“რეალთან” წაგების მიუხედავად, ესპანეთის ჩემპიონატში, “ბარსელონა” მდევრებს მაინც დიდი სხვაობით უსწრებს. სწორედ ამას გაუსვა ხორდი ალბამ ხაზი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
“მოედანი უქულოდ დავტოვეთ, მაგრამ ვიცით, რომ “ატლეტიკოსთან” და “რეალთან” დიდი უპირატესობა გვაქვს. თანაბარი თამაში იყო და ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. “მილანთან” გასამართ შეხვედრაში, ყველაფერი უნდა გავიღოთ. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ.
“რეალთან” მატჩში, ბურთს ჩვენ ვფლობდით, მაგრამ მეტოქე პრობლემებს სტანდარტული მდგომარეობებით და გრძელი გადაცემებით გვიქმნიდა. საჭიროა, ეს თამაში დავივიწყოთ და “დეპორტივოსთან” და “მილანთან” გასამართი შეხვედრებისთვის მოვემზადოთ.” – აცხადებს ალბა.
ლიონელ მესის გოლის აღნიშვნის დროს, ალბამ “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილ გულშემატკივარს საჩვენებელი თითი უჩვენა. “რეალის” ქომაგთა ნაწილს, მელაზე ერთი ანდაზის არ იყოს, შუა თითი მოეჩვენა და სტანდარტული მადრიდული სკანდალის აგორებაც დაიწყო, მაგრამ ფოტომასალამაც დაადასტურა, რომ ალბამ საჩვენებელი თითი გამოიყენა და კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა: “ჩემი ჟესტი გულშემატკივრების მიმართ ცუდ დამოკიდებულებას არ გამოხატავდა. საჩვენებელი თითი იმის სადემონსტრაციოდ გამოვიყენე, რომ ლეო მესი მსოფლიოში პირველია და მან ქება დაიმსახურა.”
