ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაპირისპირების შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” და “ვიქტორია პლზენის” მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს. ხოსეპ გვარდიოლამ და პაველ ვრბამ ისაუბრეს უშუალოდ მატჩზე და საერთოდ, ამ ტურნირზე.
პაველ ვრბა: “მართალია მესამე ტურის შემდეგ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა აშკარაა, რომ ჩვენს ჯგუფში პირველი ადგილისთვის “ბარსელონა” და “მილანი” იბრძვიან. “პლზენი” იბრძოლებს მესამე პოზიციის დასაკავებლად. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ მატჩს, ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავდით, რაც გამოწვეული იყო მოწინააღმდეგის მძიმე პრესინგის შედეგად. კატალონიელებმა ბევრი საგოლე შანსი ვერ გამოიყენეს, მაგრამ ჩვენც გვქონდა შესაძლებლობა მათი კარის აღების. საბოლოო ჯამში უკმაყოფილო ვარ, რადგან ნამდვილად შეგვეძლო უკეთესი შედეგის მიღწევა.”
ხოსეპ გვარდიოლა: “ჩვენ ძალიან ბევრჯერ დავარტყით მეტოქის კარში, თუმცა ბურთს არ სურდა ბადეს შეხებოდა. მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ კარგი თამაში ჩავატარეთ. ჩემი ფეხბურთელები საგონებელში ვარდებიან, როცა პირველ ტაიმში ვერ ახერხებენ ბევრი გოლის გატანას, მაგრამ შესვენებისას მათ ვუთხარი, რომ შესანიშნავად თამაშობდნენ და სანერვიულო არ იყო არაფერი. ასევე მინდა გამოვყო ანდრეს ინიესტა. იგი უნაკლოა და უდიდეს როლს ასრულებს “ბარსაში”. ანდრესი ბრწყინვალედ ასპარეზობს მოედანზე და გოლებსაც იტანს. გასულ სეზონში, როდესაც ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონი მოვიგეთ, მან ამ ყველაფერში ერთ–ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა.”



