“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ ანდრეს მესიმ განაცხადა, რომ კლუბში ცდილობენ, ყურადღება არ მიქაციონ “რეალის” მწვრთნელის მხრიდან გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებებს. მესიმ ასევე არგენტინის ნაკრებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ღმერთი მათ მუნდიალის მოგებაში დაეხმარებათ.
არგენტინელმა თავდამსხმელმა Fox Sport-ის გადაცემა Debate Final-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბარსაში” ცდილობენ “არ უპასუხონ მოურინიოს პროვოკაციებს”. ლეომ აღნიშნა: “ვცდილობთ, არ ავყვეთ, მაგრამ ხანდახან ეს ძალიან რთულია, ვინაიდან ის ისეთ რამეს ამბობს, წყობიდან გამოვდივართ.”
მესიმ ასევე ისაუბრა თუ რაოდენ კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ “ბარსაში” საქმეები კარგად მიდის. “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო “ბარსას” პირველ გუნდში თამაში. აქ ყალიბდები, როგორც ფეხბურთელი.”
ლეომ გაანალიზა არგენტინის ნაკრებში ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ არსებული მდგომარეობა. “ნულიდან დაწყება მარტივი არაა. ნაკრებში ძალიან ქვემოთ მიწევს ჩასვლა ბურთის მოსაპოვებლად. “ბარსაში” კი გაცილებით ახლოს ვარ მეტოქის კართან.”
მესიმ უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა მის წასვლას ნაკრებიდან. “არასდროს მიფიქრია ნაკრებიდან წასვლაზე. ვამაყობ იმით, რომ არგენტინელი ვარ და მსურს ამ გუნდში თამაში. ვიცი, რომ უფალი დაგვეხმარება მუნდიალის მოგებაში.”
