workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი – ფეხბურთელი, რომელიც გაიძულებს იოცნებო

ლეო მესი – ფეხბურთელი, რომელიც გაიძულებს იოცნებო

“ის სასწაულებს აკეთებს, ახალი მარადონაა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გვაიძულებს ვიოცნებოთ” – სამუელ ეტოო

მესის ბებია დაწვრილებით იხსენებს ყველაფერს. ოთხ წლამდე ლეო ეზოში თამაშობდა და სხვა გასართობი მისთვის არ არსებობდა.
მისი თამაშის შემხედვარე ბებიამ (რომელიც დღემდე მარადონას დიდ ფანატად ითვლება) გადაწყვიტა ლეო პროფესიულ ფეხბურთს ეზიარებინა და “როსარიოს” ბავშვთა გუნდში მიიყვანა, სადაც ყველა ბავშვი მესიზე დიდი იყო ასაკით.
მესი ყოველთვის პატარა იყო თავის ასაკთან შედარებით. მინი – ლიგაში თამაშისას ეს განსაკუთრებით მოხვდებოდა კაცს თვალში, თუმცა ჩია ლეო ელვის სისწრაფით გახდა “გრანდოლინის” ლიდერი.
უხეში თამაში ერთადერთი გზა იყო მის შესაჩერებლად (ისინი ამას გაბრაზებისგან არ აკეთებდნენ, მაშინ ხომ პატარები ვიყავით. იხსენებდა ლეო ინტერვიუში).
მიუხედავად ფეხებში მრავალჯერ ჩარტყმისა, არგენტინელი ვუნდერკინდი არასდროს ბრაზდებოდა და ამ ფაქტს ღიმილით ხვდებოდა, ისევე როგორც ამას დღეს აკეთებს “ბარსელონაში”.
“გრანდოლინიდან” ლიონელი ნამდვილად დიდ გუნდში, “ნიუელს ოლდ ბოისში” გადავიდა და იქ ხუთი წელი გაატარა. მისი საშუალო მაჩვენებელი სეზონში 100 გოლი იყო.
სწორედ მაშინ შეხვდა ყველაზე დიდი წინაღობა მესის. ექიმებმა დასვეს დიაგნოზი – სიმაღლეში ზრდის ჰორმონების დეფიციტი. მას ყოველდღიური ინექციები დაუნიშნეს, რაც უდიდეს თანხას მოითხოვდა. ეს თანხა არც სოციალური დახმარების სამსახურმა გამოყო და არც კლუბმა.
პატარა ლეოს თვალზე ცრემლი მოადგა, როდესაც დიაგნოზი მოისმინა – დედა, მე ვეღარ გავიზრდები? ! სულ ასეთი პატარა დავრჩები?
ეს შეკითხვა დაუსვა მან დედას, რომელიც ტიროდა და არ იცოდა, რა ეთქვა შვილისთვის.
ლეოს მამას, ხორხეს არ გააჩნდა იმის საშუალება რომ სრული კურსი ჩაეტარებინა შვილისათვის. უამრავი მცდელობის შემდეგ ჰორიზონტზე “ბარსელონა” გამოჩნდა (2000 წლის სექტემბერში), რომელსაც პატარა გენიოსის საქმეში ნახვა უნდოდა .
13 წლის ასაკში ლეოს სინჯები უნდა გაევლო “ბარსაში”, მის დასაკვირვებლად არგენტინას თვით კარლოს რექსაჩი ესტუმრა, რომელიც მანამდე კატალონიური გრანდის ფეხბურთელი და შემდეგ მთავარი მწვრთნელი იყო.
რექსაჩს ზუსტად შვიდი წუთი დასჭირდა იმისთვის, რათა ლეოს ტალანტი დაენახა. ეს იყო 2000 წლის 3 ოქტომბერი, საღამოს ხუთი საათი, როდესაც ლეო მორიგ თამაშს თამაშობდა (როგორც ყოველთვის დიდი ასაკის ფეხბურთელებთან).
– ვინ არის ეს? – იკითხა რექსაჩმა.
– ეს ხომ მესია, – უპასუხა რამდენიმე ბავშვის მშობელმა, რომლებიც საკუთარ შვილებზე მეტად ლეოს თამაშით იყვნენ დაინტერესებულები.
– სასწრაფოდ უნდა წავიყვაონოთ ბარსელონაში, – ჩაილაპარაკა რექსაჩმა.
მისმა გვერდით მჯდომმა ადამიანმა მას მესის სიმაღლეზე მიუთითა, რაზეც უკმეხი პასუხი მიიღო:
– მაგას ჩვენ მივხედავთ, ეს ბავშვი ჩემთან მიმყავს.
ხორხე მესიმ, რომელიც როსარიოში მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა (სმენის უფროსად), სასწრაფოდ მიატოვა სამსახური და შვილთან ერთად ბარსელონაში გადავიდა, რათა შვილს მომავლის აწყობაში დახმარებოდა.
ლეოს დედა, სელია, როსარიოში დარჩა. ლეო სულ სხვა სამყაროში მოხვდა , მივიდა სკოლაში, სადაც სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ და მას არ ჰქონდა საშუალება, თანატოლებთან დაემყარებინა კავშირი.
რამდენიმე ხანში მშობლებმა მას უკან დაბრუნება შესთავაზეს, რათა ისევ ერთად ყოფილიყვნენ. პატარა ლეოს ძალიან უჭირდა უცხო გარემოში, თუმცა 13 წლის მესიმ და მისმა მშობლებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ უნდა გაეგრძელებინათ ბრძოლა და იმდროინდელ ბრძოლისუნარიანობას და ერთიანობას დღესაც თეთრი შურით იხსენებენ ჯურნალისტები.
“ბარსელონას” ფიზიოთერაპევტი, ხუანხო ბრაუ თავიდანვე გახდა ხიდი “ბარსელონას” და მესის შორის. ხუანხო ლეოს და მის ოჯახს კატალონიაში ჩასვლის დღიდანვე იცნობს.
ბრაუ ძალიან ეხმარებოდა პატარა ლეოს, დაყვებოდა ყველგან და ეხმარებოდა საკუთარი თავის დამკვიდრებაში. ხუანხოს ხშირად უთქვამს, რომ მესისთან ურთიერთობა არ არის ადვილი, თუმცა კარგად გაცნობის შემთხვევაში ძნელია არ შეგიყვარდეს არგენტინელი:
– პირველივე დანახვაზე ხალხის მასა მისით მოიხიბლა, მუდამ მორიდებული ღიმილით და ჩვეული მოკვდავის ქცევით გამორჩეული ლეო ყველა ადამიანში სიმპათიას იმსახურებდა.
ის არასდროს იქცეოდა ჰოლივუდის ვარსკვლავივით და მიუხედავად უდიდესი წარმატებისა, ახლაც ზუსტად ისეთივე მესია როგორც ჩვენი პირველივე გაცნობისას. დღეს იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამ წლების განმავლობაში ისევ იმ ადამიანებთან მეგობრობს ვისთანაც წლების წინ მეგობრობდა. გვერდით ყავს ოჯახის წევრები, რომლებიც მუდამ ცდილობენ ხელი შეუწყონ. არ არსებობს ადამიანი რომელიც იტყვის რომ ლეომ მას აწყენინა და არასამართლიანად მოექცა (მეტოქე გუნდის მცველებს არ ვგულისხმობ – ამატებს სიცილით ხუანხო ბრაუ).
არც პირადი დაცვა ყავს და არც პირადი მძღოლი, ხშირად შეხვდებით მას ბარსელონას ქუჩებში მოსიარულეს, ან თუნდაც რომელიმე კაფეში. მუდამ ავტოგრაფებს არიგებს და სურათებს იღებს გულშემატკივრებთან ერთად, მე ხშირად მომბეზრებია ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა რომ ამ ისტერიკის მონაწილე არ ვყოფილვარ, მაინც მღლის ხოლმე. ლეოს კი ერთხელაც არ დაუჩივლია, არც კი ვიცი ამდენი სიკეთეს როგორ შეიძლება იტევდეს ეს პატარა ბიჭი.
სულ მცირე დროში ბრაუ ძალიან დაუახლოვდა მესის და დღესდღეობით მისი ოჯახის წევრად ითვლება. ისინი დღესაც განუყრელი მეგობრები არიან. მისი მესისთან გამოჩენა, ფეხბურთელის სიმშვიდის მომასწავებელია: ”მე მხოლოდ ერთი შეხედვა მინდა და უკვე ვიცი როგორ ხასიათზეა ლიონელი.” – გვიყვება ბრაუ და იქვე იმ საიდუმლოსაც გვიმხელს, რითაც მესის დაუმეგობრდა: ”მე მის აზრს, მის შინაგან სამყაროს და მის სიმშვიდეს პატივს ვცემ”.
17 წლის ასაკში ”ნოუ კამპზე” ამხანაგურ მატჩში ”იუვენტუსის” წინააღმდეგ გამოვიდა. იტალიელებს მაშინ დიადი ფაბიო კაპელო წვრთნიდა, რომელსაც თამაშის მიმდინარეობისას რამდენჯერმე ამოხდა: ”ღმერთო ეს ეშმაკი ვინ არის?”.

კარლოს ბილარდომ (არგენტინის ნაკრების მწვრთნელი მარადონას თამაშის პერიოდში) გაოცებისგან განაცხადა: ”ამ ბიჭს რენტგენი რო გადაუღოთ, ფეხზე მიწებებულ მრგვალ სფეროს აღმოაჩენთ”.
ის აგრძელებს ისე თამაშს, თითქოს კიდევ ბავშვი იყოს და ისევ ეზოში აგორებდეს ბურთს მეგობრებთან:
– მე აქედან არსად წავალ, არც მადრიდში და არც არსად.
როდესაც მასთან ერთად ტრავმის შემდგომ ადაპტაციის პერიოდს გავდივართ ხოლმე, მე ყოველთვის მიმაქვს მასთან ბურთი, რადგან მის გარეშე ისე გამოიყურება, როგორც უდაბნოში მდგარი მარტოსული ხე. ბურთი მისი საუკეთესო მეგობარია. ბედნიერია როდესაც თამაშობს. თუ მას თამაშის გამოტოვება უწევს, მეორე დღეს ძალიან ნერვიულია, ბედნიერებისთვის მას ბურთი ისევე სჭირდება როგორც ყველა ადამიანს ჰაერი.” – ამბობს ხუანხო ბრაუ.
მესი და ბურთი – თევზი და წყალი. ლეოს და მრგვალი სფეროს ურთიერთაგაგებაზე ერთი ფაქტიც მეტყველებს. 2005 წელს ”ბარსელონა” აზიურ ტურნეში იყო. ის ჯერ კიდევ ახალბედა იყო მთავარ გუნდში და მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით სათადარიგო სკამზე უწევდა ჯდომა. მის წინ პატარა კედელი იყო, რომელიც მუხლებამდე წვდებოდა (”სან სიროს” სათადარიგო სკამის მსგავსი). მთელი მატჩის განმავლობაში მესის ბურთი ფეხებში ჰქონდა და კედელს ეთამაშებოდა, მისი დაჟინებული მზერით ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა ადამიანს, თითქოს ეს მისი სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი გზა იყო, მისთვის სკამიდან თამაშის ყურება ხომ სიკვდილის ტოლფასია.
ბურთი მისთვის ნარკოტიკია, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს. უზომოდ შეყვარებული ბიჭის მზერა ჰქონდა, მის წინ კი ლამაზი გოგოს ნაცვლად უბრალო ბურთი იყო. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მას აზრი ჰკითხეს ბრაზილიელების საყვარელ გამოთქმაზე (”ბურთს როგორ ქალს ისე უნდა ეფერებოდა”), რაზეც ლეო უხერხულად შეიშმუშნა და გაწითლდა. არ დაეთანხმა ჟურნალისტს თუმცა არც უარყოფით მოუკლავს თავი.
2006 წელს, როდესაც ”ბარსამ” ჩემპიონთა ლიგა და პრიმერა მოიგო, მესის უკვე მყარად ჰქონდა ფეხი მოკიდებული მთავარ გუნდში. ყველას ახსოვს ”ჩელსისთან” მეოთხედფინალური მატჩი, სადაც დელ ორნოს სისხლი გაუშრო და ჭკუიდან გადაიყვანა ბასკი მცველი. თუმცა ტრავმის გამო ფინალური მატჩის გამოტოვება მოუწია. იგი ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ყალიბდებოდა.

