workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ფანკლუბების ფედერაცია ბარსელონას უჩივის

ბარსელონას ფანკლუბების ფედერაცია ბარსელონას უჩივის

ერთი შეხედვით უცნაური ამბავი კია – “ბარსელონას” საკუთარი გულშემატკივრები უჩივიან.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” ფანკლუბების მსოფლიო ფედერაციამ კლუბის წინააღმდეგ საჩივრის შეტანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი ჟოან ლაპორტას დირექტორთა საბჭოს ფედერაციისადმი დამოკიდებულებაა.

რა არის ფანკლუბების მსოფლიო ფედერაცია?

“ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბები ტერიტორიული ნიშნით არიან დაყოფილნი. სულ არსებობს 30 ზონა, აქედან 29 ზონა კატალონიასა და დანარჩენ ესპანეთს მოიცავს, ხოლო 30-ე ზონა დანარჩენ მსოფლიოს. იმისათვის, რომ 30-ე ზონის ათასზე მეტ ფანკლუბს “ბარსელონასთან” კომუნიკაცია გაუადვილდეს, ცალკე შეიქმნა “ბარსელონას” მსოფლიო ფანკლუბების ფედერაცია (2016 წელს). ამ ფედერაციაში შედის ჩვენი ფანკლუბიც. ყველა ზონა კი “ბარსელონას” მსოფლიო ფანკლუბების კონფედერაციაში ერთიანდება, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. კონფედერაცია კლუბისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, მის საქმიანობას ფანკლუბები თავად უზრუნველყოფენ, თავად ირჩევენ პრეზიდენტსა და დირექტორთა საბჭოს.

რატომ შეიქმნა პრობლემა?

პრეზიდენტად არჩევიდან მალევე ლაპორტამ კონფედერაციასთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. კონფედერაცია ამას არ დაეთანხმა, რადგან მისი სტატუსი კლუბის წესდებაშია გათვალისწინებული და ურთიერთობის გაწყვეტისთვის წესდების შეცვლა იყო საჭირო. კონფედერაცია მუშაობას განაგრძობდა, კლუბი კი მას არ აღიარებდა.

გასულ წელს გამართულ კლუბის წევრების ყრილობაზე “ბარსელონამ” განსახილველ საკითხად წესდების იმ პუნქტის შეცვლა გამოიტანა, რომელიც კონფედერაციის არსებობას შეეხებოდა. ცვლილება ჩავარდა – კლუბის წევრებმა კონფედერაციასთან კავშირის გაწყვეტაზე უარი თქვეს.

ამის მიუხედავად რამდენიმე დღის წინ “ბარსელონამ” ოფიციალურ ფანკლუბებს დაგვიგზავნა წერილი, რომლითაც ფანკლუბების საქმიანობის ახალი რეგულაციები გაგვაცნო. ახალ რეგულაციებში კონფედერაცია გათვალისწინებული აღარაა და ფანკლუბები პირდაპირ “ბარსელონასთან” თანამშრომლობენ.

რამდენიმე საათის წინ კი ფედერაციამ ფანკლუბებს დაგვიგზავნა წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ ეს ორგანიზაცია “ბარსელონას” წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მეტი დეტალი ცნობილი მარტის დასაწყისში, Zoom-ში გასამართ ყრილობაზე გახდება.

რას ერჩის ლაპორტა კონფედერაციას?

რამდენიმე წელია, კონფედერაციის საქმიანობა ეჭვებს ბადებს. ბოლო წლებში ფანკლუბებს შორისაც კი არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, რამაც გამოიწვია ის, რომ გასულ წელს გამართული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. აშკარა იყო, რომ ფანკლუბები ორ ბანაკად გაიყო. დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი კონფედერაციისთვის “ბარსელონას” მიერ გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდება იყო. კონფედერაციის განმარტებით თანხის დიდი ნაწილი, თითქმის ნახევარი გადასახადებში წავიდა, მაგრამ ეჭვს ის იწვევდა, რომ ორგანიზაცია არასამეწარმეო იურიდიული პირია, რომელიც, წესით, ამდენ  გადასახადს არ უნდა იხდიდეს.

არსებობს ეჭვები, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუს პრეზიდენტობის დროს “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მისადმი ლოიალურად განწყობილ ჟურნალისტებს ფულს ფანკლუბების მსოფლიო ფედერაციის გავლით უხდიდა. ფედერაციის ხელმძღვანელობა დღემდე ბართომეუსთან ასოცირდება. იყო ასეთი შემთხვევაც – “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნების დროს ფედერაციის სახელით ფანკლუბებს დაეგზავნათ წერილი, რომლითაც არჩევნებში ბართომეუს დირექტორთა საბჭოს წევრის, ტონი ფრეიშას მხარდაჭერისკენ მოგვიწოდებდნენ. მალევე ოფიციალური განცხადება გაკეთდა და მომხდარი კონფედერაციამ მსგავსი წერილის საკუთარი ნებით დაგზავნა უარყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • barcaman
    schedule 15 თებ 2022, 14:59

    ციტატა: azulgerana
    არ ვიცი მანდ რა მაფიაა მაგრამ წესით ფან კლუბი ფულს სხვა გზებით უნდა გამოიმუშავებდეს და არა კლუბისგან. კლუბს შეუძლია დაეხმაროს სტადიონზე დასწრებაში. ჩემი აზრით თორე არ ვიცი რა ხდება სინამდვილეში როგორ კეთდება ეს საქმე. თუმცა ეს საიტი რომ გვჭირდება ფაქტია და ფინანსებიც რომ სჭირდება საიტის მართვას ესეც ნათელია დასაქართველოში მითუმეტეს საჭიროა ფინანსები წინააღმდეგ შემთხვევაში საიტი აჭრელდება ვირუსული სარეკლამო ბანერებით რაც დამეთანხმებით და ძალიან არასასიამოვნო იქნება. იმედია ჩვენ საიტს ზიანი არ მიადგება არა? 😁


    ფანკლუბები, მათ შორის ჩვენი საიტიც კლუბისგან არ ფინანსდება. პირიქით, იქით ვუხდით ფულს.
    ფინანსდება კონფედერაცია, რომელიც ამ თანხას სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში ხარჯავს.
    ჩვენს საიტს არაფერი ემუქრება relieved

  • nika 54
    schedule 15 თებ 2022, 13:41

    ნამდვილად ბართომეუს დარჩენილი ნაღმები ფეთქდება აქა იქ.

  • cruyff9
    schedule 14 თებ 2022, 13:44

    რა მაგარი კაცია ლაპოოო😍😍

  • azulgerana
    schedule 14 თებ 2022, 13:42

    არ ვიცი მანდ რა მაფიაა მაგრამ წესით ფან კლუბი ფულს სხვა გზებით უნდა გამოიმუშავებდეს და არა კლუბისგან. კლუბს შეუძლია დაეხმაროს სტადიონზე დასწრებაში. ჩემი აზრით თორე არ ვიცი რა ხდება სინამდვილეში როგორ კეთდება ეს საქმე. თუმცა ეს საიტი რომ გვჭირდება ფაქტია და ფინანსებიც რომ სჭირდება საიტის მართვას ესეც ნათელია დასაქართველოში მითუმეტეს საჭიროა ფინანსები წინააღმდეგ შემთხვევაში საიტი აჭრელდება ვირუსული სარეკლამო ბანერებით რაც დამეთანხმებით და ძალიან არასასიამოვნო იქნება. იმედია ჩვენ საიტს ზიანი არ მიადგება არა? 😁

  • me da barca
    schedule 14 თებ 2022, 13:19

    ბართო რასაც შეეხო ყველაფერი დაალპო

  • njanka1977
    schedule 14 თებ 2022, 13:13

    ძალიანაც კარგი. ზედმეტი ბიუროკრატიაა, ზედმეტი წნეხია კლუბზე… ალბათ ითვალისწინებენ, სულელი ფანების საერთო, ჯოგურ მოთხოვნებს, დემბუზას, კოუს და ვიღაც ვირიშვილების ყიდვის თაობაზე და მოგეხსენებათ 100 ათასი კაცის ტვინი რომ გააერთიანო – ვირის ტვინზე ოდნავ მეტს მივიღებთ. ასე დაგვემართა ჩვენც… ფაქტია რასაც ამ საიტზე ითხოვდნენ, უმეტესობას ასრულებდა კლუბის დირექტორატი და რა შედეგიც მივიღეთ კი გამოჩნდა… 😏

  • Barca_MNS
    schedule 14 თებ 2022, 13:13

    მესმის ღონისძიებებია საჭირო და ა.შ მაგრამ ფანს დიდად არ ჭირსება ფედერაცია, საკუთარი კლუბის გულშეატკივრობისთვის კლუბისგან ფული რა ჯანდაბად მინდა

  • Andria
    schedule 14 თებ 2022, 12:25

    ყველაფერს რო ცუდს სპობს მაგიტომ ? ლაპორტა კლუბისთვის ცუდს არაფერს გააკეთებს

  • gecheche
    schedule 14 თებ 2022, 12:01

    ეს ბართომეუ აღარაა პრეზიდენტი და მაინც პრობლემებს ქმნის