მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მიწვდება “რეალი” “ბარსელონას”?

მიწვდება “რეალი” “ბარსელონას”?

   

    თვეზე ნაკლები დრო დარჩა “კლასიკომდე”, მატჩამდე, რომელიც შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, სხვა ქვეყანაში რომ იმართებოდეს, მაგრამ ეს ხომ ესპანეთია მეგობრებო…აქ ჩემპიონის ვინაობას ხშირად სწორედ ამ ორი გიგანტის დაპირისპირება წყვეტს, ამის დასამტკიცებლად შორს წასვლა არაა საჭირო. გავიხსენოთ შარშანდელი სეზონი, როდესაც “ბარსელონამ” სწორედ ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული ქულებით მოახერხა ჩემპიონობა.

    არაფერი მუდმივი ამ ცხოვრებაში. ეპოქები განუწყვეტლივ ცვლიან ერთმანეთს, იქცევიან ისტორიად და ხშირად ახალგაზრდების დაცინვის საგნადაც. თუ ადრე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ადამიანი შეიძლებოდა კოსმოსში გაფრენილიყო, ახლა ეს აღარავის უკვირს, ადამიანები განუწყვეტლივ ფრინავენ ორბიტის გარშემო და მარსზე დაბიჯებასაც ლამობენ, თუმცა ჯერ–ჯერობით უშედეგოდ…

   დღეს,ბევრი ადამიანისთვის თავისებურ საფეხბურთო მარსს წარმოადგენს “ბარსელონა”. რატომ ბევრისთვის და არა ყველასთვის?  იმიტომ, რომ ადამიანების შეხედულებები განსხვავდება და რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრია. კატალონიური კლუბი იყო მარსი 2008/09 წელს და 2009/10 წელსაც…მაშინ ვერავინ შეძლო ძლიერად შეერყია ის აზრი, რომ “ბარსა” მიუწვდომელია.     

    “რეალთან” გამართულმა უკანასკნელმა მატჩებმა კი აჩვენა, რომ მადრიდული კლუბი, უკვე სრულფასოვანია კონკურენტია ლურჯ–ბროწულისფერების. რა თქმა უნდა, “რეალი” ბოლო წლებშიც იყო ჩვენი კონკურენტი, თუმცა მხოლოდ სიტყვით, ახლა კი საქმითაც გახდა. ჩვენ გავიხსენებთ “კამპ ნოუზე” გამანადგურებელი სხვაობით მოგებულ მატჩს, მაგრამ აშკარაა ჯოზე მოურინიომ სათანადო დასკვნები გამოიტანა იმ მატჩიდან, რისი აშკარა დასტურიც იყო ფრე “ბერნაბეუზე”.

    ჯოზე მოურინიოს ყოველი ახალი გუნდი, პოტენციური ზვიგენია, რომელსაც შეეცდება ყველა გადაყლაპოს, ვინც გზაზე გადაეღობება. ეს ზვიგენი, ადრეულ ასაკში არც თუ ისე საშიში თევზია და მხოლოდ პატარ–პატარა შეტევებით შემოიფარგლება, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად იგი გამოცდილებას, ძალას იძენს და უკვე ყველასთან შეუძლია დაპირისპირება. მითუმეტეს, თუ მან სისხლის სუნი იგრძნო… 

    გასულ სეზონში მან ერთხელ იგრძნო სისხლის სუნი..როდესაც “მესტალიაზე” სამეფო თასის ფინალში “ბარსას” თანასწორი მატჩი გაუმართა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა და ამით საკუთარ თავში დარწმუნებულმა, კატალონიელებს ერთი ჯილდოც გამოსტაცა. შემდეგი მატჩები “ბარსელონას” უპირატესობით წარიმართა და მათ ღირსეულადაც იმარჯვეს, თუმცა არა იმდენად მარტივად, როგორც ეს 2010 წლის 29 ნოემბერს მოხდა…

   შეეკითხეთ ნებისმიერ სპორტსმენს: “როგორ მივაღწიოთ თამაშის უფრო მაღალ დონეს  ?” და თქვენ აუცილებლად მიიღებთ პასუხს: ” თავდაუზოგავი ვარჯიშით და ძლიერ მოწინააღმდეგესთან ბრძოლით”. ეს ყველაფერი კი  “რეალს” ნამდვილად აქვს.

    თუ “ბარსელონა” მარსია, მაშინ “რეალი” მისი თანამგზავრი ფობოსია. როგორც ცნობილია, ფობოსი მუდმივად უახლოვდება მარსს და 2011/12 წლების პრიმერას მაგალითზე შეგვიძია ვთქვათ, რომ იგი უკვე ძალიან მიუახლოვდა მარსს, თუმცა ჯერ კიდევ დარჩა ერთი ძლიერი ნახტომი…

   ვნახოთ რა მოხდება დეკემბერში და იმედი ვიქონიოთ, რომ ჯერ კიდევ ვერავინ შეძლებს მარსზე ფეხის დაბიჯებას…. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში