მიმდინარე წლის 20 ივლისს, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე, “ბარსელონა” გდანსკის “ლეხიას” ამხანაგურად დაუპირისპირდება. ეს 2013-14 წლების სეზონისთვის მზადების პერიოდში, კატალონიელთათვის პირველი ამხანაგური შეხვედრა იქნება. მატჩი პოლონეთის ქალაქ გდანსკში, “PGE არენაზე” გაიმართება.
“PGE არენა” 2011 წელს გახსნილი სტადიონია, რომელიც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის აშენდა. ის 40 ათას გულშემატკივარს იტევს. ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები ესპანეთის ნაკრებმა სწორედ ამ არენაზე გამართა. ასე რომ, “ბარსას” არაერთი ფეხბურთელისთვის, ეს სტადიონი ნაცნობი იქნება.
“ლეხიასთან” თამაში იქნება პირველი იმ 5 ამხანაგურ მატჩს შორის, რომელთა საკითხიც უკვე გადაწყვეტილია. შეგახსენებთ, რომ პოლონეთში გასამართი მატჩიდან 4 დღეში, 24 ივლისს, “ბარსა” მიუნხენში “ბაიერნს” დაუპირისპირდება. 27 ივლისს, ოსლოში, კატალონიელები “ვალერენგას” წინააღმდეგ ითამაშებენ. 7 აგვისტოს, ბანგკოკში, ვილანოვას შეგირდები ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 3 დღეში, კუალა ლუმპურში, “ბარსასთვის” წინააღმდეგობის გაწევას მალაიზიის ნაკრები შეეცდება.
