ევრო ფლეიოფებით ბრუნდება

ევრო ფლეიოფებით ბრუნდება

დღეს ევროს ფლეიოფები იწყება! დიდი ამბავია, საერთოდ, ჯერჯერობით მშვენიერი ჩემპიონატია, უფროსი თაობის ხალხი კი დაგვჩხავის ეს ფეხბურთი არ არისო, მაგრამ მე მგონი, რომ მაინც ფეხბურთია. უელსი დანიას შეასკდება, იტალია აუსტრიას, ყველას თავის ინტერესი აქვს, "ბარსასთან" დიდად არ იკვეთება ეს დაპირისპირებები, მაგრამ რაღაცის პოვნა მაინც შეიძლება, მაგალითად, ლორენცო ინსინიეს მიმართ ინტერესი არსებობსო, ასე ამბობენ კატალონიაში და გვინდა თუ არა, სანამ დადასტურდება ან უარყოფენ, განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებთ თვალყურს. "ბარსას" კარგი მარცხენა გარემარბი ნეიმარის შემდეგ არ ჰყოლია. თითქოს ფატი ადაპტირდა ამ პოზიციაზე, მაგრამ მერე ცუდად წაუვიდა საქმე. ინსინიე კიდე ზუსტად ის ფეხბურთელია, რომელზეც ყოველგვარი გამოთვლების გარეშე იცი, რომ ამ პოზიციის ფეხბურთელია და გადაწევ-გადმოწევა არ დასჭირდება. 

მეორე მატჩს რაც შეეხება, ჩვენი დიდებული ცხრიანი, მეტოქის რისხვა! მარტინ ბრეითუეიტი იქნება უელსელთა წინააღმდეგ, არ აქვს ცუდი ჩემპიონატი და უელსელთა დაცვით თუ ვიმსჯელებთ, გოლის გატანის შანსი უნდა მიეცეს, როგორც წესი, სამი მომენტიდან ერთს იყენებს ხოლმე, ვნახოთ ამჯერად რას იზამს. 

ამ წყვილში გამარჯვებული, ჩეხეთი ჰოლანდიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, ნიდერლანდები ხარობენ, მარტივი ცხრილი შეგვხვდაო, მართლაც ასეა, დე იონგი და დეპაი მარტივად უნდა გაძვრნენ ნახევარფინალამდე, ოღონდ, ვეინალდუმი იმუქრება, ერთი რასისტული შეძახილიც, რომ გავიგო ტრიბუნიდან, მოედანს დავტოვებო! ჰოდა, დიდი ეჭვი მაქვს, რომ გააგონებენ, საინტერესოა როგორ მოიქცევა, UEFA აქაც უსუსურია, ამდენი წელია გადაღლილი სარეკლამო ჭრების მეტი ვერაფერი მოიფიქრა. 

ფრანგებმა და ესპანელებმა თუ ლოგიკურად შეძლეს გზის გავლა და მეტოქეების დამარცხება, ერთმანეთს გადაეყრებიან მეოთხედფინალში, აი, აქ მოიყრის თავს ყველაზე მეტი "ბარსელონელი" და ორი ბანაკის დაპირისპირებას ვიხილავთ. ჩვენი ვარაუდი კი გამართლდა, თუ ბენზემა თამაშობს, გრიზმანი კარგად ვერ გამოიყურება და პირიქით. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ფრანგების სამივე შემტევს ერთად კარგი მატჩი ჩაეტარებინოს. ანტუანის უპირატესობა ის იყო, რომ ნაკრებში კლუბისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდა, ბევრს იტანდა და თანაც ლამაზად, საგოლე პასებს აკეთებდა, მომენტებს ქმნიდა, ბენზემას დაბრუნების მერე კი ვხედავთ იმ გრიზმანს, რომელიც "ბარსაში" გვყავს, ჩრდილში მყოფი ფეხბურთელი, პრესინგის დროს შეუდარებელი! მაგრამ, საქმე ის არის, რომ მისი მთავარი მოვალეობა პრესინგი არ არის, ამით უბრალოდ უღიმღამო თამაშის გადაფარვას ცდილობს და ხანდახან გამოსდის კიდეც. 

თუ ლოგიკურად მივყვებით, შემდეგი მატჩი გრიზმანის არის და არა ბენზემასი, ამიტომ მისგან უფრო ველი გოლს. ან იქნებ, გადალახონ ეს ბარიერი და შეძლონ შეთამაშება?! 

