დღეს გაიმართა პრეს-კონფერეცნია, სადაც ხოსე მანუელ პინტომ ისაუბრა ხოსეპ გვარდიოლას წასვლასა და ტიტო ვილანოვას მოსვლის შესახებ: “ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია გვარდიოლას გადაწყვეტილება. ის ყველაფერს სერიოზულად უდგება და სწორედ ეს ხდის პეპს მენტალურად ძლიერს. შეუძლებელია მათი შედარება, მაგრამ ტიტოს აქვს ძალა და ხასიათი, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას”.
სტილი უცვლელია
კითხვაზე, შეიცვლება თუ არა “ბარსას” თამაშის სტილი, პინტომ შემდეგი პასუხი გასცა: “არ ვფიქრობ, რომ ბევრი რამ შეიცვლება, რადგან ტიტოც და გვარდიოლაც ფეხბურთს ერთნაირად ხედავენ. ყველანი მშვიდად ვართ, ვენდობით ტიტოსა და მის ხედვას”. პინტოს არ სურდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, დასრულდა თუ არა “ბარსელონას” ერა: “მხოლოდ დრო გვიჩვენებს ყველაფერს”.
პინტო დაამწუხრა პეპის წასვლამ: “ამ ამბავმა თითოეულ ჩვენგანზე იმოქმედა და ცუდად ვგრძნობთ თავს”.
კოლექტიური ბრძოლა ინდივიდუალური პრიზებისთვის
მეკარეს სჯერა, რომ მესი მოიგებს “პიჩიჩის”, როგორც ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: “მსურს, რომ მესიმ მოიგოს ეს ჯილდო. მისი გამარჯვება მთელი გუნდის გამარჯვება იქნება. თუ ის იტანს, ესე იგი, გუნდიც კარგად თამაშობს”. პინტომ ასევე ისაუბრა ვიქტორ ვალდესზე, რომელსაც შეუძლია დაიცვას ტიტული და აიღოს “ზამორას” ჯილდო, რომელსაც ისაკუთრებს ის მეკარე, რომელიც ყველაზე ნაკლებ ბურთს უშვებს ლა ლიგაში. თუ ვიქტორი აღარ ითამაშებს ლა ლიგის არცერთ თამაშს, მაშინ იგი უპრობლემოდ დაეუფლება ამ ტიტულს: “ის ამას იმსახურებს”.
