3 მარტს “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს ხიხონის “სპორტინგს”. ისტორიას აღნიშნულ გუნდებს შორის 103 დაპირისპირება ახსოვს.
არავისთვისაა გასაკვირი, რომ “ბარსელონასა” და “სპორტინგის” დაპირისპირებებში უპირატესობა კატალონიელების მხარესაა. 103 შეხვედრიდან “ლურჯ-ბროწეულისფრები” 62-ჯერ გამარჯვებულები გამოვიდნენ, 19-ჯერ დამარცხდნენ, ხოლო 22-ჯერ დასჯერდნენ ფრეს. კატალონიელებმა ხიხონელებისთვის გოლის გატანა 223-ჯერ მოახერხეს, საპასუხოდ კი 87 ბურთი მიიღეს საკუთარ კარში. ბურთების შეფარდება +136 “ბარსას” სასარგებლოდ.
“ბლაუგრანა” 26-ე ტურის შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება. ტრავმირებულთა სიას სანაკრებო ბატალიებისას დაშავებული ორი ფეხბურთელი შეემატა. “ბარსას” ლაზარეთში დღევანდელი მდგომარეობით ირიცხებიან აფელაი, ფონტასი, ვილია, ტიაგო და აბიდალი. დისკვალიფიცირებულები არიან ლიონელ მესი და სერხიო ბუსკეტსი, რომლებმაც რიგით მე-5 ყვითელი ბარათები მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში მიიღეს. “სპორტინგთან” მატჩში დისკვალიფიკაციის ზღვარზე მოუწევთ თამაში ალექსის სანჩესსა და სესკ ფაბრეგასს. “ბარსას” ორივე ფეხბურთელს 4-4 ყვითელი ბარათი აქვთ მიღებული, შესაბამისად კიდევ ერთი გაფრთხილება მათთვის ავტომატურად ერთ მატჩიანი დასვენების მანიშნებელი იქნება.



