გთავაზობთ “ბარსელონას” ფეხბურთელების მიერ გაკეთებულ კომენტარებს ბილბაოს “ატლეტიკთან” მოპოვებული გამარჯვების (2:0) შემდეგ.
ანდრეს ინიესტა: “ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. “ატლეტიკი” გვაიძულებდა მოედნის ნებისმიერ პოზიციაზე ზედმიწევნით კარგად გვეთამაშა. სტუმრებს ბევრი საგოლე მომენტი არ ჰქონიათ, თუმცა პრობლემებს ყველგან გვიქმნიდნენ. ამ შეხვედრაში გამარჯვება ნამდვილად მიღწევაა, რადგან ერთი მოდუნება და ბასკები ამას მწარედ გვანანებდნენ. რაც შეეხება ჩემს მიერ გოლის აღნიშვნას, გატანა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ასეთი ბედნიერიც მაგიტომ ვარ ხოლმე. დღეს სამი ქულის მოპოვება გვჭირდებოდა და ეს მოვახერხეთ. თუ ასე გავაგრძელებთ და ყველა დარჩენილ დაპირისპირებაში გამარჯვებულები გამოვალთ, მაშინ სეზონის ბოლოს ჩემპიონობის შანსი გვექნება. რაც შეეხება “მილანს”, “კანპ ნოუზე” მოგება აუცილებლად გვესაჭიროება და ეს სინამდვილეა. ჩვენი ქომაგების დიდი იმედი გვაქვს. წინ დაძაბული 90 წუთი გველის.”
ტიაგო ალკანტარა: “ჩვენ უნდა მივულოცოთ “ატლეტიკს” ფანტასტიკური მატჩის ჩატარების გამო. მათ ბრწყინვალე სეზონი აქვთ იმის მიუხედავად, რომ უმეტესობა ძალზედ ახალგაზრდაა. რასაც ისინი აღწევენ მხოლოდ და მხოლოდ ქების ღირსია. ბასკების ასეთი წარმატება არ არის უბრალო შემთხვევითობა. რაც შეგვეხება ჩვენ, ბურთის კონტროლმა და ზუსტმა პასებმა მოგვაგებინა ეს მატჩი. ვიმედოვნებთ, რომ “რეალს” დავეწევით. ახლა ბოლომდე ბრძოლაა საჭირო, რასაც ნამდვილად ვაკეთებთ, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ საკუთარ თავებზე არ ვართ დამოკიდებულნი. ესპანეთის თასის ფინალი? იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და როდესაც “ატლეტიკს” შევხვდებით, მაშინ ორი აბსოლუტურად სხვადასხვა გუნდი ვიქნებით, მაგრამ ერთი კი ნათელია–ნამდვილი ფეხბურთი გველის, რადგან ორივე ჩვენთაგანს უყვარს ბურთით თამაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ “მილანთან” დაპირისპირებაში ის გაიმარჯვებს, ვინც ბურთს უფრო დიდხანს გააკონტროლებს.”
კრისტიან ტელიო: “სტუმრებმა მატჩი ძალიან ინტენსიურად ჩაატარეს. ისინი მოედნის ყველა წერტილში იყვნენ, თუმცა მთავარია, რომ მოგება ჩვენ დაგვრჩა. ყველანი კმაყოფილები ვართ დანიშნული პენალტით. ახლა კარგ ფორმაში ვიმყოფებით და ყველა დაპირისპირებას მაღალ ნოტაზე ვხვდებით.”
სერხიო ბუსკეტსი: “პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ვეცდებით მეტოქეს დავეწიოთ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მატჩს, “მილანი” შეეცდება კონტრშეტევებზე დაგვიჭიროს და აუცილებლად სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. წინ მძიმე მატჩი გველის.”
ჯერარდ პიკე: “მართლაც ფანტასტიკური მატჩი იყო. ვულოცავ “ატლეტიკს” ასეთი ფანტასტიკური გუნდის და ფეხბურთელების ყოლას. ისინი ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობენ. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია!”



