1984: არჩიბალდი მარადონას ნაცვლად

1984: არჩიბალდი მარადონას ნაცვლად

1984 წელს, “ბარსელონას” მთავარი ტრანსფერი არა შენაძენი, არამედ დანაკარგი იყო – გუნდი დიეგო მარადონამ დატოვა, რომელმაც “ნაპოლის” მიაშურა. გარდა ამისა, კატალონიელები მთავარმა მწვრთნელმა, სესარ ლუის მენოტიმაც დატოვა.

გუნდში მივიდნენ:

  • სტივ არჩიბალდი (“ტოტენჰემი”, 240 მილიონი პესეტი)
  • რამონ მარია კალდერე (კანტერა)

გუნდი დატოვეს:

  • დიეგო მარადონა (“ნაპოლი”)
  • ენრიკე კასტრო, “კინი” (ხიხონის “სპორტინგი”)
  • ენრიკე მორანი (“ატლეტიკო”)
  • პელიო არტოლა (კარიერა დაასრულა)
  • სესარ ლუის მენოტი

ახალი მწვრთნელი

მენოტის შემცვლელის ძებნისას, პრეზიდენტმა ნუნიესმა გადაწყვიტა, ბობი რობსონის რჩევა გაეთვალისწინებინა და ინგლისელი ტერი ვენეიბლზი მიეწვია. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის დირექტორთა საბჭოს “ატლეტიკოს” მექსიკელი თავდამსხმელის, უგრო სანჩესის შეძენა სურდა (რომელმაც კარიერა “რეალში” განაგრძო), ვენეიბლზმა აქცენტი სტივ არჩიბალდზე გააკეთა, რომელმაც “ბარსელონას” შემადგენლობაში, ლა ლიგაში ჩატარებულ 55 თამაშში 24 გოლი გაიტანა.

არჩიბალდის გარდა, სეზონის მიმდინარეობისას, პირველ გუნდს კანტერადან შეუერთდა რამონ მარია კალდერე, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში 22 თამაში ჩაატარა.

“ურუტი, მე შენ მიყვარხარ!”

1984-85 წლების სეზონი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3:0 მოგებით დაიწყო. ამ მოგების წყალობით, კატალონიელები ცხრილის პირველ საფეხურზე მოკალათდნენ, რომელიც მათ სეზონის ბოლომდე არ დათმეს. საბოლოოდ, თერთმეტწლიანი შესვენების შემდეგ, “ბარსას” გაჩემპიონების შანსი გაუჩნდა.

გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე, “ვალიადოლიდთან” გასვლითი თამაშის მოგების შემთხვევაში, “ბარსა” ჩემპიონობას ინაღდებდა. ის თამაში კატალონიელებმა 2:1 მოიგეს, ხოლო მათმა მეკარემ, ურუტიმ თერთმეტმეტრიანი მოიგერია. ის თამაში კლუბის ისტორიაში კომენტატორის მიერ წარმოთქმული ფრაზით შევიდა – “ურუტი, მე შენ მიყვარხარ“, თქვა კომენტატორმა, როდესაც მეკარემ თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

1984-85 წლების სეზონი, ევროტურნირებზე წარუმატებელი გამოდგა. თასების მფლობელთა თასზე, “ბარსამ” “მეცთან” პირველივე ეტაპზე წააგო. სტუმრად 4:2 მოგების შემდეგ, ვენეიბლზის შეგირდებმა, საკუთარ კედლებში, სენსაციურად წააგეს, ანგარიშით 1:4.

წარმატებული არც ესპანეთის თასის გათამაშება ყოფილა. 1/4-ფინალში, “ბარსა” “ბეტისთან” დამარცხდა.

1984-85 წლების სეზონის შედეგები

  • ესპანეთის ჩემპიონობა
  • თასების მფლობელთა თასის პირველივე ეტაპიდან გამოვარდნა
  • ესპანეთის თასზე 1/4-ფინალიდან გამოვარდნა

1984-85 წლების სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობა

 

1982: მარადონას წელი

1983: როხო, იმპულსი კანტერადან

გაგრძელება იქნება…

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward