workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ოფიციალური განცხადება სუპერ ლიგასთან დაკავშირებით

“ბარსელონას” ოფიციალური განცხადება სუპერ ლიგასთან დაკავშირებით

UEFA-ს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სუპერ ლიგის 9 დამფუძნებელ კლუბს მძიმე სანქციები არ ეხება, დანარჩენი სამის (“რეალი”, “ბარსელონა” და “იუვენტუსი”) ბედი კი ჯერ ისევ უცნობია, “ბარსელონა” ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. 

კლუბი წერს:

I) სუპერ ლიგის დამფუძნებელი კლუბები იღებდნენ და ამჟამადაც იღებენ მუქარას, ზეწოლასა და შეურაცხყოფას მესამე პირებისგან იმ მიზნით, რომ პროექტი დატოვონ და ამასთან ერთად, ფეხბურთის ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობის უფლება მოესპოთ. ეს უკანონოა და სასამართლოს მიერ სუპერ ლიგის სასარგებლოდ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რაც FIFA-სა და UEFA-ს ავალდებულებს, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზებით კლუბების ინიციატივის განხორციელებისთვის ხელის შეშლისგან თავი შეიკავოს იქამდე, სანამ საკითხზე სასამართლო მუშაობს. 

II) სუპერ ლიგის პროექტი ერთობლივადაა შექმნილი 12 კლუბის მიერ:

  • იმისთვის, რომ საფეხბურთო ინდუსტრიის არამდგრადი სიტუაცია გამოსწორდეს. ამჟამინდელი სოციო-ეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინებით, სტრუქტურული რეფორმების გატარება აუცილებელია, რათა სპორტის ეს სახეობა გადარჩეს და მაყურებლისთვის მიმზიდველი დარჩეს. 18 აპრილს კლუბებმა განაცხადეს თავისი სურვილის შესახებ, რომ სუპერ ლიგის დაარსებასთან ერთად UEFA-სა და FIFA-სთან მოლაპარაკების პლატფორმა შექმნილიყო, რომლის საშუალებითაც სამომავლო გადაწყვეტილებები თანამშრომლობის საფუძველზე იქნებოდა მიღებული.

  • მსოფლიო ფეხბურთის ახლანდელი სტრუქტურისა და ეკოსისტემისადმი სრული პატივისცემით. დამფუძნებელი კლუბები ღიად შეთანხმდნენ იმაზე, რომ სუპერ ლიგა შედგებოდა იმ შემთხვევაში, თუ ტურნირი FIFA-სა და UEFA-ს მიერ ოფიციალურ აღიარებას მოიპოვებდა. თუმცა, მათი მხრიდან ადეკვატური მოლაპარაკებებისა და პირობების გაცნობის საშუალება არ მოგვეცა. 

  • იმისთვის, რომ ევროპული ფეხბურთის ერთიან ოჯახს, რომელიც მძიმე კრიზისს განიცდის, რაც არაერთი კლუბის არსებობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, ფინანსური სტაბილურობა მოუტანოს. ამის გარანტი იყო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შეიქმნებოდა ყოველწლიური სოლიდარობის გადასახადები. 

III) 12-მა დამფუძნებელმა კლუბმა გააცნობიერა, რომ სუპერ ლიგა იყო უნიკალური შესაძლებლობა, ფეხბურთის თითოეული ქომაგისთვის საუკეთესო შოუ შეეთავაზებინა, რაც ფეხბურთის მიმართ გლობალურ დამოკიდებულებას გააუმჯობესებდა. ამასთან ერთად, იგეგმებოდა ქალთა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა, რასაც დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ სათანადო ყურადღება არ ეთმობა. 

IV) გაანალიზებული გვაქვს რეაქცია, რაც ინიციატივას მოჰყვა და მზად ვართ, ჩვენი მიდგომების ნაწილი ხელახლა განვიხილოთ და განსხვავებული პირობები მივიღოთ. იმ სისტემური კრიზისის და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, რამაც თავდაპირველად იდეამდე მიგვიყვანა, ჩვენი მხრიდან არასწორი იქნებოდა, პროექტთან ერთად სრულად დაგვევიწყებინა ჩვენი მისია, რაც სპორტის ამ სახეობის განვითარების ეფექტური და სტაბილური გზების მოძიებას გულისხმობს. 

V) დამწუხრებული ვართ იმის გამო, რომ ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორმა კლუბებმა UEFA-ს გუშინდელ დოკუმენტს ხელი მოაწერეს და შედეგად აღმოჩნდნენ პოზიციაში, სადაც თავიანთივე მოსაზრებებს ეწინააღმდეგებიან. UEFA-ს მხრიდან უსამართლო ზეწოლისა და მუქარის მიუხედავად, არ უგულებელვყოფთ იმ გამოწვევებს, რამაც 12 კლუბი პროექტის შექმნამდე მიიყვანა, არ ვივიწყებთ მოვალეობებს, რომლებიც გულშემატკივრების წინაშე გვეკისრება და მზად ვართ, სიტუაციიდან ადეკვატური გამოსავლის ძიება განვაგრძოთ. 

VI) UEFA-ს, FIFA-სა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს ხელახლა ვუმეორებთ იმას, რაც სუპერ ლიგის დაანონსების შემდეგ არაერთხელ განვაცხადეთ: ურთიერთპატივისცემისა და დისკუსიისთვის მზაობის პირობებში, ზეწოლის გარეშე, ჩვენი სურვილი, რომ დისკუსიის საფუძველზე სამომავლო განვითარებისთვის კანონის შესაბამისი საუკეთესო გზები მოიძებნოს, უცვლელი რჩება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში