ამ წელს, ისევე როგორც შარშან ტრანსფერებში მთავარი როლი მადრიდის “რეალმა” და მანჩესტერ “სიტიმ” ითამაშეს. საკმაოდ გაძლიერდა იტალიური “მილანიც”. რაც შეეხება ესპანურ “ბარსელონას”, კატალონიელებმა გაყიდეს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი, თუმცა ამასთან იყიდეს შესანიშნავი ნახევარმცველი და თავდამსხმელი. ასევე წელს არ შედგა უკვე თითქმის გაჩარხული ტრანსფერები. დუგლას მაიკონი ვერა და ვერ გადაბარგდა “რეალში” და კვლავ “ინტერის” მაისურით აგრძელებს გამოსვლას. ასევე არ გამოვიდა სესკ ფაბრეგასის “ბარსაში” გადასვლა. “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობამ ბევრი ეცადა, თუმცა “მეთოფეებმა” იმდენი ქნეს, რომ ესპანელი ლონდონში დატოვეს.
დავიდ ვილა (“ვალენსია” ––> “ბარსელონა”. 40 მილიონი ევრო)
ადრე თუ გვიან ეს ტრანსფერი აუცილებლად უნდა შემდგარიყო. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა როგორც იქნა დატოვა “ვალენსია” და გადავიდა “ბარსელონაში”. რამდენიმე წლის წინ შეიძლებოდა ვილა “რეალში” მოხვედრილიყო, თუმცა რატომღაც მოლაპარაკებები ჩაიშალა. დადიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ ამ ტრანსფერის წინააღმდეგი მადრიდელთა ყოფილი კაპიტანი რაული გახლდათ. საბოლოო ჯამში დავიდი გადაბარგდა კატალონიურ გრანდში და გახდა სამეფო კლუბის დაუძილებელი მტერი. “ვალენსიამ” “ბლაუგრანასგან” 40 მილიონი ევრო მიიღო, რაც სავსებით საკმარისია. ახლა ვილა ლურჯ–ბროწეულისფერთა ერთ–ერთი ლიდერია.
ხავიერ მასკერანო (“ლივერპული” ––> “ბარსელონა”. 22 მილიონი ევრო)
“ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რა კლასის ფეხბურთელია ტურე, მაგრამ მე არ გადმოვსულვარ “ბარსაში”, როგორც მისი შემცვლელი. ყველანაირად ვეცდები დავეხმარო კლუბს წარმატებების მიღწევაში”. –განაცხადა მასკერანომ “ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ. ხავიერის ამ განცხადების მიუხედავად ტურესთან შედარებას მაინც ვერ გაექცევა. ლურჯ–ბროწეულისფერების მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას თქმით, არგენტინელი ნახევარმცველის შეძენა ლიონელ მესის ინიციატივა იყო. რაც შეეხება “ლივერპულს”, მათ მიიღეს 22 მილიონი ევრო და წესით უკმაყოფილოები ნამდვილად არ უნდა იყვნენ.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“ბარსელონა” ––> “მილანი”. არენდა)
იბრაჰიმოვიჩმა ვერ მოახერხა “ბარსელონას” საკუთარ კლუბად ქცევა. თუმცა მთლიანობაში მას ცუდად ნამდვილად არ უთამაშია. სწორედ ზლატანმა გაუტანა უმნიშვნელოვანესი გოლები “არსენალს” და “შტუტგარტს” ჩემპიონთა ლიგის 1/4 და 1/8 ფინალებში. ასევე შვედმა პრიმერა დივიზიონში სულ 29 შეხვედრა გამართა და მოასწრო 16 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის გაკეთება. სულაც არ არის ეს ცუდი შედეგი. მაგრამ შემდეგ იბრას პრობლემები შეექმნა მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან. ამასთან კატალონიელთა ახალი პრეზიდენტი სანდრო როსელი გახდა, რომელსაც ძალიან უნდოდა დავიდ ვილას ყიდვა. ვილას ყიდვის შემდეგ ზლატანის ადგილს კლუბში ვეღარ ხედავდნენ. თავდამსხმელიც ამას თავად მიხვდა და წავიდა კიდეც “მილანში”.
