კილიან მბაპესა და ჩინეთს შორის დაწყებული სკანდალი მხოლოდ ფრანგ ფეხბურთელსა და “რეალ მადრიდს” აღარ ეხება. მომხდარმა ლა ლიგის სხვა კლუბებზეც იქონია გავლენა, თუმცა ყველაზე მეტად მადრიდული გუნდი დაზარალდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მბაპემ საკუთარ სახეზე შექმნილ მიმზე საუბრისას მაო ძედუნის გამოსახულებას “ჩინელი დიქტატორი” უწოდა. ფეხბურთელის განცხადებას ჩინეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა. რამდენიმე კომპანიამ მასთან სარეკლამო თანამშრომლობა შეწყვიტა, ხოლო ტელემაუწყებლებმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩების ჩვენება შეზღუდეს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის მოლაპარაკებებმა ესპანეთში ჩინეთის ელჩთან გარკვეული შედეგი გამოიღო. ჩინეთში ესპანეთის ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლების მქონე ორი პლატფორმიდან მხოლოდ ერთმა გადაწყვიტა ყველა მატჩის ჩვენების შეჩერება, მეორემ კი შეზღუდვა უშუალოდ “რეალ მადრიდზე” გაავრცელა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიაკორპორაციამ China Media Group-მა CCTV-ის ეთერში ლა ლიგის ყველა შეხვედრის ტრანსლაცია დროებით შეაჩერა. ტელეკომპანიამ არც მბაპესა და არც “რეალ მადრიდის” ბოდიში არ მიიღო. მისი შეფასებით, ფრანგი ფეხბურთელის განცხადება ჩინელი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება.
China Media Group-ის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა:
“ჩვენ მათ სიტყვებს მოვისმენთ, მაგრამ მათ ქმედებებს გაცილებით მეტი ყურადღებით დავაკვირდებით”.
მან მბაპეს, “რეალ მადრიდსა” და ლა ლიგას მომხდარიდან შესაბამისი დასკვნების გამოტანისა და საკუთარი ქმედებების გამოსწორებისკენ მოუწოდა.
განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო China Mobile-ის შვილობილმა სპორტულმა პლატფორმა Migu-მ, რომელსაც ლა ლიგის ტრანსლაციის უფლებები 2030 წლამდე ეკუთვნის. კომპანიაში განაცხადეს, რომ მაყურებელს ჩემპიონატის ყველა შეხვედრას შესთავაზებენ, ერთი გამონაკლისით:
“ჩვენ ვაჩვენებთ ჩემპიონატის ყველა მატჩს, გარდა იმ შეხვედრებისა, რომლებშიც “რეალ მადრიდი” მონაწილეობს”.
შესაბამისად, ჩინელი გულშემატკივრები Migu-ს საშუალებით “ბარსელონასა” და ლა ლიგის სხვა კლუბების მატჩების ყურებას შეძლებენ, ხოლო “რეალ მადრიდის” შეხვედრები არცერთ პლატფორმაზე არ გადაიცემა.
შექმნილი ვითარებით ყველაზე დიდი ფინანსური ზარალი შესაძლოა სწორედ მბაპემ და “რეალ მადრიდმა” მიიღონ. ფრანგ ფეხბურთელს უკვე რამდენიმე სპონსორთან თანამშრომლობა შეუწყდა, მადრიდული კლუბი კი ჩინეთის მნიშვნელოვან ბაზარზე საკუთარი მატჩების ტრანსლაციის გარეშე რჩება.
“ბარსელონასა” და ლა ლიგის სხვა კლუბებზე სკანდალის გავლენა შედარებით მცირე იქნება, რადგან მათი შეხვედრები ჩინეთში მინიმუმ ერთი პლატფორმის საშუალებით კვლავ ხელმისაწვდომი დარჩება.

კომუნიზმი