ესპანური “ბარსელონა” უკვე დიდი ხანია ეძებს მცველებს. კატალონიელებმა ჯერ “მილანელთა” ფეხბურთელს, ტიაგო სილვას დაადგეს თვალი, ხოლო ახლა ისინი ლონდონის ჩელსის მარცხენა ფლანგელს, ეშლი კოულს აკვირდებიან. ინგლისური Daily Mirror-ის ცნობით “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა მზადაა 31 წლის მცველში 11 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს.
კოულმა ამ სეზონში “”ლურჯების”” რიგებში 9 შეხვედრა ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა. ასევე ორი სიტყვით გეტყვით მისი სრული კარიერის შესახებ. ეშლიმ ახალგაზრდობიდან “არსენალში” დაიწყო. იგი 1996 წლიდან 1997 წლამდე დუბლებში თამაშობდა, შემდეგ “კრისტალ პალასში” იქნა განათხოვრებული. 2000-ში “ჰაიბერიზე” დაბრუნებულმა ინგლისელმა 2006 წლამდე ღირსეულად დაიცვა “მეთოფეების” ღირსება და 156 მატჩში 8-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება, რაც მცველის კვალობაზე ცუდი შედეგი არ არის. ამის შემდეგ კოული ლონდონს არ გასცდა და ამჯერად “ჩელსიში” გადაბარგდა. მას დღემდე ლურჯი ფორმა აცვია და 156 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.

