workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შეტევის ახალი გზები

შეტევის ახალი გზები

ბარსელონას ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც შეტევის ხაზის ანალიზია მოყვანილი, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ სტატიას რეკომენდაციის სახე აქვს, თითქოს დაჯდა ბატონი ალექს დელმასი და რონალდ კუმანს ჭკუას ასწავლის. ასეთი რამ აქამდე არ მინახავს. ეს ჩვენ გვაქვს უფლება მსგავსი სტატიები დავწეროთ, Marca-ს, Mundo Deportivo-ს და სხვა საიტებს, მაგრამ ოფიციალურ საიტზე აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს.

ვვარაუდობ, რომ ეს ყველაფერი ესპანეთის ნაკრების თამაშმა განაპირობა, “ბარსას” ფეხბურთელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს, გაცილებით მაღალ დონეზე, ვიდრე კლუბში, კუმანზე ზეწოლა გაიზარდა და აგერ, ჭკუის სწავლებაც დაუწყეს. არ ვიცი, ლაპორტა ესაუბრება მწვრთნელს ჟურნალისტის პირით, თუ თავად გადაწყვიტა ასეთი სტატიის დაწერა, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე დაიწერა და ისიც ფაქტია, რომ უკვე ვთარგმნეთ.

ცოტა დილეტანტური სტატიაა, სხვა გამოცემებთან შედარებით, მაგალითად, იგივე Marca-სთან, ან The Athletic-თან შედარებით, ამიტომ, მცირე კომენტარებიც დავურთე ფრჩხილებში.

გამომდინარე იქიდან, რომ “ბარსა” წინა სეზონის მთავარმა მეგოლეებმა დატოვეს, გუნდს შესატევად ახალი გზების გამონახვა მოუწევს, ლიონელ მესისა და ანტუან გრიზმანის წასვლის შემდეგ “ბარსას” შეტევა მთლიანად გარდასაქმნელია, საჭიროა ახალი ლიდერი და ახალი იდეები.

მაღალი პრესინგი

“ბარსას” ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სიღრმიდან თამაშია, გუნდი მაღალ პრესინგს არ თამაშობს, რაც მომენტების სიმწირეს იწვევს. მაღალი პრესინგი ორი მიმართულებით იძლევა შედეგს: პირველ რიგში მეტოქეზე ზეწოლით შეცდომების რაოდენობა იზრდება და უფრო მეტი საგოლე მომენტი იქმნება, გარდა ამისა, შეტევის დაწყების საშუალებას არ აძლევ. თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა.

ასე ითამაშა “ბარსამ” “სოსიედადთან”, 48-ჯერ აართვეს მეტოქეს ბურთი და აქედან ოცჯერ ეს მათ ნახევარზე გააკეთეს. მას შემდეგ, ასეთი კარგი სტატისტიკა აღარ ჰქონიათ. ყველაზე საინტერესო სტატისტიკა ბურთის მოპოვების საშუალო მანძილის მაჩვენებელი გამოდგა, – 43,2 მეტრი. ესეც საუკეთესო სტატისტიკური მაჩვენებელია, რატომღაც “ბარსამ” იმავე გზაზე სიარული აღარ არჩია და უკან დაიხია. (აქამდეც გვინახავს სიღრმიდან მოთამაშე “ბარსელონა”, მაგალითად ვალვერდეს ხელში, პრაგმატული იყო, მაგრამ შედეგიანი. კუმანის “ბარსა” ვალვერდეს გუნდს ორგანიზების თვალსაზრისითაც ვერ შეედრება, ამიტომ, მხოლოდ სიღრმიდან თამაში ვერ ჩაითვლება პრობლემად).

შეტევა ცენტრიდან

“ბარსას” შეტევის ორგანიზატორები მოედნის ცენტრში არიან თავმოყრილნი და ყველაფერი მათ უნარსა და ტალანტზეა დამოკიდებული, წინა სეზონში “ბარსელონა” იყო გუნდი, რომელიც ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებლით უტევდა მოედნის ცენტრიდან, კერძოდ 36%-ით. (რაც მეტწილად მესის დამსახურება იყო).

თუმცა, ამ სეზონში გუნდი მოედანს ბოლომდე ვერ ითვისებს, იმისათვის, რომ ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელებს მეტი სივრცე მიეცეთ, საჭიროა, რომ ფლანგები აუტის უკანასკნელ ხაზამდე გაიხსნან და სივრცე მაქსიმალურად გაზარდოს, ამ დროს ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ დერეფნები მაქსიმალურად აითვისონ. (მაგალითად, რასაც ანდრეს ინიესტა აკეთებდა). ფრენკი დე იონგს, პედრის, სერჟი რობერტოსა და კოუტინიოს მეტი შანსი უნდა ჰქონდეთ შეტევისთვის, უფრო ახლოს უნდა იყვნენ მეტოქის კართან და უფრო მეტი გოლიც უნდა გაჰქონდეთ. არა მხოლოდ მათ, ამ სიას შეგვიძლია გავი და ნიკო გონსალესიც მივამატოთ, გუნდს მათი გოლები აუცილებლად სჭირდება.

სწრაფი გადასვლა შეტევაში

აუცილებელია, გუნდი დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადადიოდეს, რიგ შემთხვევებში ისე სწრაფად, რომ მეტოქემ თავდაცვის ორგანიზება ვერ შეძლოს, ბოლო დროს წარმატებული კონტრშეტევები შემცირებულია. “ბარსას” სათამაშო სტილი ორგანიზებულ შეტევას გულისხმობს, მაგრამ ხანდახან საჭიროა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები შეხებით გადახვიდე მეტოქის ნახევარზე.

