებს გაურბის. შორიდან კარგად ვერ არტყამს და ხელსაყრელ პოზიციაზე გასვლისას, დარტყმას, პასის გაკეთებას ამჯობინებს – გასულ სეზონში ინიესტამ “ბარსელონას” მაისურით მხოლოდ ერთი გოლი შეაგდო. ასეთებს, იშვითად აძლევენ “ოქროს ბურთს”.
ანდრესის კოზირი გოლის ყველაზე დრამატულ მომენტში გატანაა. ასე იყო “ჩელსისთან” ნახევარფინალურ მატჩში “სტემფორდ ბრიჯზე” და სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ფინალში. ანდრესის მიერ მატჩის 116 წუთზე გატანილი გოლი, ესპანური ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესად იქცა, ხოლო ნახევარმცველისთვის იმ ნანატრ პრემიად, რომელსაც ხშირად დამსახურებული სიდიადე აკლია ხოლმე. ის სირთულეებს უმკლავდებოდა, ვაჟკაცდებოდა და ბოლოს, ეროვნულ გმირად იქცა – ცხოვრებაში მორიდებული და მოედანზე ქილერი.



