მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკ აბიდალი: ყველას მეგობარი

ერიკ აბიდალი: ყველას მეგობარი

ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ გამართული მხიარული პრესკონფერენციის შემდეგ, El País-მა გამოაქვეყნა სტატია “ბარსელონას” ფრანგი მცველის, ერიკ აბიდალის შესახებ. იხილეთ სტატიის თარგმანი:

 

 

“ვიქტორია პლზენთან” შეხვედრის წინ გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ერიკ აბიდალი პრესის ოთახიდან გადიოდა, როცა “ბარსას” პრეს-მენეჯერმა სერხი ნოგუერასმა ჟურნალისტებისთვის მომდევნო დღის გრაფიკის გაცნობა დაიწყო. აბიდალი გაჩერდა და ის იმეორებდა ნოგუერასის ყველა ნათქვამს, რათა გაემხიარულებინა რეპორტიორები. ნოგუერასმა საუბარი ასეთი ფრაზით დაასრულა: “და პეპ გვარდიოლა 5:30 საათზე გამართავს კონფერნციას.” ამაზე აბიდალმა კომენტარი გააკეთა: “ბოს! არ დაიგვიანოთ, თორემ დაგაჯარიმებენ!!” ყველამ გაიცინა.

 

“ის ყოველთვის ხუმრობს.” – ამბობს ჩავი. “როცა ის არ ცეკვავს, მაშინ მღერის, ან თანაგუნდელებს ნივთებს უმალავს. ის მუდამ გვაცინებს”. “მსიამოვნებს, როცა მათ ვამხიარულებ.” – განაცხადა აბიდალმა. ფრანგი ერთმანეთისგან არ ასხვავებს ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და ვეტერანებს. აბი ყოველთვის იმის გვერდითაა, ვისაც სჭირდება, როგორც მოედანზე, ასევე მოედანს გარეთ. ცხადია, რომ “სანტ ჟოან დესპის” სავარჯიშო ბაზა მის გარეშე სხვანაირი იქნებოდა.

 

მაშინ, როცა გვარდიოლას მენეჯერობით გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრისთვის მიემგზავრებოდა, 2008 წლის სექტემბერში, აბიდალმა აღნიშნა, რომ გუნდი იყო უბრალოდ ფეხბურთელების ჯგუფი. მან თქვა, რომ იგი არავისთან მეგობრობდა და აღნიშნა, რომ საჭირო იყო ზოგჯერ ერთად სადმე გასვლა, რათა გუნდური ატოსფერო ჩამოყალიბებულიყო. 3 წლისა და ჩემპიონთა ლიგის 40 მატჩის განმავლობაში, აბიდალმა სულ მცირე სამჯერ მოაწყო წვეულება საკუთარ სახლში. ახლა ფრანგი ამბობს, რომ გასახდელი ოთახი მისი მეორე სახლია. “ჩემი თანაგუნდელები და შტაბის წევრები ჩემი მეორე ოჯახია.” სწორედ აბი ამხნევებდა თავის მეორე ოჯახს, როცა მას საშინელი დაავადება დაუდგინეს. “მე მათ ვამშვიდებდი, ვუყვებოდი, თუ რას ვაკეთებდი სახლში მშობლებთან და ოჯახთან ერთად… მე ისინი მჭირდებოდნენ, რომ დადებითი განწყობა მქონოდა.“

 

მას შემდეგ, რაც 2008 წელს პეპ გვარდიოლა გუნდის მწვრთნელი გახდა, მან აღმოაჩინა, რომ აბი განსაკუთრებული ადამიანი იყო, ასე რომ ერთ-ერთ თავის პირველ მატჩში “კამპ ნოუზე”, პეპმა გადაწყვიტა, რომ მიუხედავად აბიდალის ცუდი თამაშისა, ის მოედნიდან არ გაეყვანა. “ვიცნობ ამ საზოგადოებას და ვიცოდი, რომ თუ მე მას შევცვლიდი, მთელი დარჩენილი სეზონის განმავლობაში დავკარგავდი მას.”– თქვა პეპმა მაშინ. გვარდიოლა იმ დროს ენდო აბის, ახლა კი აბი მსოფლიოს საუკეთესო გუნდის უცვლელი ნაწილია.

 

მადრიდის “ატლეტიკოს” მწვრთნელმა, გრეგორიო მანზანომ აბიდალზე თქვა: “ის არამხოლოდ ფიზიკურადაა ძლიერი, არამედ უსაზღვროდ დიდი კონცენტრაციის უნარი აქვს მთელი თამაშის განმავლობაში.” გვარდიოლამ არაერთხლ აღნიშნა: “ის თამაშს ძალიან კარგად ერგება და ძალიან ძლიერია.” დეშამის რჩევის შემდეგ, პეპმა აბი ცენტრალურ მცველად ათამაშა, მიუხედავად ხალხის წინააღმდეგობისა. ამისთვის პეპს სამი მიზეზი ჰქონდა: “აბი არის სწრაფი, ის ბურთით კარგად თამაშობს და ესმის “ბარსას” თამაში.“

 

ამას წინათ დავიდ ვილიამ აღნიშნა: “აბი ძალიან ბევრს მეხმარება, როცა ვთამაშობ დაცვაში და ასევე თავდასხმაში. ის ყოველთვის მესაუბრება, შეცდომებს მისწორებს.” პუიოლმა თქვა: “ ფიზიკურად შესანიშნავ ფორმაშია. ის არის სწრაფი, მოძრავი, ძლიერი, ის მხეცივითაა! ის არაჩვეულებრივად თამაშობს ფეხბურთს, სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება.”  პედრომ განაცხადა: “აბი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, ვინც კი ოდესმე მინახავს. ძალიან რთულია, აჯობო მას ვარჯიშის დროს.” “აბიდალი არის თავად “შოუ”, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.”-ამბობს ჩავი. “ის ყველაფერს ბრწყინვალედ აკეთებს. ის სამაგალითოა იმის გამო, თუ რამდენი რამ გადაიტანა გასულ სეზონში. გასახდელ ოთახში ის ძალიან მხიარულია, მაგრამ ამავდროულად სულგრძელი და კეთილი. პლუს, ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია.”  “ყველაზე საოცარი ის არის, რომ იგი აბსოლუტურად არ შეცვლილა ავადმყოფობის შემდეგ. მას იგივე ენერგია აქვს, კვლავ კარგი ატმოსფერო შემოაქვს გასახდელში და იგივენაირად ძლიერია მოედანზე.” თავის მხრივ ალვეში ამტკიცებს: “აბი ჩემი შთაგონების წყაროა. მისით დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ, ოპერაციამდეც კი. ის ჩემი ერთ-ერთი მეგობარია, შესანიშნავი ადაიანია. პატივი მაქვს, ვიყო მისი მეგობარი და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება.”

 

2008 წლის სექტემბრის შემდეგ, რაც გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგის ორი თასი, სამი ლა ლიგა და ერთი კოპა დელ რეი, აბი კვლავ გვაკვირვებს. ადამიანს, რომელმაც გაყიდა ყველა თავისი მანქანა, როცა მას კიბო დაუდგინეს, რომ ფული საქველმოქმედო ფონდში ჩაერიცხა, “ბარსელონაში” დარჩენა სურს, მაგრამ ჯერ კიდევ არაა დარწმუნებული, დათანხმდება თუ არა შეთავაზებას. “არ მინდა ვინმე გავასულელო.” -თქვა მან. იგი ყოველ 15 დღეში ერთხელ სამედიცინო ტესტებს იკეთებს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მომავალს დადებითად უყურებს. “დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში