ვიდეოთეკა არის ყველაზე ცუდი მტერი მათთვის, ვისაც სხვისი წარმატების დაკნინება სურს და ავიწყდებათ ის, რასაც თავად ლაპარაკობდნენ წარსულში.
მიმდინარე კვირის ორშაბათს ჟოზე მოურინიომ განაცხადა: ”მე ვფიქრობ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგის მოგება და არა იმ ორი პატარა მატჩის, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ტარდება”. ამგვარად ”რეალის” მწვრთნელმა კვლავ სცადა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ”ბარსელონას” წარმატების დაკნინება.
მოურინიოს პრობლემა იმაშია, რომ სხვისი წარმატების დაკნინების სურვილის დროს ავიწყდება ის, რასაც სულ სხვაგვარად ფიქრობდა. ”ნოუ კამპზე” 2010 წლის 29 ნოემბერს, 5:0 დამარცხების შემდეგ შეკითხვაზე, არის თუ არა ”ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდი მოუმ უპასუხა: ”არა, მსოფლიოს საუკეთსო გუნდი ”ინტერია”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც მოიგო”.
მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ”ბარსელონასა” და ”ესპანიოლს” შორის გასამართი მატჩის წინ, რომელშიც მარცხი კატალონიელებს შეიძლება პრიმერას ტიტულის დაკარგვად დაჯდომოდათ მოურინიომ განაცხადა: ”ახლა მე მხოლოდ ”ინტერის” და ”მაზებმეს” მატჩი მაინტერესებს საკლუბო ჩემპიონატზე. ძალიან მსურს ვიხილო ”ინტერის” გამარჯვება. მსურს, რომ ეს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს და მაისურზე შესაბამისი გერბი ატაროს. ”ინტერს” წაგების უფლება არ აქვს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია”.
აი კიდევ რა არის საინტერესო… ის, ვინც საკუთარ თავს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად თვლის არასდროს აქვს მოპოვებული გამარჯვება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.
