“ბარსელონას” ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ ინტერვიუ მისცა ცნობილ ესპანურ პორტალს Sport.es-ს.
– თქვენ უკვე მოიგეთ ჩემპიონთა ლიგის 3 თასი და აგრძელებთ მოგებების ციკლს. უკვე ხომ არ ფიქრობთ მიუხენის ფინალზე?
– ჩვენ შევეცდებით, რაც შეიძლება შორს გავიდეთ ჩემპიონთა ლიგაში. აურაცხელი ენერგიის დახარჯვა გვიწევს იმისთვის, რომ კვლავ მოვიგოთ ტიტული. ძალიან ბევრი სამუშაოს ჩატარება გვმართებს.
– ერთ-ერთი საუკეთესო მოტივატორი მიმდინარე სეზონში არის ლა ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგება, “დრიმ თიმის” მსგავსად?
– ეს კარგი გამოწვევაა ჩვენთვის. ყოველწლიურად უფრო და უფრო რთული ხდება მოგება, თუმცა ჩვენ გამარჯვებაზე ვართ ორიენტირებულნი.
– როგორ ფიქრობთ, მიმდინარე სეზონი ისეთივე დაძაბული იქნება, როგორც შარშანდელი?
– რა თქმა უნდა, ვინაიდან უამრავ ტურნირში ვიღებთ მონაწილეობას. ლა ლიგის მოგება მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე ადრე. ყოველ წელს ახალ პრობლემას, ახალ მეტოქეს ვაწყდებით.
– “ბარსასა” და “რეალს” შორის არსებული ჟინი გადამეტებული ხომ არ არის?
– მადრიდელები ძალიან ინტენსიურად თამაშობდნენ. ესპანეთის სუპერთასში დიდი ძალისხმევის გაღება მოგვიხდა. ვნახოთ, რა იქნება ამ სეზონში.
– ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი “კლასიკოში” მოხდა სუპერთასის გათამაშებისას, როდესაც თქვენ კრიშტიანუს უბრძანეთ, რომ გაჩუმებულიყო.
– იმ მომენტში ეს იყო ბუნებრივი რეაქცია შეხლა-შემოხლაზე.
– მეოთხე სეზონის განმავლობაში მთავარი მწვრთნელის რანგში მუშაობისას გვარდიოლას “გადაღლა” ხომ არ ეტყობა?
– თუ ის აგრძელებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას, ეს ხდება იმიტომ, რომ თავად თვლის ამას შესაძლებლად. იმედი მაქვს, რომ ის ჩვენთან კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება. გვარდიოლა მომავლის თილისმას ჰგავს. ის არის მანიშნებელი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
– გვარდიოლას შესახებ იბრაჰიმოვიჩის საუბრის შემდეგ, პრესა აქტიურად უკავშირდება ბოიანს. გაკვირვებული ხომ არ ხართ, რომ თქვენმა ახლო მეგობარმა, ამავდროულად კანტერანოელმა, ისაუბრა დისკომფორტზე, რომელსაც ის განიცდიდა გვარდიოლას გვერდით მუშაობისას?
– არ არის საჭირო, სიტყვებს იმაზე დიდი მნიშვნელობა მივცეთ, ვიდრე სინამდვილეში აქვთ მათ. თითოეულ მათგანს თავისი სიტუაცია ჰქონდა, ყველას თავისებური ხედვა აქვს, ამიტომ ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება.
– გვარდიოლას ოთახის კარი ფეხბურთელებისთვის ღიაა?
– ჩვენი გასახდელი გამორჩეულია. ყველას ეძლევა მწვრთნელთან საუბრის საშუალება.
– მართალია, რომ მესი და ვილია არ ელაპარაკებიან ერთმანეთს?
– კონფლიქტი არაფრისგან შეიქმნა. ასეთ სიტუაციებში რაიმეს განხილვას არავითარი აზრი არ აქვს.
– ვისაუბროთ იბრაზე. თავისი ახლანდელი გამონათქვამებით ხომ არ ეწინააღმდეგება ის გასულ სეზონში გაკეთებულ თავისსავე განცხადებას, რომ “ოქროს ბურთს” თქვენ იმსახურებდით?
– ყველას თავისებური ხედვა აქვს სამყაროსი. ჩვენ ერთნაირები არ ვართ, განსხვავებულად ვაზროვნებთ. ასე რომ, არ ეწინააღმდეგება.
– სესკი – ის არის უფრო ბევრი გოლის გატანის საშუალება?
– სესკი მოვიდა, რომ გოლების გატანაში დაგვხმარებოდა. ის შესანიშნავი ადამიანი და არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. ნახევარმცველებმა ყოველთვის უნდა გაიტანონ. გოლებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ფორვარდებს არ აწევთ.
– გასულ სეზონში თქვენ 9 გოლი გაიტანეთ. მიმდინარე სეზონში უფრო მეტის გატანას შესძლებთ?
– მიზნად არ ვიყენებ ციფრებს. უბრალოდ მსურს, რომ გავაგრძელო გოლების გატანა.
– “ოსპიტალეტის” კარის აღების შემდეგ ყველამ გაიხსენა “სტემფორდ ბრიჯზე” თქვენს მიერ გატანილი გოლი. ამდენი წელი გავიდა და “კულეები” არ იღლებიან ამის გახსენებით…
– მოხარული ვარ, რომ ეს მოგონებები კვლავ ცოცხალია. ძალიან გამიმართლა, რომ ცხოვრებაში ისეთი მომენტი განვიცადე, როგორიც იმ წუთებში იყო.
– ყოველ შემთხვევაში, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც მესის გვერდით თამაშობენ, შესძლებენ მასზე მეტი გოლის გატანას.
– ვერავინ შესძლებს ლეოზე ბევრი გოლის გატანას. მთელი გუნდი ეხმარება თავდამსხმელებს, ისევე როგორც ლეო გვეხმარება ჩვენ ყველას. გოლი – ეს არის მთელი გუნდის მუშაობის შედეგი.
– ამ სეზონში უფრო მშვიდად ხართ, ვიდრე შარშან ნოემბერში? თქვენ ხომ კვლავ ნომინირებული ხართ “ოქროს ბურთზე”.
– მაშინაც ყველაფერი მშვიდად იყო. ძალიან გაგვიმართლა, რომ ფინალურ სამეულში “ბარსას” ფეხბურთელები მოხვდნენ. მოხარული ვარ, რომ წელსაც მოვხვდი კანდიდატებს შორის.
– ფაქტიურად წარმოუდგენელია, რომ პრიზი მესის არ მისცენ…
– მესი მთავარი კანდიდატია იმიტომ, რომ ის მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელია.
