მწვრთნელი მიიჩნევს, რომ იმ თამაშით, რასაც გუნდი მიმდინარე სეზონში აჩვენებს არ იმსახურებს ლიდერთან 10 ქულიან ჩამორჩენას.
”ვალენსიასთვის” მასტერკლასის ჩატარების შემდეგ პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელები შეაქო. მწვრთნელისთვის ”პრივილეგიაა” ამ ფეხბურთელების ყურება. ”ჩვენ ძალიან იღბლიანები ვართ, რადგან იმ ერაში ვცხოვრობთ, როცა ეს ფეხბურთელები თამაშობენ” – განაცხადა გვარდიოლამ როცა გუნდის თამაშზე შეეკითხნენ.
”ჩვენ შორს ვართ”
”ბარსას” სათამაშო დონეზე საუბრისას მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ”მთელი წლის განმავლობაში ნაჩვენები თამაშით ჩვენ არ დაგვიმსახურებია ლიდერთან 10 ქულიანი ჩამორჩენა. სირცხვილია ის, რომ ასე შორს ვართ. მე გულრწრფელად მჯერა, რომ ჩვენი თამაში 10 ქულით უკან ყოფნას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ ვართ და ამით უნდა ვიცხოვროთ. დისტანცია ესაა, ახლა კი ვნახოთ რისი შესრულება შეგვიძლია” – განაცხადა მწვრთნელმა.
გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრისას პეპმა ფეხბურთელებს ბოლომდე ბრძოლა მოუწოდა: ”ჩვენ ძალიან კონკურენტული უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სეზონი დაუსრულებლად მოგვეჩვენება. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ლა ლიგაში დარჩენილი სამი თვე ფუჭი არ არის და უნდა ვეცადოთ საუკეთესოდ შეჯიბრი… ჩვენ მივდივართ ”კალდერონზე” სათამაშოდ და კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ, შემდეგ კი ვნახოთ შევამცირეთ თუ არა სხვაობა. თამაშისთვის მზადებას ოთხშაბათს დავიწყებთ, ეს კარგი ტესტი იქნება იმისთვის, შეგვიძლია თუ არა ტიტულისთვის ბრძოლა”.
”ჩვენ არ ვითამაშებთ იქ, სადაც არ სურთ ჩვენი ხილვა”
როცა პეპს თასის ფინალის შესაძლო ”მესტალიაზე” გამართვაზე ჰკითხეს და არა ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მან მიუგო: ”მირჩევნია ვითამაშოთ იქ, სადაც მიგვიღებენ. თასის ფინალის გამართვა იმ სტადიონზე საჭირო არაა, სადაც ჩვენი მიღება არ სურთ. ეს პრობლემა არ არის. მადლობელი ვიქნებით ”ვალენსიის”, თუკი მიგვიღებენ. არ გვინდა, რომ ვინმე არაკომფორტულ სიტუაციაში აღმოვაჩინოთ. თუკი მათ არ სურთ ჩვენი ხილვა ჩვენ არ ჩავალთ იქ”.
გვარდიოლას ასევე გუნდის ჩავის გარეშე თამაშზე შეკეკითხნენ: ”ჩავის გარეშე თამაში განსხვავებული იქნება. არა მხოლოდ იმიტომ, თუ რას აკეთებს ის მოედანზე, არამედ მის გარეთ. ის ვარჯიშებზე 10 წუთით ადრე მოდის, მას უყვარს მუშაობა… მიმდინარე სეზონში გვყავს ნახევარმცველები, რომლებიც საქმეს კარგად აკეთებენ”.
ბოლოს პეპმა სესკის შესახებ განაცხადა: ”როცა შევცვალე ვუთხარი, რომ გოლი უნდა გაეტანა. ძალიან ბევრი შანსი გვქონდა. ჩვენ ვეხმარებით მეტოქე გუნდის მეკარეებს გუნდებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაში” – იხუმრა პეპმა. პეპმა ასევე დარწმუნებით განაცხადა, რომ ლეო მესი სესარის ყველა დროის გოლების რეკორდს დაამხობს. არგენტინელს მხოლოდ 12 გოლის გატანა სჭირდება. ”როგორ ფიქრობთ, რამდენიმე კვირაში შეძლებს ამას?”