აუცილებელია, ბალანსის პოვნა, როდის არის საჭირო სწრაფად შეტევაზე გადასვლა და როდის არის საჭირო პაუზის აღება, ასეთ გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, მთავარი ორგანიზატორი უნდა იღებდეს. (ის, რასაც ჩავი აკეთებდა). თუ გუნდმა ეს კომპონენტი გამოასწორა, გოლების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.

დეპაის ეფექტი

მემფისს კარგი ინდივიდუალური მონაცემები აქვს, რის ხარჯზეც მარტო შეუძლია თამაშის გამწვავება და მომენტის შექმნა, მნიშვნელოვანია, რომ ორივე ფლანგიდან ძალიან სახიფათოა, (რეალურად არ არის ასე, მარცხნიდან გაცილებით მაღალ დონეზე თამაშობს). “ბილბაოსთან” კი ვნახეთ, რომ ცრუ ცხრიანის პოზიციაზე დაიწყო თამაში, მატჩის ბოლოს კი მარცხენა ფლანგზე გადავიდა, ორივე პოზიციაზე თამაშს კარგად გაართვა თავი.

ცრუ ცხრიანის პოზიციიდან 28-ჯერ გაიხსნა მეტოქის კართან, მიიღო ერთი კარგი შანსი და 61-ე წუთზე ზუსტადაც დაარტყა. ხოლო მარცხენა გარემარბის პოზიციიდან 22-ჯერ შეუტია მეტოქის კარს, ორჯერ მოარტყა ჩარჩოში და ერთი გოლიც გაიტანა. გუნდი უნდა ეცადოს, რომ მემფისს რაც შეიძლება მეტი მომენტი შეუქმნას, რადგან შეტევის ნებისმიერი ზონიდან მოაქვს ხიფათი.

შემცირებულია ჟორდი ალბას ჩართვები, მესის წასვლის შემდეგ ალბა ვეღარ არის ისეთი ეფექტური, როგორიც იყო, აუცილებლად მესიზე გაკეთებულმა პასმა კი სხვა ადრესატი უნდა იპოვოს და კარგი იქნება თუ აქცენტი დეპაიზე გაკეთდება.

ფატი და დემბელე

უმნიშვნელოვანესია ანსუ ფატის დაბრუნება, მას შეუძლია დრიბლინგით გაცდეს მოწინააღმდეგეს, აქვს მომენტების რეალიზების მაღალი მაჩვენებელი და დეპაის მსგავსად, როგორც ცრუ ცხრიანის, ისე მარცხენა გარემარბის პოზიციაზე შეუძლია წარმატებით თამაში. მისი და დემბელეს თამაშის შემთხვევაში “ბარსა” ფლანგებს მაქსიმალურად წარმატებით გამოიყენებს. (როგორც ჩანს, ოფიციალურ საიტზე დემბელეს იმედი ჯერ კიდევ აქვთ).

უნდა ვახსენოთ მარტინ ბრეითუეიტიც, რომელსაც ახლა ტრავმა აქვს და გუნდს ვერ ეხმარება, მაგრამ პრესინგის დროს სწორედ ის არის ყველაზე აქტიური და შედეგიანი. არ არის გასაკვირი, რომ მეტოქის ნახევარზე მოპოვებული ბურთის რაოდენობამ მისი ტრავმის შემდეგ მოიკლო. (პრესინგი გუნდური მუშაობის შედეგია და არა ინდივიდის).

ახალგაზრდები

წინა სეზონში წარმატებით მოხდა პედრის ინტეგრირება ძირითად შემადგენლობაში, მიმდინარე სეზონში კი ახალი სახეები გამოჩნდნენ გავის, ნიკოს, დემირისა და ბალდეს სახით. მათი გამოჩენით კონკურენცია გაიზარდა, გავიმ ესპანეთის ნაკრებშიც ითამაშა და “ბარსას” გამოცდილი ფეხბურთელები ხვდებიან, რომ საქმე ძალიან ნიჭიერ და პერსპექტიულ ფეხბურთელთან აქვთ. შესამჩნევად პროგრესირებენ დანარჩენი ახალგაზრდებიც.

აგუერო და ლუკ დე იონგი

“ბარსას” ჰყავს ორი განსხვავებული სტილის ცენტრფორვარდი, კუნ აგუერო ტანმორჩილი და მოძრავი ფორვარდია, რომელიც მუდმივად ეძებს სივრცეებს მეტოქის საჯარიმოსთან და ძალიან იშვიათია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მომენტი ვერ შექმნას. აგუერო მაღალი სტატისტიკური მაჩვენებლით გამოირჩევა.

ლუკ დე იონგი სპეციალისტია დამაგვირგვინებელ ფაზაში, (მგონი დაგვცინის), ძლიერია მეორე სართულზე და ნებისმიერი ფლანგის გააქტიურების შემთხვევაში ჩაწოდებას ყოველთვის ექნება აზრი. ეხერხება ბურთის დაჭერა ზურგით, რაც გუნდს მაღლა აწევის და მანძილის მოგების საშუალებას აძლევს. ორი ასეთი ვარიანტის ქონა გუნდს ძალიან უნდა გამოადგეს.

სტატისტიკური მაჩვენებლები გამოთვალა Opta Sports-მა.

ეს საეჭვო სტატია ბარსელონას ოფიციალურ საიტზე მოამზადა ალექს დელმასმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 11 ოქტ 2021, 14:52
    #1

    ეს საეჭვო სტატია ბარსელონას ოფიციალურ საიტზე მოამზადა ალექს დელმასმა.
    მთავარი არ დაწერა დელმასმა, გუნდი მოედანზე უნდა მოძრაობდეს და არ უნდა იძინებდეს თუ პირველი გაიტანს.