პედრო როდრიგესი, რომელიც 27 იანვარს, ვარჯიშზე მიღებულ მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმას იშუშებს უკვე გუნდის მე-3 შეხვედრას გამოტოვებს. კატალონიელებმა მის გარეშე უკვე 2 შეხვედრა გამართეს, ჩემპიონატჩი ”ვილიარეალის” და თასზე ”ვალენსიას” წინააღმდეგ.
24 წლის ფეხბურთელი ასევე ვერ ითამაშებს დღეს ”რეალ სოსიედადთან”, ”ნოუ კამპზე” გასამართ შეხვედრაში. სწრაფ თავდამსხმელს გულშემატკივრები ასევე ვერ იხილავენ სამეფო თასის განმეორებით შეხვედრაში, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება. ეს დანაკარგი პეპ გვარდიოლას გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოთხშაბათს გადაწყდება თუ ვინ ითამაშებს თასის ფინალში, რომელიც მადრიდის ”რეალის” სტადიონზე, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.
პედრო როდრიგესის ნეგატიურ ინფორმაციასთან ერთად ასევე კარგი სიახლეებიცაა. ანდრეს ინიესტა ვარჯიშს იმაზე ადრე უბრუნდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ნახევარმცველი, რომელმაც ტრავმა ”რეალთან” შეხვედრაში, 25 იანვარს მიიღო მოედანს მალე დაუბრუნდება. თავდაპირველი პროგნოზის მიხედვით ის 3 კვირას გამოტოვებდა და მწყობრში 14 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის უნდა ყოფილიყო. ესპანელის აღდგენა ისე კარგად მიმდინარეობს, რომ მას მონაწილეობის მიღება პრიმერას შემდეგ ტურში, ”ოსასუნასთან” მატჩში შეეძლება.



