ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაში შესაძლოა, მათ შორის ერთ-ერთი დიდი დაპირისპირება შექმნილიყო. რატომ არ მოხდა ეს? შეკითხვაზე ვრცელ პასუხს იძლევა ბრაიან ფილიპსი.
მაღალი, ათლეტური, თავმომწონე კრიშტიანუ რონალდუ და პატარა, მოუსვენარი, მომღიმარი ლიონელ მესი – ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი დაპირისპირება სპორტში. ისინი ორივენი არიან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები (რა თქმა უნდა, თუ არ გავითვალისწინებთ ჩავის, რომლის დიდება იმდენად შეუცნობელია, რომ აბსოლუტურად სხვა საუბრისკენ წაგვიყვანს). ისინი ერთმანეთის საპირისპირო მხარეს იმყოფებიან. ერთი “რეალის” ღირსებას იცავს, მეორე კი “ბარსელონას”. “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება კი დღეს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე დამაინტრიგებელ წინააღმდეგობად ითვლება. ისინი განსხვავებულნი არიან ტემპერამენტშიც – რონალდუ, მკვეთრი და თვითკმაყოფილი პირველი მევიოლინე, ხოლო მესი – თავშეკავებული და მეგობრული, გუნდური მოთამაშე, ადამიანი, რომელიც ფეხბურთისთვის ცხოვრობს.
სპორტულ ჟურნალისტებს შესაძლოა, ჩვენი დროებისთვის რონალდუსა და მესის ერა დაერქვათ. გულშემატკივრებს შესაძლოა, გადაეხედათ მათი მეტოქეობის თითოეული ცვლილებისთვის. ჩვენ შესაძლოა, გვესაუბრა მათზე ბევრი და დამსახურებულად, როგორც ჩვენი დროის ფეხბურთის ორი მიმართულების განმავითარებელზე. ხშირად მესი და რონალდუ ასეთი საუბრების საფუძველს გვაძლევენ, განსხვავებით სხვა ძლიერი წყვილებისგან, მაგალითად: კრუიფი და ბეკენბაუერი, რომლებმაც თავიანთი საუკეთესო წლები სხვადასხვა ქვეყანაში თამაშში გაატარეს; ან თუნდაც პელე და მარადონა, რომელთა კარიერა საერთოდ არ გადაკვეთილა. მაგრამ ეს არ ხდება.
რა თქმა უნდა, ხალხი მათ მუდმივად ადარებს ერთმანეთს. ყოველი “კლასიკოს” წინ არის მომენტები, როცა კომენტატორი ამბობს დაახლოებით ასეთ ფრაზას: “და რონალდუ ოცნებობს გაასულელოს მესი დღეს.” როგორც წესი, ასეთი რამ ხდება მაშინ, როცა რონალდუ მოთელვას აკეთებს მოედნის ირგვლივ. არ მგონია, რომ ისინი რეალურად მეტოქეები არიან – უფრო მეტიც, ისინი მოგვაგონებენ ორ სხვადასხვა პლანეტას, რომლებიც თავისი ორბიტის ირგვლივ მოძრაობენ და ხანდახან უახლოვდებიან ერთმანეთს. როცა მესი ამბობს რაიმე ასეთს: “ჩვენ არ ვართ ერთმანეთის მეტოქეები. ჩვენ ორივენი საკუთარი გუნდების კეთილდღეობაზე ვფიქრობთ.”, ჩნდება არასასიხარულო შეგრძნება, რომ ის რეალურად ასე ფიქრობს.
რთული მისახვედრია, რა არის არასაკმარისი, თუმცა არსებობს ვარაუდები. კლასიკურ სპორტულ მეტოქეობაში, ერთი მეორეს საჭიროებს. ასეთი მოთამაშეების კარიერა განსხვავებული იქნებოდა და ხშირად უფრო მიჩქრმალული, თუ ისინი ამ წინააღმდეგობას არ შეხვდებოდნენ. დიახ, ეს ასე იქნებოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ანგარიშზე უფრო მეტი გამარჯვება იქნებოდა. მაგალითად, როჯერ ფედერერს რომ არ ეთამაშა ჩოგბურთი, რაფაელ ნადალის მიღწევები სულ სხვაგვარად იქნებოდა აღქმული. იგივე შეიძლება ითქვას ერთსა და იმავე სპორტის სახეობაში მოღვაწე სხვა სპორტსმენებზეც. მაგრამ, როგორ შეიცვლებოდა მესის კარიერა რონალდუ ახლა ლისაბონში ოფიციანტი რომ იყოს? უფრო მარტივად რომ ვთქვათ, როგორი იქნებოდა რონალდუ, დღეს მესი რომ არ თამაშობდეს? – “რეალი” შესაძლოა, არ განშორებოდა 130 მილიონ დოლარს მის გამო, რომ არ ყოფილიყო საჭიროება არგენტინელი ტალანტისთვის შესაბამისი წინააღმდეგობის შექმნისა. ის მაინც იქნებოდა მსოფლიოს რომელიმე სახელოვანი კლუბის სუპერვარსკვლავი, გოლების აბსურდული რაოდენობის გამტანი.