იაია ტურე (“ბარსელონა” ––> “სიტი”. 30 მილიონი ევრო)
ტურე მანჩესტერელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი გახლავთ. კოტდივუარელი ნახევარმცველი ბრწყინვალედ თამაშობს მოედნის ცენტრში და შეუძლია თვითონ განაგოს თამაში. იგი ასევე შესანიშნავი ჩამშლელია. მას სჩვევია საგოლე პასების გაკეთება და აქვს კარგი დრიბლინგი. ინგლისში გადასვლის შემდეგ, ტურემ განაცხადა, რომ მისი ოცნება იყო თავის ძმასთან, კოლო ტურესთან ერთად თამაში და “სიტიში” წასვლით მას ეს ოცნება აუხდა. სწორედ ეს გახდა კატალონიის დატოვების მთავარი მიზეზი. ასევე ცნობილია, რომ იაია გახდა ერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი პრემიერ–ლიგის ისტორიაში. მან ქალაქელებთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ 5 წელიწადში 55 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
მესუთ ოზილი (“ვერდერი” ––> “რეალი”. 18 მილიონი ევრო)
ოზილის ისტორია ბრაზილიურ სერიალს გავდა. ერთ დღეს ჟურნალისტები წერდნენ, რომ იგი უკვე “რეალში” გადავიდა, ხოლო მეორე დღეს მესუთი კვლავ “ვერდერში” რჩებოდა. საბოლოო ჯამში გერმანელი გადაბარგდა მადრიდში. როგორც მოგეხსენებათ მან შესანიშნავად ჩაატარა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ჯერ კიდევ ამ დროს იგი არ მალავდა პრიმერა დივიზიონში გადასვლის სურვილს. მესუთს სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა მოუწევს კაკასთან და კანელესთან, თუმცა როგორც თავად განაცხადა, კონკურენცია მას არ აშინებს.
ანხელ დი მარია (“ბენფიკა” ––> “რეალი”. 18 მილიონი ევრო)
დი მარია, მსოფლიო ჩემპიონატზე არც თუ ისე კარგად გამოსვლის მიუხედავად მაინც ითვლება ახალგაზრდა ტალანტად. არგენტინელის შეძენა ბევრ კლუბს სურდა, თუმცა მან “რეალი” არჩია. “აქ თამაში თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა.” –განაცხადა მადრიდში გადასვლის შემდეგ. ვნახოთ რამდენად მოახერხებს ანხელი თავისი შანსის გამოყენებას. შეძლებს კი იგი ისეთ მაღალ დონეზე თამაშს, როგორზეც სამეფო კლუბი თამაშობს?
რაული (“რეალი” ––> “შალკე”. უფასოდ)
ამ ტრანსფერში აქცენტი რაულის “შალკეში” გადასვლაზე კი არა, “რეალიდან” წასვლაზე უნდა გავამახვილოთ. 18 წელი ერთ კლუბში! ჟოზე მოურინიომ მას დარჩენა შესთავაზა, თუმცა სათამაშო დროს ვერ დაპირდა. “ელ კაპიტანოს” ჯერ კიდევ სურს მაღალ დონეზე თამაში და ძირითად შემადგენლობაში ადგილი. სწორედ ამიტომ აირჩია მან გერმანია და არა რაიმე ამერიკული გუნდი. “შალკეში” რაულს დიდი ამბიციები აქვს. ასაკის მიუხედავად გონსალესი მაინც ბრწყინვალეა. ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა წაუშლელი კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში!
მარიო ბალოტელი (“ინტერი” ––> “სიტი”. 29 მილიონი ევრო)
ბალოტელის “ინტერიდან” წასვლა გარდაუვალი იყო. მილანში დაიღალნენ მისი გამოხტომებით. მორატიმ გუნდიდან გაუშვა “სუპერ მარიო” და 29 მილიონი ევროც მიიღო. ძალიან საიტერესოა რას იზამს იტალიელი თავდამსხმელი ინგლისში. ნისლიან ალბიონზე ისეთი პუბლიკაა, რომელიც ვერ იტანს უხეშობას და წუწუნს. ვნახოთ რამდენად გაამართლებს “სიტისთვის” ეს შენაძენი.
დავიდ სილვა (“ვალენსია ––> “სიტი”. 28 მილიონი ევრო); ალექსანდრ კოლაროვი (“ლაციო” ––> “სიტი”. 23 მილიონი ევრო); ჯეიმს მილნერი (“ასტონ ვილა” ––> “სიტი”. 22 მილიონი ევრო)
ამ ფეხბურთელებში მთლიანად დახარჯული თანხა 73 მილიონ ევრომდე ადის. ამას პლიუს კიდევ 60 მილიონი ევრო (იაია ტურე და მარიო ბალოტელი. თითო 30 მილიონი ევრო). “მანჩესტერ სიტი” ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ვერ იბრძოლებს, თუმცა ქალაქელები გამოთქვამენ პრეტენზიას ინგლისის ჩემპიონობაზე. ასეთი ფეხბურთელებით ამის გაკეთება წარმოუდგენელი ნამდვილად არაა. “სიტის” ახლანდელი სიტუაცია ძალიან გავს 7 წლის წინანდელ “ჩელსის”. მოვიდა თუ არა აბრამოვიჩი, კლუბმა ტრანსფერებზე რაღაც წარმოუდგენელი ფული დახარჯა. ამის შემდეგ ლონდონელები რამდენიმეჯერ გახდნენ ინგლისის ჩემპიონები. ასევე ისინი ყოველთვის იბრძოდნენ და ბრძოლობენ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისათვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ფულმა “ჩელსი” ბრწყინვალე კლუბად აქცია. ვნახოთ რას იზამენ ქალაქელები.