პეპ გვარდიოლამ საკუთარი გუნდი გლადიატორებს ჯერ კიდევ 2008-2009 წლების სეზონში შეადარა. საფეხბურთო მოედანზე იგივე კანონები მოქმედებს. გმირებთან ერთად პუბლიკა ანტიგმირებსაც თავად ირჩევს. ხშირ შემთხვევაში კი ეს არჩევანი მართებულია.
ბოლო მატჩში კატალონიელი მაყურებელი განსაკუთრებით უკმაყოფილო ოთხი ფეხბუთელის თამაშით დარჩა. პირველი სესკ ფაბრეგასია, რომელმაც ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშა და მაყურებელი იმედგაცრუებული დატოვა(და ეს პირველი შემთხვევა არ იყო). შემდეგი ალექსის სანჩესია, რომლის მიმართაც კატალონიელები კრიტიკას არ იშურებდნენ. ასევე დავიდ ვილა, რომელიც აგერ უკვე მერამდენე მატჩია ცდილობს გუნდის შეტევის ლიდერად ჩამოყალიბებას, მაგრამ არ გამოსდის. კიდევ ერთი, მოულოდნელი, მაგრამ აშკარა იმედგაცრუება გამოიწვია დანი ალვეშის თამაშმა, რომელიც, ფანების აზრით, ბოლო სეზონის განმავლობაში არასტაბილურობით გამოირჩევა.
გულშემატკივარის გარდა, ვილანოვაც აღიარებს, რომ კლუბში პრობლემები არსებობს და გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. ერთ რამეზე ყველა თანხმდება – კლუბი, ახალი ფეხბურთელების შეძენასთან ერთად, ზოგიერთი ძველი ფეხბურთელის გაშვებასაც საჭიროებს.
ამ ოთხი ფეხბურთელიდანაც შეიძლება ისეთის გამორჩევა, რომელიც განტევების ვაცად არის ქცეული და ეს სესკ ფაბრეგასია. ამ ფეხბურთელმა სეზონი კარგად დაიწყო. ის ტიტო ვილანოვას დიდი ნდობით სარგებლობდა და ხშირად ცენტრფორვარდის ფუნქციის შესრულებაც კი დაეკისრა მესის არყოფნაში. ახლა კი, როდესაც სეზონი სრულდება, სესკს კატალონიელი გულშემატკივარი ჩავარდნის მთავარ მიზეზად მიიჩნევს.
ეს ფეხბურთელები კლუბს საერთო ჯამში 150 მილიონი ევრო დაუჯდა(სესკი 40; ალექსისი 38; ვილა 40; ალვეში 32). იმის ფონზე, რომ “ბარსელონაში” დიდი მასშტაბის წმენდა იგეგმება, პირველ რიგში ამ ოთხ ფეხბურთელში შეიძლება ვიხილოთ ისეთები, ვინც გუნდს დატოვებენ.