კოპა

ერთი ტურიც და ოკეანის გადაღმაც დაიწყება ფლეიოფები, ბრაზილია მთავარ ფავორიტად გამოიკვეთა, საშინაო არენაც ხელს უწყობთ და მშვენიერ ფორმაშიც არიან, მთავარი კონკურენტი არგენტინაა, უმეტესად მესის ფაქტორის გამო, თორემ, დიდი ვერაფერი გუნდია. თუმცა, შანსი კარგი აქვთ, რადგან აღარც ურუგვაი ჰგავს არაფერს და აღარც ჩილე. პარაგვაი-კოლუმბიაზე აღარ ვლაპარაკობ, ერთადერთი გუნდი, რომელზეც წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არგენტინაზე უკეთესია, მხოლოდ ბრაზილიაა, ასე რომ, სავარაუდოდ სანაკრებო "კლასიკოსაც" ვიხილავთ. 

ლეო 34 წლის გახდა. ჩაგვაბერდა ხელში. ორ წელში ამერიკისკენ უშვებენ, კონტრაქტის მიხედვით ასეა, ცოტა უსამართლო გადაწყვეტილება მგონია, 36 წლის რონალდუ დღემდე ევროპაშია, 36 წლის მესი რატომ უნდა წავიდეს სხვაგან?! კარგად დაფიქრება მართებთ, სანამ ამ კონტრაქტს შესთავაზებენ, თანაც არ მგონია, რომ თავად ეჩქარებოდეს დიდი ფეხბურთიდან აბარგება. აი, სანაკრებო ტიტული თუ მოიგო, ერთი მსოფლიო ჩემპიონატიღა დარჩება ჩასატარებელი და ალბათ ამოწურავს კიდეც ოცნებებს, თანაც, შორს კი არ არის, აგერ ერთ წელში, ძალიან უცნაური მუნდიალი გველის წინ, რომელიც კაცმა არ იცის რას გვიმზადებს. შუა სეზონში გაწყვიტავენ ჩემპიონატს და გაეშურებიან მუნდიალზე! სად გაგონილა?! 

არსად! უბრალოდ FIFA-ს ბოსებმა დიდძალი თანხა ჩაიჯიბეს და ყველაფერზე თავი დააქნიეს. 

რაღაც უპირატესობა ამასაც ექნება, მაგალითად, მუნდიალზე ფორმის პიკში მყოფ ფეხბურთელებს ვიხილავთ და არა გამოწურულ-გასავათებულებს. 

მოკლედ, მესის მშვენიერი შანსი აქვს კოპას მოგების. უფრო კარგი შანსებიც ჰქონია, მაგრამ ამასაც არაუშავს. ერთი ბრაზილია ჰყავს შუაზე გადასახევი, რაც არ არის მარტივი საქმე, კი არადა, მეტად რთული ამბავი იქნება, იქამდე კი არავინ იცის რა მოხდება, შესაძლოა აღარც არგენტინა დარჩეს და აღარც ბრაზილია, კოპა ამერიკაა ბოლოს და ბოლოს, თავს და ბოლოს ვერ გაუგებ ისეთი ჩემპიონატია. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მწერალი [?]
    #3 26 ივნისი 2021 16:02
    0
    nika 54,
    რას ამბობ?! ყურებიდან სისხლი მდის უკვე, ყველგან ეგ მესმის, ეს რა ფეხბურთიაო.. მძლეოსნები დარბიანო : ))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ივნისი 2021 15:14
    0
    უფროსი თაობის ხალხი კი დაგვჩხავის ეს ფეხბურთი არ არისო???
    არა მგონია აქ ჩემზე უფროსი თაობის ბევრი იყოს, მაგრამ მათ შორისაც არ მეგულება ისეთი ვინც ახლანდელ ფეხბურთზე აუგს იტყვის. პელეც კარგად მახსოვს და კრუიფიც, მაგრამ ის მაგია რაც ლეოს აქვს მარტო მარადონა ავლენდა და იმასაც თვითონ აფუჭებდა თავისი საზიზღარი ქცევით მოედანზე თუ მის გარეთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ივნისი 2021 11:47
    1
    თუ ორივე პირველზე გავიდა, სავარაუდოდ ფინალამდე ერთმანეთს არ გადაეყრებიანო. ამიტომ შეიძლება მოხდეს სასწაული და რომელიმე ნაკრებმა მოუყუმაროს ბრაზილიას, ამით კი არგენტინას გაუხსნას გზა.