მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი.

ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი.

დავიწყებ ცოტა შორიდან. ამ საიტის მკვიდრთა დიდ ნაწილს, ალბათ, არც კი ემახსოვრება სათანადოდ 2003-2004 წლების სეზონი. შეგახსენებთ, რომ ეს ზუსტად ის წელია, როდესაც კლუბში გადმობარგდა ბრაზილიელი ჯადოქარი პსჟ-დან. ეს იყო რაიკაარდის ერის დასაწყისი. მიუხედავად დიდი წინასასეზონო იმედებისა, რომელიც იმდროინდელი “ბარსელონასთვის” ჩვეული მოვლენა იყო, სეზონიც ჩვეულად უღიმღამოდ დაიწყო. დამთავრდა პრიმერას პირველი წრე და “ბარსა” კვლავ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბძოდა (!!!). მაგრამ მეორე წრეში მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა, თვით ამ გუნდის თავგადაკლულუ გულშემატკივრებიც კი. გუნდმა შეძლო და გასვლით მათჩებში დაამარცხა მაშინდელი ლა ლიგის ორი ფავორიტი: “დეპორტივო” და “ვალენსია”. მახსოვს ერთ-ერთი იმდროინდელი გაზეთის სათაური: “პარადოქსი – კატალონიელებს ჩემპიონად “რეალი” გაჰყავთ”, ამას კი მოჰყვა ის, რომ ბარსამ რამდენიმე ტურში ხსენებულ 2 ფავორიტს “რეალიც” ზედ მიაყოლა სანტიაგო ბერნაბეუზე (1-2). საბოლოოდ კი სწორედ ეს სეზონი გახდა გარდამტეხი “ბარსელონას” უახლეს ისტორიაში. ამის შემდეგ ჩვენ უკვე ვუყურებთ ისეთ ბლაუგრანას, რომლისთვისაც ეპითეტების მისაძღვნელად ბევრჯერ გადაუფურცლავთ ლექსიკონები ჟურნალისტებს, ახალი სიტყვების მოსაძებნად.

ეს მცირე ისტორიული ექსკურსი იმისთვის არის საჭირო, რომ გავიხსენოთ ძველი დრო, რათა უკეთ შევაფასოთ და დავაფასოთ აწმყო. მოდი თქვენის ნებართვით, იმ შუალედს აღარ შევეხები, რომელიც კატალონიური კლუბის ისტორიაში 2004-2012 წლებში იდგა, იქნებ ამან მეტი შედეგი  მოიტანოს, რადგანაც ადამიანები ხშირად იმაზე თავად ფიქრდებიან ხოლმე, რასაც სხვა არ ეუბნებათ. ასე რომ, დავუბრუნდეთ დღევანდელობას.

დღეს რომ “ბარსელონა” მსოფილიოს საუკეთესო გუნდია ამაზე არავინ დაობს მათ გარდა, ვისაც უკვე ლამის ცხოვრების მიზნად აქვს ქცეული ამ გუნდის წარმატებების დაკნინება და ამ გზით რომელიმე სხვა გუნდის უკეთ წარმოჩენა. მაშინ იბადება კითხვა: რა სჭირს დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდს? რატომ ვერ ახერხებს იგი ყოველ მატჩში თავისი საუკეთესობის დემონსტრირებას? ამ წინადადების ბოლოს დასმული კითხვის ნიშანი იმაზე მეტის მანიშნებელია, ვიდრე მთელი ეს წინადადება, იმიტომ, რომ ამ კითხვაზე პასუხის პოვნა ურთულესია და უფრო ფსიქოლოგიურ ფესვებს ატარებს, ვიდრე სპორტულ-ფიზიკურს. არსებობს ბარსას დღევანდელი მდგომარეობის (ამ მდგომარეობას შეგნებულად არ ვარქმევ არც “ჩავარდნის” ან არც სხვა რაიმეგვარ სახელს) რამდენიმე შესაძლო განმაპირობებელი ვარიანტი, მე არცერთ მათგან არ მივემხრობი და მიუკერძოებლად გაგაცნობთ:

1) გუნდი ვეღარ განიცდის ტიტულების “შიმშილს”.

2) უბრალოდ, პრიორიტეტი აღარ არის ტურნირი, რომელიც გუნდმა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო.

3)საკადრო პრობლემები: ტრავმირებულები და ახალგაზრდების არასტაბილურობა.

4)ფაქტი, რომ წელს პრიმერას ჩემპიონი მადრიდელები უნდა გახდნენ, ეს მსაჯების ქმედებებიდან ჩანს.

5)გვარდიოლამ მეტ-ნაკლებად ამოწურა თავისი შესაძლებლობები და პოტენციალი.

მკითხველის ნებაა თუ რომელს მიემხრობა ამ ხუთი მიზეზიდან (შეიძლება რამდენიმეს ერთადაც), რომელიც ჩემი მოგონილი ნამდვილად არაა.

საკმარისია გუნდმა ოდნავ წაიბორძიკოს და მაშინვე გამოჩნდებიან კრიტიკოსები. ხალხი, რომელთაც მისი წარმატებების დროს მშვიდად (მშვიდად, ალბათ, ვერა, მაგრამ მაინც…) სძინავთ. ამ ბოლო დროს კი ბარსელონასა და გვარდიოლას გამოისობით ეს ძილი კარგა ხანს გაუგრძელდათ, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათი გამოღვიძება-გაზმორვის პროცესი მეტად ხმაურიანი იყოს. რას ვიზამთ, ეს ასეა, როგორც დიდმა ქართველმა ბრძანა: “ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი”

ეს სტატია არის მცდელობა იმისა, რომ უკეთ გავაანალიზოთ შექმნილი ვითარების გამომწვევი შესაძლო მიზეზები და იგი არამც და არამც არ ატარებს “გამმართლებელ” ფუნქციას. რა, ვინმეს ჰგონია, რომ გუნდს, რომელმაც ერთ სეზონში  6 (რეკორდული) ტიტული მოიგო, გუნდს, რომელმაც გვარდიოლას ეპოქაში 4 წელში 13-ჯერ აღმართა თასი, გუნდს, რომელიც მუდმივად უსწორდება მთავარ კონკურენტებს და გუნდს, რომელიც ამ ყველაფერს ჯერ არნახული ფეხბურთით აკეთებს ვინმეს გამართლება და დაცვა სჭირდება? თუ ასე ფიქრობთ და მითუმეტეს თუ ამ კრიტიკოსთა რიცხვში შედიხართ მაშინ შეიძლება (ისტორია გვიჩვენებს) მოგიწიოთ შილიშვილებისთვის იმის მოყოლა (ან დამალვა), რომ თქვენ მსოფლიოს ისტორიაშ საუკეთესო გუნდს აკრიტიკებდით, გააჩნია იმას, საამაყოდ თვლით ამ ფაქტს, თუ სასირცხვილოდ.

სტატია მინდა დავასრულო ლეგენდარული გერმანელი პილოტის, წითელი ბარონის სიტყვებით: “იცით როგორ მოვიპოვე გამარჯვება 80-ზე მეტ საჰაერო ბრძოლაში? პასუხი ამრტივია: როცა გამარჯვების ნაკლები შანსი მქონდა, არც უკან დახევას ვთაკილობდი, ვერთვებოდი იმ ბრძოლაში, რომელშც მოწინააღმდეგე და მე თანაბარ პირობებშ ვიყავით…“

 

თორნიკე რაზმაძე

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში