ვფიქრობ, რომ სესკ ფაბრეგასის კონდიციების აღდგენა ”ბარსელონასთვის” იდეალურ დროს დაემთხვა. კატალონიელებს 2 დღეში აქვთ ურთულესი მატჩი პსჟ-ს წინააღმდეგ და ფაბრეგასის კარგი თამაში ამ მატჩში ძალიან ბევრს გადაწყვეტს. ბოლო თამაშებში (”მალიორკას” გარდა) სესკი განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ახერხებდა, არც ისე ხშირად ამწვავებდა, მაგრამ ლა ლიგის ბოლო ტურში ”მალიორკას” წინააღმდეგ მან კარიერის პირველი ჰეთ-ტრიკი შეასრულა.
”ეს იყო ჩემი ოცნება, იმის შემდეგ რაც პროფესიონალური კარიერა დავიწყე. ჩემი ოცნება რეალობად იქცა და ამისთვის ცხრა წელი დამჭირდა. ვფიქრობ, რომ ეს არაა ცუდი შედეგი. 2011 წლიდან, რაც ”ბარსელონაში” ჩამოვედი 27 გოლი მაქვს გატანილი, მაგრამ ჯერ შორს ვარ ჩემ ”არსენალის” შედეგამდე (57 გოლი).”
პირადად მე ძალიან მიხარია სესკის კარგი თამაში, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა – მესი. ნებისმიერ მკითხველს დაებადება კითხვა: ”მესი პრობლემა?”. დიახ, სესკი ვერ თამაშობს თავის თამაშს ლიონელის გვერდზე, იჩრდილება. ფაბრეგასი ”არსენალში” მიჩვეული იყო ლიდერობას, მაგრამ კატალონიაში სულ სხვაგვარი სიტუაცია დახვდა. მესისთან დაკავშირებით იგივე შეიძლება ითქვას ალექსის სანჩესზეც. წინა მატჩი ”მალიორკას” წინააღმდეგ მან შესანიშნავად ჩაატარა და ვინ არ იყო მოედანზე? არგენტინელი ვარსკვლავი, რომელიც გოლს გოლზე იტანს. დააკვირდით ჩილელის მოქმედებებს მოედანზე, როდესაც მის გვერდით ლეოა. სულ ცდილობს, რომ მას მისცეს პასი, მას გაატანინოს გოლი. ეს ორი ფეხბურთელი მუდამ ცდილობს არგენტინელზე თამაშს, რაც ჩემი აზრით, არ არის სწორი.
მოკლედ, ჩვენ ყველა ველოდებით 10 აპრილს, რომ ვიხილოთ შესანიშნავი სანახაობა. ესპანური წყაროები იუწყებიან, რომ მესი სათადარიგოთა სკამზე იქნება. თუ ეს სიმართლეა, ჩვენ ვნახავთ, თუ რა შეუძლიათ სესკ ფაბრეგასსა და ალექსის სანჩესს ევროთასებზე, ლიონელის გარეშე. ჩვენ ვნახავთ, დადგა თუ არა სესკ ფაბრეგასისა და ალექსის სანჩესის აღზევების ჟამი.
მადლობთ, ყურადღებისთვის!
დავით თანანაშვილი