საერთოდ ეს ნახევრად სიმართლეა. რონალდუს თამაში არ შეიცვლებოდა (არსად წავიდოდა სარკისებური მზის სათვალეები, სპილოს ძვლის გულსაკიდები და თმის ჟელე), მაგრამ მას სხვაგვარად აღიქვამდნენ. ახლა რონალდუს სერიოზულად არ აფასებენ. ყველანი თანხმდებიან, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ არის შესანიშნავი ფეხბურთელი, რომელიც მოდურია.
ინგლისელი კომენტატორები ხშირად დაობენ, არის თუ არა ის ნანიზე უკეთესი. გულშემატკივრები ხშირად ამბობენ, უკეთესი ხო არ იქნება, თუ ჟოზე მოურინიო მას ძირითადი შემადგენლობის მიღმა დატოვებს. უფრო მეტიც, მისი დამცველი ჟურნალისტებიც კი, ხშირად დამრიგებლური ტონით საუბრობენ – მაგალითად კრუიფის მსგავსად. ამ უკანასკნელმა რამდენიმე თვის უკან El Periodico-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა: “პირველ რიგში, მოქმედებები, რომლის გაკეთებაც მას ორ წუთში სურს, ასე სწრაფად არ კეთდება და მან უნდა ისწავლოს, რომ იყოს მომთმენი, რათა ძალების დემონსტრირება მთელი თამაშის განმავლობაში შესძლოს. მეორეს მხრივ, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ის მაინც საჭიროებს სრულყოფას მოედანზე პოზიციის შერჩევისას.”
წარმოგიდგენიათ, რომ ასეთი რამ ვინმემ, ოდესმე მესის შესახებ დაწეროს? რონალდუ იმდენად ცუდია მოედანზე საუკეთესო პოზიციის შერჩევისას, რომ მან ლა ლიგაში გოლების რეკორდული რაოდენობა გაიტანა (40), და ყველა ტურნირში მან 53 ბურთი გაახვია კარის ბადეში. 26 წლის ასაკში მას მოგებული აქვს სამი ეროვნული ჩემპიონატი, ქვეყნის ოთხი თასი და ერთი ჩემპიონთა ლიგა. ეს არ ჰგავს უიღბლო ადამიანის რეზიუმეს. მიუხედავად ყველაფრისა, მასზე ხშირად ამბობენ, რომ ის არ არის ბოლომდე რეალიზებული ტალანტი.
რატომ? ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხი მარტივია: რონალდუს გუნდმა 8 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ მოუგო “ბარსელონას”. რონალდუს კატალონიელების კარში 2011 წლის აპრილამდე გოლი არ ჰქონდა გატანილი და ა.შ. თუმცა არსებობს უფრო ნაკლებ ცხადი მიზეზებიც და ვფიქრობ, რომ საქმე ეხება გულშემატკივრების მხრიდან ლიონელ მესის ძალიან, ძალიან შეყვარებას.
აი, სად იწყებს რონალდუს წინააღმდეგ მოქმედებას ეს ძლიერი კონტრასტი, რომელიც მასსა და მესის შორის არსებობს. ყველა ფეხბურთელი, ისევე როგორც ყველა სპორტსმენი, შეიძლება გავყოთ ორ კატეგორიად: რაციონალურები და ირაციონალურები. რაციონალები წაროადგენენ იმას, რაც რეალურად გეჩვენებათ. ისინი გამოიყურებიან ათლეტურად, და ისინი ათლეტები არიან. ისინი ჩანან ბალანსირებულები, და არიან კიდეც ბალანსირებულები. რონალდუ რაციონალური ფეხბურთელია. შესაძლოა ის სადმე პლაჟზე დაგენახათ და გეთქვათ, “ოჰო, ეს ბიჭი ისე გამოიყურება, თითქოს შექმნილი იყოს ფეხბურთისთის.” ირაციონალური ფეხბურთელები ჩნდებიან არაფრისგან. მათი შემხედვარე ვერ იფიქრებთ, რომ ისინი სპორტის რომელიმე სახეობაში წარმატებებს მიაღწვენ, მაგრამ, როცა ისინი გამოდიან მოედანზე ან კორტზე, თითქოს ყველაფერი უცნაურად თავის ადგილზე ლაგდება. მესის არ აქვს არაფერი, რაც მასზე გვათქმევინებდა “ათლეტს”, მაგრამ გამოვა მოედანზე და იწყება მაგიის მოქმედება.
ნებისმიერ ორ გამოჩენილ ფეხბურთელს შორის, რომლებსაც ერთმანეთს ადარებენ, ერთი რაციონალურია, მეორე კი ირაციონალური. პელეს, რომელიც აბსოლუტურად რაციონალური იყო, ხშირად ადარებდნენ გარინჩას, რომელიც გასაოცრად ირაციონალური გახლდათ, მოგვიანებით კი მარადონას, რომლის სიმაღლე 160 სანტიმეტრია და ბულდოგს წააგავს. ძლიერ, ათლეტურ ბეკენბაუერთან შედარებით, კრუიფი გამხდარ ბალერინას წააგავდა.
რაციონალური ფეხბურთელები ადვილად იწვევენ აღფრთოვანებას, ხოლო ირაციონალურები ადვილად უყვარდებათ. რატომღაც გვეჩვენება, რომ ჩვენ მათ უფრო ვჭირდებით და რომ მათი თამაში საოცრებას ჰგავს. მაგალითად გარინჩას ზედმეტსახელი იყო “ერის სიხარული”. ობიექტურად რომ ვთქვათ, პელე უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა ფეხბურთში, ვიდრე მარადონა, მაგრამ შეეკითხეთ ფეხბურთის მოყვარულებს, თუ რომელი ვარსკვლავი ურჩევნიათ და აღმოაჩენთ, რომ უპირატესობა აქვს მარადონას. შემთხვევითობა არაა, რომ ბრაზილიის “მარაკანას” სტადიონზე, სადაც ტარდება ეროვნული ნაკრების თამაშები, სტუმართა გასახდელი პელეს სახელობისაა, ხოლო მასპინძელთა გასახდელი – გარინჩასი.
ირაციონალური მოთამაშეები – საშინელი განზომილებაა. ისინი ხშირად გამოირჩევიან რთული, ექსცენტრიული ხასიათით, რაც რაღაც ეტაპზე გულშემატკივართა დისტანციურობას იწვევს. მარადონას ლტოლვა კოკაინისადმი, ზედმეტი წონა, სუიციდური გადახრები და დიქტატორებთან მეგობრობა ზემოთქმულის ყველაზე ნათელი მაგალითია. კრუიფი იყო ტრადიციული შეხედულებების მქონე და პერფექციონისტი, მკაფიო ქმედებებისკენ მიდრეკილი ხასიათით გამორჩეული (მაგალითად, მან უარი განაცხადა 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე და 30 წლის განმავლობაში უარს აცხადებდა აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების გამხელაზე.), გარინჩა კი გამოირჩეოდა ქალური სიწმინდით და 49 წლის ასაკში ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა.
მაგრამ მესი – ეფექტური გამონაკლისია. ის კლუბისთვის ბავშვობიდან თამაშობს და ყვითელი პრესის გვერდების მიღმა რჩება. მასთან დაახლოვებული ხალხის თქმით – ის ძალიან საყვარელია. ალბათ, თუ არსებობს ისეთი სპორტსმენი, რომლისთვისაც თავზე ხელის გადასმა მოგინდებოდათ, ეს სწორედ მესია. რონალდუ კი მიიჩნევს, რომ იმიტომ უსტვენენ, რომ “მე ვარ მდიდარი, ლამაზი და შესანიშნავი ფეხბურთელი.” – ასეთი გამონათქვამებით რთულია გულშემატკივრებს შორის სიმპატია დაიმსახურო.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბედური რონალდუ მაგიური ძალის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდა. როცა არსებობს ასეთი ჯადოქარი, შესანიშნავი ხასიათით, რომელიც სხვათაშორის მსოფლიოს ყველაზე პატივცემულ და ძლიერ გუნდში თამაშობს, გულშემატკივრები ცდილობენ იფიქრონ, რომ მას საერთოდ არ შეიძლება ჰყავდეს მეტოქე, რაც არ უნდა მოხდეს. გინდა იგრძნო, რომ არავის ძალუძს, მას შეეჯიბროს. ამ მხრივ, როცა მადრიდის “რეალი” გახდა “ბარსელონას” სიძლიერის მანიშნებელი, რონალდუ სიძულვილის ობიექტად იქცა, რომელსაც მოარგეს შემდეგი როლი – “ის არც ისე კარგია, როგორც მესი”.
რონალდუს ტრანსფერი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია. ის ნამდვილად არის ისეთი ფეხბურთელი, რომლის თამაშითაც სიამოვნებას მიიღებ. სხვათაშორის, საკუთარი თავის სიყვარული მის თამაშს განუმეორებელ ელფერს აძლევს. იგი ვალდებულია ეს გააკეთოს. მან მოიგო არაერთი ტიტული, დაამხო ერთ-ერთი შთამბეჭდავი რეკორდი და არც ისე იშვიათად “ათრია” “რეალი”, რომელიც ნაწილებად დაშლილს წააგავდა (მოგვიანებით ამის შესახებ მადრიდელთა გულშემატკივრებს განუცხადა: “მე რომ არა, “ბარსელონას” 12 ქულით მაინც ჩამორჩებოდით”). მაგრამ მაინც, ყველანი ერთხმად თანხმდებიან: არა, ის არც ისე კარგია, როგორც მესი, თუმცა იმაზე ახლოსაა არგენტინელთან, ვიდრე ზოგიერთ ჩვენგანს ჰგონია.
ბრაიან ფილიპსი



