ორივე სურათზე ერთი და იგივე ხალხია აღბეჭდილი: კარლეს პუიოლი და ჩავი ერნანდესი. ფოტოგრაფი კი გახლავთ მიგელ რუისი. ორივე ფოტოზე ასახულია ის, რაც გვარდიოლას ბიჭებმა “ჩაიდინეს” “სანტიაგო ბერნაბეუზე”.
ისტორია მეორდება ფეხბურთში. ეს ყველაფერი ფეხბურთის მოყვარულებმა კიდევ ერთხელ ნახეს ოთხშაბათს. მატჩის სცენარი არ შეცვლილა, მადრიდელებმა სწრაფი გოლი გაიტანეს შეხვედრის დებიუტშივე, თუმცა “ბარსელონამ” მოახერხა რეაბილიტაცია და ყველაფერი თავის სასიკეთოდ შეცვალა. კრისტიანო რონალდოს გატანილმა გოლმა იმედები ჩაუსახა “მადრიდისტებს” გამარჯვებისა, თუმცა კატალონიელებმა სცენარი კვლავ ისე წარმართეს, როგორც სურდათ. გვარდიოლას შეგირდები “ბერნაბეუზე” დაუმარცხებელნი არიან.
სამი წელიწადი დამარცხების გარეშე, 18 გატანილი და 7 გაშვებული
ყველაფერი დაიწყო 2009 წლის მაისში. ეს “კლასიკო” დებიუტი იყო გვარდიოლასთვის, როგორც მწვრთნელისთვის “სანტიაგო ბერნაბეუზე”. პეპის ბიჭები ამ დღის შემდეგ 6-ჯერ ეწვივნენ მადრიდს და ჯამში დააგროვეს 5 მოგება და 2 ფრე. აქამდე არავის გაუკეთებია ასეთი რამ “ბერნაბეუზე”. ის ფაქტი, რომ სტუმრებმა 18-ჯერ აიღეს მეტოქის კარი, მასპინძლებმა კი მხოლოდ 7-ჯერ, მეტყველებს იმაზე, თუ ვინაა უფროსი.
“დეჟა ვუ” მხოლოდ შემადგენლობაშია. ლეგენდარული 2:6-ის შემდეგ მხოლოდ 3 ფეხბურთელი შეიცვალა ძირითად გუნდში, ესენი არიან: ბუსკეტსი, ფაბრეგასი და სანჩესი. მათ ჩაანაცვლეს ტურე, ანრი და ეტო’ო. დანარჩენები კი იგივენი და სტილიც, რა თქმა უნდა, უცვლელი. 2009 წელს კარლეს პუიოლმა ჩავის ჩაწოდების შემდეგ თავით გაუტანა გოლი კასილიასს. გუშინაც იდენტური ქმედება დაფიქსირდა. ერნანდესი აწვდის კუთხურს, კარლესი თავური დარტყმით იტანს გოლს. ისტორია მეორდება…



