ესპანური “ვალენსიას” 22 წლის ფეხბურთელმა ხორდი ალბამ, ისაუბრა კატალონიის “ბარსელონას” და მადრიდის “რეალის” აშკარა ლიდერობაზე პრიმერა დივიზიონში. მარცხენა ფლანგზე მოთამაშე მცველმა ასევე კომენტარი გააკეთა იმის თაობაზეც, აქვს თუ არა მას შანსი მოხვდეს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე თავის ნაკრებში.
“სიმართლე რომ გითხრათ, “ბარსა” და “რეალი” სხვებთან შედარებით ერთი თავით მაღლა დგანან. ეს გუნდები მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოები არიან. მათ დონემდე მიღწევა ძალიან რთულია. ჩვენ ძლიერ გვსურს ისე თამაში, რომ მათ გვერდით დაგვაყენონ. ვხედავ თუ არა ჩემს თავს ევროპის ჩემპიონატზე? არა, ჯერ არა. ჯერ–ჯერობით ადრეა ამაზე საუბარი. ნაკრებში მხოლოდ ორი მატჩი გავმართე და რამდენიმე შეხვედრაც გავიარე გუნდთან ერთად. ძალიან კარგი იქნებოდა იქ რეგულარულად თამაში, სადაც ძალიან ბევრს ვისწავლიდი, ისევე როგორც “ვალენსიაში”. ევრო–2012–ზე მოსახვედრად აუცილებელია კლუბში უფრო აქტიურად გამოსვლა და ყოველთვის ბოლომდე დახარჯვა. ამის შემდეგ კი–ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული.” –ციტირებს ალბას სიტყვებს “უეფას” ოფიციალური საიტი.