მისი პირველი დიდი საოცრება სუპერკლასიკოში მოხდა. ”ბარსელონა” ”რეალთან” 2-3 აგებდა და მატჩის ბოლო წუთი იყო, კატალონიელები კაცნაკლულები თამაშობდნენ. ლეომ ბურთი საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო, გარშემო სულ თეთრმაისურიანი ფეხბურთელები იყვნენ. მის წინ არამარტო მცველები არამედ მადრიდელი ფორვარდებიც იდგნენ, რომლებიც ბოლო წუთის მოლოდინში იყვნენ და მათი ერთადერთი მიზანი მესისთვის ბურთის წართმევა იყო, რის შემდეგაც მატჩიც დამთავრდებოდა. ლეომ ცრუ მოძრაობით ორი ფეხბურთელი ჩამოიტოვა და საჯარიმოში შეიჭრა, სადაც მას წინ მადრიდელთა საუკეთესო მცველი სერხიო რამოსი გადაეღობა. მესიმ ესპანელი მცველი ბავშვივით გააცურა და მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს, კასილიასს კუთხეში ისე გაუტანა რომ იკერს ერთი პროცენტი შანსიც კი არ ჰქონდა ამ ბურთის მოგერიების. ამ ყველაფერს მე დაახლოებით 2 წუთი ვყვები და მესიმ ეს ყველაფერი 5 წამში გააკეთა. ეს მისი მესამე გოლი იყო იმ საღამოს, რითიც ისტორიაში შევიდა და მილიონობით ადამიანის თვალში კერპი გახდა.
მეორე საოცრების მოლოდინში მყოფ გულშემატკივრებს ლეომ დიდხანს არ ალოდინა და ზუსტად ერთ თვეში ”ხეტაფესთან” ისეთი გოლი გაიტანა, ყველას თვალწინ დიდი დიეგო მარადონა დაუდგა. მან ბურთი საკუთარ ნახევარზე, უკიდურეს კუთხეში მიიღო და დაიძრა, თან გაიყოლა მთელი ”ხეტაფე”, საჯარიმოში ისარივით შევარდა, მეკარეც მოატყუა და საოცარი გოლი შეაგდო. ეს გოლი კოპირება იყო მარადონას მიერ გატანილი გოლის, რომელსაც დღესაც ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გოლად თვლიან. კიდევ ერთი გოლი რომელმაც მსოფლიო შეშალა ჭკუიდან და 5 წლის ბავშვიდან დაწყებული უხუცესებით დამთავრებული ახალი მარადონას გამოჩენაზე აალაპარა.
გადის დრო და მესი უფრო და უფრო ხშირად იტანს გოლს და არიგებს საგოლე გადაცემებს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი რომ იგი დღეს მსოფლიოში საუკეთესოა. არსებობს ისეთი ხალხი ვისაც კიდევ სჯერა რომ კრისტიანო რონალდუ მას კონკურენციას გაუწევს, თუმცა კატასტროფული სისწრაფით მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი რომელიც თვლის რომ ლეო აჯობებს ისეთ ვირტუოზებს როგორიც იყვნენ ზინედინ ზიდანი, რონალდო (ბრაზილიელი), რონალდინიო (როდესაც იგი პროფესიონალი იყო) და პელეს და მარადონას გაუთანაბრდება.
თავად მარადონა აღიარებს რომ მისი ნაკრების წარმატება სწორედ მესიზეა დამოკიდებული. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, საფრანგეთთან გამართულ მატჩში, როდესაც მესიმ გამარჯვების გოლი შეაგდო, გასახდელში ჩასული უგვირგვინო მეფე მიუტრიალდა მეგობარს და უთხრა:
– ”აი ნახავ, ეს ბიჭი მე მაჯობებს…”
ხორხე ვალდანო, რომელიც მარადონასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა დარწმუნებულია რომ მესი მარადონას აჯობებს:
– ”თუ სწრაფი ფეხბურთელი ხარ, არგენტინაში ამბობენ რომ ზურგზე რაკეტა გაქვს დამაგრებული, ლეოს კი ორი რაკეტა აქვს, ერთი ზურგზე და ერთიც თავში. მას აქვს ფიქრის სისწრაფე, ფიზიკური და ტექნიკური სისწრაფე, სამი გამანადგურებელი თვისება. ის ფინტს მეტოქის მცველს ფეხებში უკეთებს. იცის რომ მეტოქეზე სწრაფია, როგორც ფეხებით ისევე აზროვნებით. თან ის ამას აკეთებს არა ბურთის ან მოწინააღმდეგის ყურებით, არამედ ჰორიზონტის დაზვერვით, როდესაც ფინტის გაკეთება დამთავრებული აქვს უკვე იცის სად იმყოფება კარები, სად თანაგუდნელი და სად მეტოქე.”
კითხვაზე შეიძლება თუ არა მესის იმ დონეზე დაყენება როგორზეც პელე და მარადონა არიან, ხორხე ვალდანო პასუხობს:
– ”ჩემი აზრით კი. დღეს მესი უფრო მასშტაბურია და უფრო სასიამოვნო საყურებელია ვიდრე 21 წლის მარადონა. ამ ასაკში დიეგომ ესპანეთში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და დიდი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ მარადონას ისეთ დიდ კლუბში არ უთამაშია როგორიც დღევანდელი ”ბარსელონაა”.
ამ მომენტში მესი პელესთან უფრო ახლოს არის, რომელიც 1970 წელს ბრაზილიის ნაკრებში თამაშობდა და გარს უამრავი ვარსკვლავი ეხვია.”
ვალდანო არ არის ერთადერთი ვინც მესის და მარადონას ერთმანეთს ადარებს. ამ ყველაფერზე თავისი აზრი კაპელომაც გამოთქვა:
– ”ყველა ერას ყავს თავისი სუპერვარსკვლავი, ასეთები იყვნენ პელე და მარადონა, მესის შეუძლია ამ დეკადის მეგავარსკვლავი გახდეს”.
ფრანგმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ ერთადერთი ვინც იმას აკეთებს ბურთით რასაც მესი, იყო მარადონა. ამ წინადადების წარმოთქმის შემდეგ ტიტი მიხვდა რომ მტკივნეულ თემას შეეხო და უცბად გაჩუმდა, ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო:
– ”მგონი ეს არ უნდა მეთქვა, არ მინდა ზეწოლა მოვახდინო ლეოზე, მაგრამ ის და დიეგო ძალიან გვანან ერთმანეთს”.
ყოფილი თანაგუნდელი ჯანლუკა ძამბროტა კი ამბობს რომ მესითვის სულ ერთია სად ითამაშებს ”ნოუ კამპზე თუ სადმე ეზოში”. ამასვე ადასტურებს ყოფილი მწვრთნელი ფრენკ რაიკაარდი, რომელმაც გადმოიყვანა მთავარ გუნდში ლეო:
– ”მისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა 10 კაცი უყურებს თუ 100 000 ადამიანი, მაინც ერთნაირი შემართებით თამაშობს”.
მიშელ რობინსონი რომელიც “Canal+”-ის სპორტული ჟურნალისტია და ”ოსასუნას” და ”ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი, ამბობს რომ მესის შეუძლია მარადონას სიმაღლემდე მიაღწიოს და აჯობოს კიდეც მას:
– ”თუ იგი შეინარჩუნებს ამ მოტივაციას და შემართებას, რასაც მოისურვებს იმას მიაღწევს. მისი თავმდაბლობა და მორცხვობა მას უფრო დიდებულს ხდის. ის არ არის ეგოისტი, არასდროს ათრევს ბურთს ზედმეტად. ხანდახან აქვს მომენტი როდესაც ენანება ბურთი გასაშვებად და ესეთ მომენტებში ყოველთვის მეცოდებინა მეტოქის მცველები.”
რობინსონმა ასევე შეადარა კრისტიანო რონალდუ და მესი:
– ”რონალდუ შესანიშნავია ფეხბურთელია, ამაზე არავინ დავობს, განსხვავება იმაშია რომ პორტუგალიელი ვარსკვლავივით იქცევა და რაც არ უნდა უთხრა ისეთ სახეს ირებს თითქოს ეგ უკვე იცოდა. ის გუნდზე თამაშობს, თუმცა უფრო მეტად საკუთარ თავზე. მესის შემთხვევაში სულ სხვანაირადაა. ლეო არასდროს არ ერთობა თავისი რეპუტაციით და მიღწევებით. ის არ ეფლირტავება სხვა კლუბებს, როგორც ამას კრისტიანო აკეთებს. მესი ამბობს რომ ”ბარსაში” ბედნიერია და არსად არ მიდის, მორჩა წერტილი.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward