“ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კატალონიური კლუბისთვის პირველ ადგილზე მოთამაშეების კარგი საქციელი დგას.
“მე მოხარული ვარ იმის გამო, რომ აკადემიაში ბევრ თანხას ვდებთ. განსაკუთრებით მაშინ მიხარია, როცა გუნდის ძირითად შემადგენლობას ვუყურებ, რომელიც თითქმის მთლიანად იმ მოთამაშეებისგან შედგება, რომლებიც კლუბში გაიზარდნენ. აღზრდის დროს ჩვენ ყურადღებას არა მხოლოდ ტექნიკას და ტაქტიკას ვაქცევთ, არამედ გვსურს, რომ ჩვენი მოთამაშეები კარგი და დაფასებული ადამიანები გახდნენ. მათ ბევრი უნდა იშრომონ. ჩვენი კლუბისთვის სამართლიანი თამაში ტიტულებზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მოთამაშეები მსოფლიოში ყველასთვის მისაბაძები არიან.
თუკი ჩვენი მოთამაშეებიდან რომელიმე ამ პრინციპის მიხედვით არ იმოქმედებს, მაშინ მასთან არ ვითანამშრომლებთ. სხვაგვარად ისე გამოვა, რომ არ ვფიქრობთ საფეხბურთო ფასეულობებზე” – როსელის სიტყვებს “Goal.com” ციტირებს.
