“ალავესთან” გუშინდელი მატჩის შემდეგ, რომელიც “ბარსელონას” მარცხით დასრულდა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ჟურნალისტებთან ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიურმა გრანდმა 100-ქულიანი ნიშნულის მიღწევის შანსი დაკარგა, გერმანელი სპეციალისტი გუნდის თამაშით, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა დებიუტანტის გამოსვლით, კმაყოფილი დარჩა.
ფლიკმა განსაკუთრებული ყურადღება ალვარო კორტესს დაუთმო, რომლისთვისაც ეს სადებიუტო შეხვედრა იყო “ბარსელონას” მაისურით:
ეს შესანიშნავი იყო. ის ჩვენთან ერთად ექვსი თუ რვა კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა და ბევრი რამ გააუმჯობესა. სწორედ ამის ნახვა მსურს. ის “ბარსელონას” აკადემიაში კარგად ასპარეზობდა, სულ უფრო სტაბილური ხდებოდა და ეს არის მთავარი.
მწვრთნელმა დაამატა, რომ დებიუტანტისგან სწორედ ასეთ თავდაჯერებულობასა და მონდომებას ელოდა:
თამაშის წინ მას ვუთხარი: იყავი თავდაჯერებული, ითამაშე ისე, როგორც ვარჯიშებზე. მან ბოლო ექვსი-რვა კვირის განმავლობაში ჩვენთან ვარჯიშისას ბევრი რამ დახვეწა. სწორედ ამას ველოდები ახალგაზრდა მოთამაშეებისგან; რომ გაიღონ ყველაფერი და აჩვენონ, რომ მათი ადგილი აქ არის.
გარდა ზოგადი შეფასებისა, ფლიკმა კორტესის თამაშის ტექნიკურ დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება:
ეს მისი პირველი თამაში იყო და ვფიქრობ, მან ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით საჰაერო დუელებში. ის ფანტასტიკური იყო ძალიან ძლიერი თავდამსხმელების წინააღმდეგ. სწორედ ამან მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, ისევე როგორც მისმა თავდაჯერებულობამ ბურთთან თამაშისას. ამის ნახვა სასიამოვნო იყო.
მიუხედავად მარცხისა, ფლიკი პოზიტიურ ელემენტებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა აღიარებს, რომ გეგმა სხვაგვარი იყო:
ბევრი კარგი რამ დავინახე. მათით ძალიან კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, დღეს წავაგეთ და ეს არ შედიოდა გეგმებში, რადგან ჩვენ ყოველთვის მოგება გვინდა. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ტაიმის ბოლოს მეტი კონცენტრაცია დაგვაკლდა. მიუხედავად ამისა, ბევრი ისეთი რამ ვნახე, რამაც გამახარა.
100-ქულიან ზღვართან დაკავშირებით მწვრთნელმა იმედგაცრუება არ დამალა, თუმცა მეტოქის ბრძოლისუნარიანობასაც გაუსვა ხაზი:
რა თქმა უნდა, შედეგით იმედგაცრუებული ვარ, რადგან დღეს წავაგეთ. მაგრამ ეს უნდა მივიღოთ, რადგან ვეთამაშებოდით მეტოქეს, რომელიც ლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის და მათ საქმე ძალიან გაგვირთულეს. ეს არ იყო ადვილი.
სტრატეგიულად, მწვრთნელისთვის პრიორიტეტული ახალგაზრდების გამოცდა და გადაღლილი ლიდერების დასვენება იყო:
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს ახალგაზრდა მოთამაშეებს მიეღოთ წუთები და ასევე მოგვეხდინა იმ ფეხბურთელების დატვირთვის მართვა, რომლებმაც ბევრი ითამაშეს.
პრესკონფერენციის დასასრულს ფლიკს ფლორენტინო პერესის სკანდალურ განცხადებაზეც ჰკითხეს, რაზეც მან მოკლედ უპასუხა:
ვფიქრობ, ამაზე პასუხის გაცემა არ ღირს.
მაგარი ბიჭია, იმედია მოიხოდება
ისე მსაჯის ქცევა მოგეწონათ? ყველას ვისაც ბარსელონელების დაწევა არ შეეძლო უკნიდან ხელს ისე კრავდნენ რო ხაზს იქით ისროდნენ. და არცერთი ჯარიმა, პენალტს ვინღა ჩივის. და მე მგონი სწორედ ამის მომენტი იყო რო ბურთზე ახტომის დროს მეტოქე გაგორდა იტირა და ჯარიმაც დაიმსახურა. მე მახსოვს კუბარსი ოდნავ ხელის დადება ზურგზე და ხან პენალტს გვიდებენ და თუ ცენტრშია წითელს.
ჩვენ რაზეც პენალტს არ გვიდებენ, მაგ დარღვევების გამო აკიდებული წითლებით ვვარდებით ხოლმე ლიგიდან.
აუუ კორტესი რა კარგი იყო იმ ერთ დაკარგვას თუ არ შევხედავთ, ტიპს კარგად გამოსდის ბურთის თრევაა და ეგ ძალიან კარგიაა ცენტრბექისთვის რაა ყოჩაღ რააა იმედიააა გააამართლებს…თუმცა გამოცდილი ცენტრბექი გვინდა მაინც რაა…