“არსენალს” და “ლივერპულს” ზაფხულის ტრანსფერზე მიზნად დასახული აქვთ კატალონიის “ბარსელონას” ჩილელი თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის შეძენა. თავად ფეხბურთელი კი აცხადებს, რომ არ აპირებს “ბარსელონას” დატოვებას.
შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა სანჩესი “უდინეზედან” 2011 წლის ზაფხულში 26 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ამის შემდეგ სანჩესმა მოლოდინი, ასე ვთქვათ, ბოლომდე ჯერ ვერ გაამართლა. იმ დროისთვის ჩილელით ძალიან იყო დაინტერესებული “მანჩეტერ სიტიც”, რომელიც მზად იყო ძალიან დიდ თანხა გადაეხადა ალექსისში, თუმცა ფეხბურთელმა “ბარსელონა” აირჩია.
მიუხედავად იმისა, რომ სანჩესს პრემიერლიგიდან საკმაოდ ბევრი კლუბი უკავშირდება იგი მაინც აცხადებს, რომ მას “ბარსაში” სურს დარჩენა. “მე ვმუშაობ ყოველდღე, რათა დავეხმარო გუნდს. მოხარული ვარ, რომ ამ კლუბში ვთამაშობ, მე კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2016 წლამდე მაკავშირებს და მსურს დარჩენა. ეს გუნდი იმდენად კარგია, რომ თითოეულ ფეხბურთელს როგორც დიდი ოჯახის წევრს, ისე ხვდებიან. – განაცხადა ალექსის სანჩესმა.
